ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

დეზინფორმაცია: იემენში აშშ-მა ქოლერა გაავრცელა

21 აგვისტო, 2017

2017 წლის 9 აგვისტოს ონლაინ გამოცემა Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ბიოლოგიური ომი: აშშ ქოლერას იემენის მცხოვრებთა დასახოცად იყენებს“. სტატიის ავტორი „გლობალური კვლევის“ (Global Research) მასალზე დაყრდნობით ამტკიცებს, თითქოს აშშ ქოლერას იემენის მოსახლეობის დასახოცად იყენებს.

ლუკა მაისურაძე: „იემენში აშშ განაგრძობს მხარდაჭერასა და მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში და აშშ-ის კონგრესი, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგ არ გამოდის. როგორც ჩანს, განზრახ ავრცელებენ ტოქსინს, რომელიც, ძირითადად, აზიანებს ბავშვებს. თუ მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, ქოლერა ადამიანს რამდენიმე დღეში კლავს.“

აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან იემენში ქოლერა ჯანდაცვის, წყლისა და სანიტარული სისტემების მოშლამ გამოიწვია, ხოლო საომარი მოქმედების გამწვავებიდან ანუ 2015 წლიდან აშშ-მა თითქმის მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია იემენს სწორედ ამ და სხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად.

  • UNICEF-სა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით იემენში ქოლერა გამოწვეულია ჯანდაცვის, წყლისა და სანიტარული სისტემების მოშლით

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკისა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) აღმასრულებელი დირექტორის დოქტორ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იემენში ქოლერის გავრცელება გამოწვეულია ჯანდაცვის, წყლისა და სანიტარული სისტემების მოშლითა და გაუმართავობით.

  • 2015 წლიდან აშშ-მა იემენს თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დამხარება გაუწია

2015 წლიდან იემენში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჰუთისებს (ჰუსიტები) შორის დაპირისპირების გამწვავებიდან აშშ-მა იემენს სხვადასხვა სახის სოციალურ, ეკონონომიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემებთან გასამკლავებლად მილიარდი დოლარის ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. 2016-17 წლებში აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხის უმეტესი წილი სწორედ ქოლერის საწინააღმდეგოდ ბრძოლასა და ჯანდაცვის, წყლისა და სანიტარული სისტემების აღდგენას ხმარდება.

აშშ-ის მიერ იმენესთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დამხარება 2015-17 წლებში

""

წყარო: www.usaid.gov (წლების მიხედვით: 2015, 2016, 2017)


„გლობალური კვლევის“ (Global Research) შესახებ

„გლობალური კვლევა“ (Global Research) დაარსდა 2001 წლის 9 სექტემბერს. „გლობალური კვლევის“ (Global Research) პუბლიკაციები აგებულია კონსპირაციულ თეორიებზე და იგი ხშირად ხდება „რია ნოვოსტის“ პირველი და ერთადერთი წყარო სხვადასხვა ინფორმაციის გაშუქებისას. ორგანიზაციის დამფუძნებელია მიშელ ჩოსუდოვსკი, რომელიც დღემდე რჩება მის ხელმძღვანელად. ჩოსუდოვსკი იზიარებს 9/11-ის ტერაქტის შესახებ არსებულ კონსპირაციულ თეორიებს.

იემენის კრიზისის შესახებ

2011 წელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე “არაბული გაზაფხულის” ფონზე, იემენში დაიწყო დემონსტრაციები იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას 1990 წლიდან მართავდა. 2011 წლის ნოემბერში სალეჰმა ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ აბდრაბუჰ მანსურ ჰადის გადასცა. პოლიტიკურმა ტრანზიციამ და იემენის წინაშე მდგარმა გამოწვევებმა შესაძლებლობა მისცა ზაიდი შიიტურ ამბოხებულთა ჯგუფს - ჰუთისებს (ჰუსიტები) დაეწყოთ აჯანყება მთავრობის წინააღმეგ, რომელიც დღესაც გრძელდება.


მოამზადა გიორგი რევიშვილმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია