ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

Дядя Вася და სხვა ტროლები ამერიკის სასწავლო საელჩოს პროგრამაზე კონსპირაციას ავრცელებენ

13 ოქტომბერი, 2020

7 ოქტომბერს ყალბმა ანგარიშმა ლაშა მოდებაძემ საჯარო ჯგუფში “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა” გააზიარა პოსტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას შეეხებოდა. პოსტის თანახმად, აღნიშნული პროგრამა, წინასწარ ამზადებდა საქართველოს პანდემიისათვის. ამ პოსტით მოდებაძე ამყარებს შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსის გავრცელება წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) მიერ ორგანიზებული საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) მოჰყავს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) მიერ ორგანიზებული საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP) 1980 წლიდან მოქმედებს და მასში 80-ზე მეტი სახელმწიფოა ჩართული. განცხადება, რომ 1980 წელს შექმნილი პროგრამა საქართველოს 2020 წლის პანდემიისთვის ამზადებდა, შეთქმულების თეორიაა. 

პროგრამის შესახებ

FELTP- Field Epidemiology Training Program 1980 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ დაარსდა, რომლის მიზანიც განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიოლოგების გადამზადებაა. პროგრამაში 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა აქტიურად არის ჩართული ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებსა და საგანგებო მდგომარეობებთან ბრძოლაში. ამ პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები ებრძვიან დასავლეთ აფრიკაში ებოლას, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკაში ანთრაქსს, ასევე MERS-CoV-ის გავრცელებას შუა აზიაში, სამხრეთ კორეასა და ფილიპინებზე.  

FELTP თითოეულ სახელმწიფოში იგეგმება ამ სახელმწიფოს საჭიროებების შესაბამისად. სამხრეთ კავკასიაში  საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა 2009 წლიდან ამზადებს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიის ტექნიკოსებსა და ვეტერინარებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანსა და უკრაინიდან SC/FELTP პროგრამის ფარგლებში.  სამხრეთ კავკასიაში პროგრამის მასპინძელ ორგანიზაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს.  სამხრეთ კავკასიაში წარმატებით განხორციელდა პროგრამები ჯილეხის წინააღმდეგ ლაბორატორიული გაძლიერების, მისი აღმოჩენისა და კონტროლისათვის. საქართველოში კი საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირდა ახალი ორთოპოქსვირუსი და გამოიკვლიეს მისი ეპიდემიოლოგიური თუ ეკოლოგიური მახასიათებლები. 

SC/FELTP-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2019 წლის თებერვალში შეიქმნა. ამ ასოციაციის მიზანია კურსდამთავრებულთა მობილიზება დაავადების გავრცელების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი მოვლენების აღმოფხვრისათვის ხელშესაწყობად. SC/FELTP კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნა წარმოადგენს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პოზიტიური თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს.. 

წყაროს შესახებ და პოსტის გავრცელება

ლაშა მოდებაძის პოსტს ჯგუფიდან 25 გაზიარება აქვს. პოსტი 9 და 10 ოქტომბერს 3-ჯერ გააზიარა დიდი ალბათობით ყალბმა ანგარიშმა Aleksandr Hanelt-მა, რომელსაც url ბმულში max uvarov უწერია.

"

პოსტი ასევე გააზიარა სავარაუდოდ მეორე ყალბმა ანგარიშმა Дядя Вася-მ, რომელსაც საცხოვრებელ ადგილად ლონდონი აქვს მითითებული.

"

Дядя Вася მის ფეისბუკ გვერდზე ხშირად ავრცელებს ქართულ ჯგუფებში გაზიარებულ კონსპირაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

"

პოსტი ორგანიზებულად პრორუსულ და კორონავირუსის კონსპირაციებთან დაკავშირებულ ჯგუფებში ასევე მომხმარებელმა Ruso Ruso გააზიარა. 

"

ჯგუფს “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა” ორი ადმინისტრატორი ჰყავს და ორივე სხვადასხვა ანგარიშით მოქმედი ერთი და იგივე პიროვნება - ლაშა მოდებაძეა. მოდებაძის პოსტების შინაარსი მკვეთრად ანტიდასავლურია და კორონავირუსის პანდემიის შესახებ კონსპირაციებს შეიცავს. 

მოდებაძის ფეისბუქ ანგარიშის url ბმულში მითითებულია სხვა სახელი - გიო ირემაძე.

"


მოამზადა მარიამ ნებიერიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია