ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

დაგვიცავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსისგან?

28 აპრილი, 2020

23-24 აპრილს აპრილს ვებ-გვერდებმა Hotnews.ge, videosport.ge და wnews.ge  გამოაქვეყნეს სტატიები, რომელთა სათაურები მკითხველებს არწმუნებენ, რომ ნიკოტინი მათ კორონა ვირუსისგან იცავს. „სიგარეტი კორონავირუსს ბლოკავს: საუკუნის აღმოჩენა, ნახეთ რა არის თამბაქოში ისეთი, რაც ორგანიზმს ვირუსისგან იცავს – მეცნიერების ახალი კვლევა“- ასე დაასათაურა  სტატია Wnews.ge-მ. Hotnews.ge-მ კი სათაურის შემდეგნაირი ფორმულირება შემოგვთავაზა: “ნიკოტინი კორონავირუსისგან დაგიცავთ - ახალი სკანდალური კვლევა“.

"|

|

მსგავსი სათაურებით მასალები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაგალითად, wnews.ge-ს სტატია Facebook-ის ჯგუფში „გაიხალისე ცხოვრება ツ“  გააზიარეს. პოსტს საკმაოდ დიდ გამოხმაურება მოჰყვა: 500-მდე ლაიქი, 200-ზე მეტი კომენტარი და 700-მდე გაზიარება. 

"

სტატიების ტექსტშივე მითითებულია, რომ ნიკოტინის დამცავი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია ჰიპოთეზაა. მოსაზრება ეყრდნობა საფრანგეთის კლინიკინებში ჩატარებულ გამოკითხვებს  და არა სამეცნიერო კვლევას. დაუდასტურებელი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება მანიპულაციაა, რომელიც მკითხველების მოზიდვას ისახავს მიზნად და შესაძლოა მათი ჯანმრთელობა დააზიანოს. 

Hotnews.ge, videosport.ge და wnews.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა საფრანგეთში ჩატარებულ მონაცემთა კვლევას, რომელიც  ამბობს, რომ მწეველები შესაძლოა, იყვანენ ნაკლები რისკის ქვეშ კორონა ვირუსის ინფექციასთან მიმართებაში. ამავდროულად, ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, რომ ეს მოსაზრება არ ეყრდნობა რაიმე სამეცნიერო კვლევას და უბრალოდ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების გამოკითხვის შედეგია.  Pitié-Salpêtrière-ს სავადმყოფოს გუნდმა გამოკითხა კოვიდ-19 ით დაავადებული 480 პაციენტი, რომელთაგანაც 350 სტაციონარში მოათავსეს და დანარჩენმა მსუბუქი სიმპტომების გამო მკურნალობა სახლში განაგრძნო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტებიდან, რომელთა საშუალო ასაკი 65 წელი იყო, მხოლოდ 4.4 პროცენტი იყო რეგულარული მწეველი. იმ პაციენტებიდან, რომლებიც სახლში განაგრძნობდნენ მკურნალობას, მხოლოდ 5.3% ეწეოდა. ამასთანავე, პარიზის საავადმყოფოების მონაცემებით, 11,000 პაციენტიდან, რომელმაც საავადმყოფოს მიმართა, 8.5% მწეველი იყო. 

თუმცა თავად ფრანგი მკვლევარები ადასტურებენ, რომ  მწეველებში მაღალია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გავრცელება,  შესაბამისად ამ დავადებების მქონეებს კორონავირუსით სიკვდილობის გაზრდილი რისკიც აქვთ. ამრიგად, ისინი არ მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიწყონ ან გაახშირონ მოწევა კრონავირუსის წინააღდეგ.  

ნიკოტინისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი იმუნოლოგი მაია ბუწაშვილი Facebook პოსტის მეშვეობით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების გამოკითხვის შედეგების საფუძვრლზე მკაყრი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება.

მაია ბუწაშვილი: “გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამბაქოს მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ამის ასე ხელაღებით თქმა ძალიან საშიშია, რადგან შეიძლება ადამიანებმა არასწორად აღიქვან და თამბაქოს გამოყენება დაიწყონ. საქმე იმაშია, რომ ფრანგული წყაროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ეს სიახლე გაჩნდა, რეალურად რაიმე ბიოლოგიურ/საბაზისო კვლევას არ ეყრდნობა, ეს არის უბრალოდ სტაციონარში მოთავსებულთა გამოკითხვის შედეგი, რომლის საფუძველზეც რაიმე მყარ დასკვნას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ. პირიქით, არ უნდა დაგვავიწყდეს (და სხვათა შორის, თვითონ კვლევის ავტორებიც იქვე აღნიშნავენ), რომ მწეველებში მაღალია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გავრცელება, ხოლო ის ფაქტი, რომ ამ დავადებების მქონეებს კორონავირუსით სიკვდილობის გაზრდილი რისკი აქვთ, უკვე ეჭვს არ იწვევს.”

"

წყაროების შესახებ

Hotnews.ge ქართული ონლაინ გამოცემაა, რომელიც 2017 წელსაა დარეგისტრირებული.  ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, არ არის მითითებული სარედაქციო კოლეგია. კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციებსა და ყალბ ინფორამციას ვებ-გევრდი მარტშიც ავრცელებდა. 

n.videosports.ge სპორტული სიახლეების ვებ-გვერდია, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს მასალებს სენსაციური სათაურებით. Registrator.ge-ს მონაცემებით, ვებ-გევრდის მფლობელია შპს ბარსამანია. 

"'

wnews.ge-ც ქლიქბაიტ საიტს წარმოადგენს. wnews.ge-ის ფეისბუქის  გვერდი 2014 წლის ნოემბერშია  შექმნილი, თუმცა registrator.ge - ის მონაცემებით თავად  wnews.ge-ის  საიტი   2019 წლის 6 ივნისს არის რეგისტრირებული.  

ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს ისეთ ვეებგვერდებს ეძახიან რომლებიც მიმზიდველი სათაურითა და ვიზუალური ეფექტებით მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ და კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ამ ვებ-გვერდებზე ხშირად გვხვდება ყვითელი შინაარსის საინფორმაციო მასალები, +18 რეკლამები და სენსაციური სათაურები.  


მოამზადა ეთო გლურჯიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: