სხვადასხვა

დეზინფორმაცია: ავსტრიაში ჯორჯ სოროსი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს

28 ნოემბერი, 2017

2017 წლის 25 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “განხსხვავებულ აქცენტებში”  საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ ავსტრიაში ჯორჯ სოროსი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

გიორგი ანდრიაძე: “თქვენ თუ იცით, ავსტრიაში რა პროცესი მოხდა ცოტა ხნის წინ?…. ჯორჯ სოროსი რამდენ ქვეყანაში გამოაცხადეს პერსონა ნონ-გრატად, თუ იცით, მაინტერესებს რა?….. რომელ ქვეყანაში მოსწონთ ჯორჯ სოროსი?... თქვენ თუ იცით, რომ ავსტრიაშიც იგივე პრობლემა შეექმნა და ყველა ევროპულ ქვეყანაში?”

აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. ავსტრიაში ჯორჯ სოროსის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით გამოგონილი ინფორმაციის პირველწყარო ვებ-გვერდი yournewswire.com-ია.

დეზინფორმაცია

ინფორმაცია, თითქოს ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერმა სებასტიან კურცმა ავსტრიაში ჯორჯ სოროსის ფონდ “ღია საზოგადოებას” საქმიანობა აუკრძალა, 2017 წლის 19 ოქტომბერს ვებ-გვერდმა yournewswire.com-მა, სათაურით “მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ავსტრიაში ჯორჯ სოროსის ფონდს კრძალავს”, გამოაქვეყნა.
Yournewswire.com-ის მტკიცებით, სებასტიან კურცმა ფონდს ავსტრიაში საქმიანობის შეწყვეტისთვის 28 დღიანი ვადა მისცა, რისი ამოწურვის შემდეგაც ფონდის წინააღმდეგ “ერის დემოკრატიის დასუსტების მცდელობის” ბრალდებით სამართლებრივი საქმე დაიწყებოდა. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, თითქოს სებასტიან კურცმა ჯორჯ სოროსს კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა უწოდა.

სტატია მთლიანად გამოგონილია და არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს.

"

რეალური ფაქტები

ფაქტი#1: ავსტრიის მოქმედი კანცლერი კრისტიან კერნია. ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად სებასტიან კურცს არ შეუძლია რომელიმე ორგანიზაციის ამკრძალავი ბრძანება გამოსცეს.

ფაქტი#2: ფონდ “ღია საზოგადოებას” ავსტრიაში წარმომადგენლობა საერთოდ არ გააჩნია, შესაბამისად არარსებული ოფისის ოპერირებას სებასტიან კურციც კი ვერ აკრძალავდა.

ფაქტი#3: ამერიკული Politifact.com-ის მიხედვით, სებასტიან კურცის მიერ ჯორჯ სოროსზე და ფონდ “ღია საზოგადოებაზე” გაკეთებეული მსგავსი განცხადებებები ან კომენტარები არ იძებნება.

Yournewswire.com-ის სტატიის იდენტური დეზინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა

 

მედიასაშუალება

სათაური
Pravda.ru ევროპა სოროსის ფონდს სუვერენიტეტის ხელყოფისთვის აძევებს (“Европа изгоняет фонд Сороса за разрушение суверенитетов”)
Vesti.lv ავსტრია სოროსის ფონდს აძევებს “Австрия выгоняет Фонд Сороса”
Warandpeace.ru (ВОЙНА и МИР) ავსტრია სოროსის ფონდს აძევებს “Австрия выгоняет Фонд Сороса”
Kramtp.info ავსტრია სოროსის ფონდს აძევებს “Австрия выгоняет Фонд Сороса”
новости-мира.ru-an.info “ავსტრია სოროსის ფონდს სირცხვილით აძევებს” Австрия выгоняет Фонд Сороса из страны с позором

Yournewswire.com-ის შესახებ

Yournewswire.com ძირითადად ყალბ და გამოგონილ ამბებს, ასევე შეთქმულების თეორიებს აქვეყნებს. ვებ-გვერდის სლოგანია: “ახალი ამბავი, რომელიც გჭირდება და ახალი ამბავი, რომელსაც სხვა არ ავრცელებს”.

მითები ჯორჯ სოროსის შესახებ

ჯორჯ სოროსი ხშირად შეთქმულების თეორიების ობიექტი არის. სოროსზე გავრცელებულ მითების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა.