დავით ისაკაძე COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

70
VIEWS

8 თებერვალს ფეისბუქ-პროფილმა Barbare Manjavidze-მ ფეისბუქსა და იუთუბზე “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ)” დეკანოზ დავით ისაკაძის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. ისაკაძის მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო არაა და ამის დასტურად სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავს.

;

დავით ისაკაძის თქმით:

  1. შესაძლოა, ვაქცინაში RFID ჩიპი ჩაიდოს, რაც ჯანდაცვის წარმომადგენლებს ადამიანების თვალთვალში დაეხმარება;
  2. ფარმაცევტულმა კომპანია მერკმა ვაქცინებზე მუშაობა შეწყვიტა, რადგან მიაჩნია, რომ ვაქცინაციით მიღებული შედეგი უფრო დაბალი დაცვის დონეს იძლევა, ვიდრე ბუნებრივი ინფიცირებით გამომუშავებული იმუნიტეტი;
  3. ფაიზერის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ იედონმა ვაქცინების საჭიროება კატეგორიულად უარყო;
  4. გაზეთები Telegraph-ი და The Washington Post-ი წერდნენ, რომ PCR ტესტები კორონავირუსით იყო დაბინძურებული და მათ ადამიანები დააინფიცირეს;
  5. ბილ გეიტსმა აღიარა, რომ მისი ვაქცინა, რომელიც 7 მილიარდ ადამიანს უნდა გაუკეთდეს, დნმ-ს სამუდამოდ ცვლის;
  6. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედულ ხაზს შეიცავს;
  7. ვაქცინით აცრილს ნანოტექნოლოგიური კვანტური ტატუს ხელში ჩაუნერგავენ, რომელიც მუდმივი ჩიპი იქნება;

15 თებერვლის მდგომარეობით, პოსტს 300-ზე მეტი გაზიარება აქვს. პოსტი  რელიგიური შინაარსის ფეისბუქ-გვერდებმა † დიდ ხარ შენ უფალო † და ქრისტიანული მასალები გააზიარეს. გარდა ამისა, პოსტი საჯარო ჯგუფებშიც გაზიარდა.

;

დავით ისაკაძის მტკიცებები დეზინფორმაციული და მანიპულაციურია: 1. RFID ჩიპის ტექნოლოგიის მიზანი ადამიანების თვალთვალი არაა, მიკროჩიპი ვაქცინაში არ თავსდება და არც ადამიანის ორგანიზმში ხვდება 2. კომპანია “მერკმა” ვაქცინებზე მუშაობის შეწყვეტის მიზეზად ვაქცინებზე დაბალი იმუნური პასუხი დაასახელა, თუმცა ეს მხოლოდ მერკის კანდიდატ ვაქცინებს ეხებოდა და არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს; 3.  მაიკ იედონმა კომპანია “ფაიზერი” 9 წლის წინ დატოვა, მისი მტკიცება, თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელ ადამიანებს არ სჭირდებათ, მცდარია.

  1. RFID ჩიპის ტექნოლოგიით მიკროჩიპი არა ვაქცინაში, არამედ ვაქცინის კონტეინერზე მაგრდება, მისი მიზანი თაღლითობის თავიდან აცილება, ვაქცინის ვადის გასვლის კონტროლი და კონკრეტულ არეალში ვაქცინირებულთა რაოდენობის დადგენაა, ის პაციენტის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს. ტექნოლოგიის გამოყენების გადაწყვეტილება აშშ-ს მთავრობას ჯერჯერობით არ მიუღია.

ისაკაძე ამბობს, რომ ზოგიერთი ვაქცინით ადამიანის დაჩიპვა ხდება და შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინაში RFID ჩიპი ჩაიდოს. ისაკაძე  ტელეკომპანია CBN-ზე კომპანია Apiject-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეი უოლკერთან გასულ ინტერვიუს ახსენებს და ამბობს, რომ უოლკერის კომპანია ამერიკელებისთვის ვაქცინის RFID ჩიპების დამზადებაზე მუშაობს, რაც, ისაკაძის თქმით, ჯანდაცვის წარმომადგენლებს ადამიანების თვალთვალში დაეხმარება.

რეალურად, უოლკერი CBN-თან ინტერვიუში პროექტ Jumpstart-ზე საუბრობს, რომლის მიზანი მილიონობით ამერიკელისთვის ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაა. კომპანია Apiject-ის სურს ვაქცინის დოზებით შპრიცი-კონტეინერები წინასწარ შეავსონ, რაც ვაქცინაციის პროცესს გაადვილებს. ვაქცინის დოზით სავსე კონტეინერს მოგვიანებით ნემსი დაუმაგრდება და ვაქცინაციისთვის მზად იქნება. უოლკერმა აღნიშნა, რომ თითოეული დოზის კონტეინერზე მიკროჩიპს დაამაგრებენ, რომელსაც უნიკალური სერიული ნომერი ექნება, რაც მათ დაეხმარება თავიდან აიცილონ თაღლითობის შემთხვევები, ასევე მიკროჩიპი შეიცავს ინფორმაციას ვაქცინის ვადის გასვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის დაეხმარება სამედიცინო პერსონალს ეპიდემიური აფეთქების დროს გაიგოს, თუ რამდენი ადამიანი აიცრა კონკრეტულ არეალში.

;

უოლკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიკროჩიპს რომელიმე პაციენტის პერსონალური ინფორმაცია არ ექნება.

გარდა ამისა, როიტერის 2020 წლის 4 დეკემბრის სტატიაში აღნიშნულია, რომ Apiject-ის სპიკერმა სტივ ჰოფმანმა მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ ჩიპი იმ ადამიანის ორგანიზმში არ შეჰყავთ, რომელიც ვაქცინას იკეთებს. გარდა ამისა, ჰოფმანმა აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია არჩევითია და აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით მისი გამოყენების გადაწყვეტილება არც მიუღია.

  1. ფარმაცევტულ კომპანია მერკს კორონავირუსის ვაქცინებზე მუშაობის შეწყვეტის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მათი ვაქცინების იმუნური პასუხი იყო უფრო დაბალი, ვიდრე ბუნებრივი ინფიცირებისა და კორონავირუსის სხვა ვაქცინების შემთხვევაში

25 იანვრის განცხადებით კომპანია მერკი წყვეტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას, რადგან კომპანიის ვაქცინების კანდიდატების კვლევის I-მა ფაზამ აჩვენა, რომ ვაქცინაციით მიღებული შედეგი უფრო დაბალი დაცვის დონეს იძლეოდა, ვიდრე კოვიდინფიცირებით გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი. მერკმა ვაქცინების ნაცვლად ორი პრეპარატის შემუშავება გადაწყვიტა. დეკანოზი დავით ისაკაძის გაჟღერებული ინფორმაცია მერკთან დაკავშირებით სიმართლეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს განცხადება მხოლოდ მერკის ვაქცინებს ეხებოდათ და არა ზოგადად კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

25 იანვარს კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ:

ვაქცინების კლინიკური კვლევის პირველი ფაზის გავლის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის კანდიდატები (V590 და V591) ორგანიზმის მიერ კარგად იყო შეთვისებული, იმუნური პასუხი იყო უფრო დაბალი, ვიდრე ბუნებრივი ინფიცირებისა და კორონავირუსის სხვა ვაქცინების შემთხვევაში.

  1. მაიკ იედონმა კომპანია ფაიზერი 9 წლის წინ დატოვა, მისი მტკიცება, თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელ ადამიანებს არ სჭირდებათ, მცდარია, რადგან COVID-19-ით ინფიცირებისა და გადაცემის რისკის ქვეშ ყველა ადამიანია, ვაქცინაციის გარეშე კი ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება.

