ევროინტეგრაცია

დეზინფორმაცია: ასოცირების შეთანხმების გაფორმების გამო ალბანეთის ეკონომიკა გაუარესდა

4 ივლისი, 2017

2017 წლის 9 ივნისს ფეისბუკ გვერდმა Politicano გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ალბანეთის ეკონომიკას ეხებოდა. პოლიტიკანოს მტკიცებით, ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ალბანეთის ეკონომიკა მკვეთრად გაუარესდა.

Politicano: “ალბანეთის და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება 2009 წელს შევიდა ძალაში. მას შემდეგ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხივრები მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა (2009 წელს - 12.4%, 2012 წელს - 14.3%). ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ დაფიქსირდა უპრეცენდენტო ფაქტი - ალბანეთის ეკონომიკა შემცირდა (2008 წელს - $12.8 მილიარდი, 2015 წელს - $11.4 მილიარდი)”.

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან 2008-2009 წლებში ალბანეთის ეკონომიკის შემცირება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. ამ კრიზისმა გავლენა არა მხოლოდ ალბანეთის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკაზე იქონია. კრიზისის მიუხედავად, ალბანეთის მშპ სტაბილურად იზრდება ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა.
ალბანეთში 50 წლიანი კომუნისტური მმართველოს დასრულების შემდეგ, ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. 2009 წლის 16 ნოემბერს დაიწყო მზადება ალბანეთისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც 2014 წლის 23 ივნისს დასრულდა იმით, რომ ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ განაცხადა მზადყოფნა, მიეცა ალბანეთისათვის ევროკავშირის წევრობაზე გარანტია.

რეალური ფაქტი N1:  2009 წელს ალბანეთის ეკონომიკაზე გავლენა 2008 წლის გლობალურმა კრიზისმა იქონია

2007-2008 წლებში არსებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა არა მხოლოდ ალბანეთის, არამედ სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც იქონია. WallStreet-ის შეფასებით, აღნიშნული კრიზისი 30-იანი წლების “დიდი დეპრესიის” შემდეგ ყველაზე მძიმე იყო და განპირობებული იყო ჯერ უძრავ ქონებაზე ფასების საგრძნობი კლებით, ხოლო შემდეგ საბანკო და საფინანსო სექტორის კრახით.

ალბანეთისთვის პრობლემური საკითხი იყო მონოპლიური საბანკო გარემო, რამაც მსოფლიო მასშტაბის კრიზისის ფონზე ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას შეუწყო ხელი.

რეალური ფაქტი N2: კრიზისის მიუხედავად ალბანეთის მშპ შეუქცევადად იზრდებოდა

კრიზისის მიუხედავათ, ალბანეთის მშპ-ს ზრდა 2000 წლიდან მოყოლებული შეუქცევადი პროცესი იყო. ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით, ალბანეთის მშპ-მა 2-ჯერ განიცადა ნახტომისებრი ზრდა: 1-ელ შემთხვევაში ასორიცრების ხელშეკრულების პერიოდში, 2009-2010 წელს, როდესაც დახლოებით 26 მილიარდიდან 28-მდე გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევა დაფიქსირდა 2013-2014 წლებში 30 მილიარდიდან 32 მილიარდამდე.

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მშპ-ს ზრდის სწრაფი ტემპები ახასიათებთ, რაც მთლიანად რეგიონზე სასიკეთოდ აისახება , ამ მხრივ კი ალბანეთი გამორჩეულია.

წყარო: მსოფლიო ბანკი

რეალური ფაქტი N3: ინფლაციის მაჩვენებელი ალბანეთში სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა

გასული ათწლეულის განმავლობაში ალბანეთში ორჯერ დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელი და ორივე შემთხვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე იყო, პირველი ეს იყო 2008 წელს, ზემოხსენებული მსოფლიო კრიზისის დროს, ხოლო მეორე 2010 წელს. ამის შემდეგ ალბანეთის ხელისუფლება ცდილობს ინფლაციის მაჩვენებლის დასტაბილურებას, რის შედეგადაც 2013 წლის დასაწყიდისდან (2012 წლის მეორე ნახევრიდან) დღემდე ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს არ აცილებულა. 

რეალური ფაქტი 4: 2008-09 წლების კრიზისის შემდეგ ალბანეთში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა თანმიმდევრულად იზრდება

ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი დადებითი გავლენა დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდაა. 2008-09 წლების კრიზისის შემდეგ, როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო. მართალია, 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში მცირე კლება შეიმჩნევა, მაგრამ 2014 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დასაქმებულთა რაოდენობა თანმიმდევრულად იზრდება.

რეალური ფაქტი 5:  2015-16 წლებში ალბანეთში უმუშევართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო

უმუშევრობასთან ბრძოლა მსოფლიო კრიზისის შემდეგ ალბანეთისათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა, რომელიც ბოლო წლებში ქვეყნისათვის სასიკეთო მიმართულებით მიმდინარეობს. უმუშევარი ადამიანების რაოდენობა, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ ნიშნულზე იყო, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად დაძლევადი გახდა.

"

 

იხ. ინფოგრაფიკა

 


მოამზადა რაფიელ კაკაბაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია