სხვადასხვა

ბრიტანელმა ევროკომისარმა კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ გეგმა წარადგინა

26 ივნისი, 2018

20 ივნისს, ბრიტანელმა ევროკომისარმა სერ ჯულიან კინგმა ევროკავშირისთვის სპეციალურად შემუშავებული გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისა და არასახელმწიფო აქტორების მიერ განხორციელებული დეზინფორმაციულ კამპანიებთან გამკლავებას გამჭვირვალობის გაზრდის გზით. ევროკომისრის თქმით, ამგვარი დეზინფორმაციულ კამპანიებს 2016 წელს ბრექსიტის დროს ჰქონდა ადგილი.

კომისიის მიერ შემუშავებული გეგმა წარმოადგენს ღონისძიებათა სერიას, რომელიც მიმართულია ყალბი ახალი ამბებისა და მანიპულაციების წინააღმდეგ. ინიციატივა ასევე მოიცავს  ინტერნეტ პლატფორმებისთვის გარკვეული ვალდებულების დაწესებას, რომელიც იმ დამკვეთების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს, ვინც ინტერნეტ პლატფორმებს ინდივიდებზე  მიკრო-თავდასხმებისთვის იყენებს.

ევროკომისრის თქმით,  დღესდღეობით სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები სოციალურ მედიას დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ იყენებენ. კინგის თქმით, მას სურს შეთანხმება უახლოეს კვირეებში ქცევის კოდექსზე, რათა  უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტ მომხმარებლების მეტი ინფორმირებულება იმ გზავნილებისა და ამბების წარმომავლობის შესახებ, რომელთაც ისინი საკუთარი Facebook-ისა და Twitter-ის მეშვეობით ხედავენ. აღნიშნული ასევე მოიცავს მომხმარებლისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას დასპონსორებული კონტენტის დამკვეთების თაობაზე.

ევროკომისრის განმარტებით, ევროკავშირის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა დეზინფორმაციის 4 000-ზე მეტი ნიმუში შეკრიბა და დაახარისხა. აქედან 31  სალისბერიში ქიმიური თავდასხმას ეხებოდა, 57 მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფას.

„ჩვენ ახლა უკეთესი წარმოდგენა გვაქვს კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ინსტრუმენტების, არხებისა და გზავნილების შესახებ“ - განაცხადა კინგმა.

უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი გეგმების გამოქვეყნებას გეგმავენ, რაც საარჩევნო სისტემებში ჩარევას და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების მოპოვების მცდელობებს უკავშირდება.