კომპანია ფაიზერის ყოფილმა თანამშრომელმა მაიკ იედონმა ნამდვილად თქვა, რომ პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია საჭირო არაა და არც ჯანმრთელი ადამიანებისა და კორონავირუსის დაბალი რისკის ქვეშ მყოფთა ვაქცინაციაა აუცილებელი.

მაიკ იედონის მტკიცება ირლანდიურმა გამოცემა TheJournal.ie-მ გადაამოწმა. გამოცემა წერს, რომ იედონის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის დაბალი რისკის ქვეშ მყოფთა ვაქცინაცია საჭირო არაა, მცდარია, რადგან კორონავირუსს ადამიანები ავრცელებენ და შესაბამისად ინფიცირების რისკი ყველასთვის არსებობს, გარდა იმ ადამიანებისა, ვის ორგანიზმსაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აქვს გამომუშავებული, სწორედ ამიტომ თუნდაც ჯანმრთელმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინა ან გააგრძელონ სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ვირუსი არ გადაედოთ ან სხვას არ გადასდონ. იედონის განცხადებაზე წერდა PolitFact-იც, სადაც ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ვაქცინის გარეშე ჯოგური იმუნიტეტის მიღწევას  ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

მაიკ იედონმა ფაიზერი 9 წლის წინ დატოვა, შესაბამისად, როცა კომპანიამ COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო, იედონი ფაიზერის თანამშრომელი არ ყოფილა, ამის გათვალისწინებით მას აღნიშნული განცხადება ფაიზერის სახელით არ გაუკეთებია. მისი LinkedIn-ის პროფილიდან ვიგებთ, რომ იედონი 1995-2011 წლებში ალერგიისა და რესპირატორული კვლევის მთავარი სამეცნიერო ოფიცერი იყო, რაც შეეხება მის ვიცე-პრეზიდენტობას, მისი პროფილის მიხედვით, ამ თანამდებობას 2005-2008 წლებში იკავებდა.

;

;

რაც შეეხება დავით ისაკაძის მიერ ვიდეოში მოყვანილ სხვა მტკიცებებს:

  • დეზინფორმაციაა, თითქოს PCR ტესტებით ადამიანები დაინფიცირდნენ. რეალურად,  The Telegraph-ისა და  The Washington Post-ის სტატიებში წერია, რომ კორონავირუსის პათოგენი PCR ტესტებში ლაბორატორიული შემოწმებისას აღმოაჩინეს და დაბინძურებულ ტესტებს პაციენტებთან შეხება არ ჰქონიათ.

ვრცლად  იხილეთ: სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

  • COVID-19-ის რამდენიმე ვაქცინა, პრეკლინიკური გამოცდის ეტაპზე ემბრიონულ უჯრედებს ლაბორატორიული კვლევისთვის იყენებდა, თუმცა უშუალოდ ემბრიონული უჯრედები კორონავირუსის  არც ერთი ვაქცინის შემადგენლობაში არ შედის.

ვრცლად  იხილეთ: 6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე

  • ბილ გეიტსს  არ უთქვამს, რომ ვაქცინა დნმ-ს შეცვლის, მას არც ის უთქვამს, რომ ვაქცინა აუცილებლად უნდა გაუკეთდეს 7 მილიარდ ადამიანს, მან თქვა, რომ ვაქცინის შექმნა სასწრაფოა და დიდ კოლაბორაციას მოითხოვს, რადგან ვაქცინა 7 მილიარდ ადამიანამდე უნდა მივიდეს.

ვრცლად  იხილეთ: “ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

  • კვანტური ტატუირება COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული არაა. ეს არის 2019 წლის გამოგონება, რომლითაც ადამიანში მისი აცრების ისტორიის ჩაიწერება. აღნიშნული მეთოდი აპრობირებული არ არის.

ვრცლად  იხილეთ: როგორ აკავშირებენ კოვიდ-19-ის აცრას, კვანტურ ტატუს და მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებას?


არქივის ბმული: Barbare Manjavidze


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist