სხვადასხვა

Deepfake დედოფალი ალტერნატიულ საშობაო მილოცვას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2020

ctvnews.ca-ს მიხედვით

25 დეკემბერს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა დედოფალმა ელიზაბეტმა ბრიტანული მაუწყებლის Channel 4-ის ეკრანზე იცეკვა და სიტყვითაც გამოვიდა. აღნიშნული ვიდეო ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენდა, ხოლო ნამდვილი დედოფალი ტრადიციულად, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება, საშობაო მილოცვით უინძორის სასახლიდან ჩაერთო.

Channel 4-მა დედოფლის ყალბი ვიდეო 25 დეკემბერს, დღის 3 საათზე გაუშვა. დედოფლის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული და მას მსახიობი ახმოვანებდა. “ალტერნატიული საშობაო გზავნილი ალტერნატიული წლისთვის” ასეთი აღწერა გაუკეთა Channel 4-მა Deepfake ვიდეოს youtube არხზე.

1
კადრი Deepfake ვიდეოდან

1
რეალური ფოტო 2020 წლის 25 დეკემბერს უინძორის სასახლიდან

Channel 4-ის ვიდეოში დედოფალი ელიზაბეტი პირად თემებზეც საუბრობს, Deepfake მონარქი განიხილავს პრინცი ჰარისა და მისი მეუღლე მეგანის გადასვლას ჩრდილოეთ ამერიკაში, რაზეც აცხადებს: “ცოტა რამ არის იმაზე უფრო გულსატკენი, ვიდრე ის, როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ კანადელების კომპანიონობა ურჩევნია.”

ვიდეოში დედოფალი TikTok-ის ცეკვის რუტინასაც ასრულებს.

https://www.youtube.com/watch?v=IvY-Abd2FfM 

როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, ვიდეო შეიქმნა იმისათვის, რომ მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე და ციფრულ ხანაში ყალბი ამბების გავრცელების შესაძლებლობაზე გაგვაფრთხილოს.

“Deepfake ტექნოლოგია არის ახალი საშიში ფრონტის ხაზი მისინფორმაციასა და სიმართლეს შორის ბრძოლაში” - განაცხადა Channel 4-ის პროგრამების დირექტორმა იან კატცმა. მისი თქმით, ამ წლის ალტერნატიული საშობაო მიმართვა, რომელიც ყველასთვის ცნობილი და სანდო პიროვნების მიერ გაკეთდა, გვახსენებს, რომ საკუთარი თვალების ნდობა აღარ შეგვიძლია.

განსხვავებულად ფიქრობს სემ გრეგორი, WITNESS-ის პროგრამის დირექტორი. მისი აზრით, deepfake ტექნოლოგიისგან წამოსულ საფრთხეზე საუბარი გადაჭარბებულია.  სემ გრეგორიმ ტვიტერზე დაწერა, რომ Deepfake-ების შესახებ შფოთვა ამჟამად უფრო დიდ ყურადღებას აქცევს იდეალური პოლიტიკური Deepfake-ების ჰიპოთეტურ საფრთხეს, ვიდრე რეალურ საფრთხეებს. WITNESS არის ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს გარშემო აქტივისტებს ვიდეოს უსაფრთხო გამოყენების მიმართულებით ატრენინგებს. 

ნამდვილ საშობაო გზავნილში დედოფალმა პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წუხს იმ ოჯახებზე, ვინც კორონავირუსის შეზღუდვების გამო შობის ერთად აღნიშვნა ვერ მოახერხა.