ეკონომიკა

დეზინფორმაცია ამერიკული სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელების შესახებ

20 სექტემბერი, 2017

საქინფორმის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, გაზეთ ასავალ-დასავალის 4-10 სექტემბრის გამოშვებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ და ნატო საქართველოს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 500 წყვილი იაფფასიანი ფეხსაცმლით დაეხმარნენ, რომლითაც ამერიკელები უპატრონო მიცვალებულებს მარხავენ.  არნო ხიდირბეგიშვილის თქმით,  სწორედ ამიტომ, საქართველოს ყველა უბედურებაში რუსეთის დადანაშაულების ნაცვლად, რომელიც მზად იყო ხანძარი ელვის სისწრაფით ჩაექრო,  უფრო ლოგიკურია ცეცხლის გაჩენაში ეჭვი აშშ-სა და ნატოზე მივიტანოთ.

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმი: „რაც შეეხება საქართველოს ყველა უბედურებაში ტრადიციულად რუსეთის დადანაშაულებას, რომელიც მზად იყო, ხანძარი ელვის სისწრაფით ჩაექრო, ეს ჩვეულებრივი პიარ-ილეთია პრინციპით — „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“. აკი, ნაციონალებმა მშვენივრად იციან, რომ ადრე თუ გვიან მათ მაინც ამხელენ. თუ ასეა, უფრო ლოგიკურია, ცეცხლის გაჩენაში ეჭვი აშშ-სა და ნატო-ზე მივიტანოთ, იმიტომ, რომ ისინი საქართველოს არაფრით დახმარებიან 500 წყვილი იაფფასიანი ფეხსაცმლის გარდა, რომლითაც ამერიკელები, თურმე, უპატრონო მიცვალებულებს მარხავენ...“

არნო ხიდირბეგიშვილის განცხადება, თითქოს საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული 500 წყვილი ხანძარსაწინააღმდეგო ფეხსაცმელებით ამერიკელები უპატრონო მიცვალებულებს მარხავენ სიცრუეა. აშშ-ის მთავრობამ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველებს 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი სააგენტოს თხოვნის პასუხად გადასცა. ამასთან, ფეხსაცმელები საქართველოში, სპეციალური ძალების ყოფილი წევრის მიერ საბრძოლო სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა . ტყავის სპეცფეხსაცმელები 300 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას უძლებს და ბასრი ნივთების შეღწევისგან იცავს ფეხს.

რეალური ფაქტები

26 აგვისტოს, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თხოვნის პასუხად, სააგენტოს მეხანძრე - მაშველებს 65 000 ლარის ღირებულების 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად.  ფეხსაცმელები  საქართველოში, სპეციალური ძალების ყოფილი წევრის მიერ შემუშავდა და ისინი საბრძოლო სპეციფიკასაა მორგებული. ტყავის სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ფეხსაცმელები აღჭურვილია კაუჩუკის ლანჩით, რომელიც 300 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას უძლებს და ბოჭკოვანი შიგჩასაფენი რათა ფეხი ბასრი ნივთების შეღწევისაგან დაიცვას (შუშის ნამსხვრევები, ბასრი საგნები).

"

ფოტო: შსს

გარდა ამისა, 2017 წლის 15 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში აშშ-ის სატყეო სერვისების გუნდის ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებენ. გუნდი შეაფასებს ზიანს და გაწერს რეაბილიტაციის გეგმას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიადაგის ეროზია, მეწყერი, ღვარცოფი და ტყის ხელახალი ზრდისთვის ნიადაგი შენარჩუნდეს. ამგვარი ჯგუფები აშშ-ში დიდი მასშტაბის ხანძრების შემდეგ გამოწვეული ზარალის შეფასების და რეაბილიტაციის მიზნით იქმნება, რათა მოხდეს სიცოცხლისა და საკუთრების შემდგომი დაკარგვის პრევენცია და შემცირდეს ბუნებრივი რესურსებისთვის მიყენებული ზიანი.

"
ფოტო: აშშ-ის სატყეო სერვისების გუნდი

აშშ-ის მთავრობა საქართველოს ცეცხლის მართვის სფეროში არაერთხელ დაეხმარა:

  • 2017 წლის ივნისში, აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 127 000 დოლარის ღირებულების ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა გადასცა.  აღჭურვილობა მოიცავდა გენერატორებს, ხანძარსაწინააღმდეგო ხელსაწყოებს, მეხანძრის ხელთათმანებს, ჩაფხუტებს, შარვლებს და ქურთუკებს.
  • 2015 წელს აშშ-ის მთავრობამ ცეცხლის მართვისა და კატასტროფების რეაგირების საკითხებზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი დაააფინანსა.

მოამზადა დალი ქურდაძემ

პროფილები:

ტეგები: