2017 წლის 19 ივნისს, რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ “Колокол России” გაამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, ახალი, 89-ე კანონის მიხედვით, კანადაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ნეგატიურად განწყობილ ოჯახებს ბავშვები ჩამოერთმევათ.
Колокол России: “ ამა წლის ივნისის დასაწყისში, ონტარიოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მშობლებს, რომლებიც არატრადიციულ ქორწინებასა და გენდერულ იდეოლოგიას აკრიტიკებენ, ბავშვი ჩამოერთმევათ.”
Колокол России-ის მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა , რადგან 89-ე კანონპროექტი ლგბტ წყვილების ქორწინების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოჯახებისათვის ბავშვის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.
ბავშვების ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდასაჭერი 89-ე კანონპროექტის მეხუთე ნაწილის 74-ე მუხლის თანახმად, ბავშვი ოჯახს იმ შემთხვევაში ტოვებს თუ:
- თუ ბავშვი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია;
- თუ ბავშვი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშაა;
- თუ ოჯახი საქმის კურსშია, რომ ბავშვი სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და სათანადო ზომებს არ იღებს;
- თუ ბავშვს აღენიშნება მკვეთრად გამოხატული დეპრესია, თვით-დესტრუქციული ქცევა, აგრესია;
- თუ ბავშვის მშობლები გარდაცვლილები არიან და ბავშვის მოვლის საკითხი უზრუნველყოფილი არ არის;
- თუ მშობლების უყურადღებობის გამო ან მათი წახალისებით, 12 წლამდე ასაკის ბავშვი სხვა ადამიანს ან მის საკუთრებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
აღნიშნული კანონი ლგბტ წყვილების ქორწინების საკითხებს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, Колокол России-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
მითების დეტექტორის ლაბორატორია