პროპაგანდა ფილმებში

„ჩვენი ახალი პრეზიდენტი“ - დოკუმენტური ფილმი რუსულ პროპაგანდაზე

20 დეკემბერი, 2019

„ჩვენი ახალი პრეზიდენტი“ (Our New President) დოკუმენტური ჟანრის ფილმია, რომლის პრემიერაც 2018 წლის იანვარში, Sundance Film Festival-ზე შედგა. რუსული წარმოშობის ამერიკელ რეჟისორს, მაქსიმ პოზდოროვკინს აღნიშნული ფილმის შექმნის იდეა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაუჩნდა. 

ფილმი თითქმის სრულად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპებისა და სიუჟეტებისგან არის აწყობილი. რუსულენოვანი მედია საკუთარ 150-მილიონიან აუდიტორიას აგრესიული ყალბი ამბებით, ე.წ. Fake News-ებით უწყვეტად ამარაგებს.  მაგალითად, 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, რუსული ტელევიზიები რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჰილარი კლინტონი სიკვდილის ზღვარზე იყო; უფრო მეტიც, სახელისუფლებო მედია დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს სატანისტური რიტუალების ჩატარებაში, სექსუალურ შევიწროებასა და მკვლელობაში აქტიურად ადანაშაულებდა. რუსული პროპაგანდა აქტიურად საუბრობდა იმაზეც, რომ დონალდ ტრამპმა ბავშვობა ბრუკლინში, მძიმე ყოფაში გაატარა. 

 

ფილმი ცდილობს წლების განმავლობაში, რუსული სახელისუფლებო პროპაგანდის შედეგები წარმოგვიდგინოს მოსახლეობის მიერ გადაღებული ვიდეორგოლების მეშვეობით - ზოგი მოქალაქე ტრამპის კლინტონზე გამარჯვებას დემონზე გამარჯვებად მიიჩნევს, ზოგი კი გიტარით ხელში, აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს სიმღერას უძღვნის.

ფილმის სახელი „ჩვენი ახალი პრეზიდენტი“ ამ ფილმშივე მოცემული, ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარეობს - სახელისუფლებო პროპაგანდის ქვეშ მცხოვრებთათვის 2016 წელს არჩეული აშშ-ს პრეზიდენტი მათი პრეზიდენტიცაა.  

The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფილმის რეჟისორი, მაქსიმ პოზდოროვკინი ამბობს, რომ რაც რუსეთში ხდება, ყალბი ამბებისა და ფაბრიკაციის ფართო მასშტაბებზე ექსპერიმენტირებაა. აქედან გამომდინარე, იგი მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს ყურადღება გაამახვილონ არამარტო რუსული პროპაგანდის აშშ-ში მუშაობაზე, არამედ ყალბი ამბების რუსეთში გავრცელების საკითხებზეც. 

მაქსიმ პოზდოროვკინი საკუთარი ნამუშევრით ამბობს, რომ ინტერნეტი ჭეშმარიტად დემოკრატიული მონაპოვარია, თუმცა ისეთ ძლიერ, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით მდიდარ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, ინფორმაციის მანიპულაცია შესაძლებელია. Რეჟისორის თქმით, რომ მისი მიზანი არა ადამიანთა შეშინება, არამედ, იმის ჩვენებაა, თუ რა შეუძლია დამართოს  დეზინფორმაციამ მოსახლეობას - რა ხდება მაშინ, როცა მედია, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი, ჩამოშლილია. 

 

ფილმის ნახვა შესაძლებელია კინოპორტალზე imovies.cc  

The Washington Post-ის მიხედვით