30 მაისს, გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ჟურნალისტი ამტკიცებდა, თითქოს ნატო-მ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი სამხედროებისათვის ოფიციალურად ახალი ფორმები დააკანონა და “ბრიუსელის შტაბბინის დერეფნებში უკვე ამაყად დააბიჯებენ კაბებში ჩაცმული „კაცები” და კოსტიუმებში გამოწყობილი „ქალები”.
რეალური ფაქტი: ნატოს არ გააჩნია ერთიანი, უნივერსალური სამხედრო ფორმა
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი 28 დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მიერ შემდგარი სამხედრო პოლიტიკური ალიანსია. ნატოს წევრი თითოეული ქვეყანის ჯარისკაცი ყოველთვის ატარებდა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამხედრო ფორმას და ინდივიდუალური განმასხვავებელ ნიშნებს.
ფოტომანიპულაცია
გარდა უსაფუძვლო ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ასავალ-დასავალის სტატიას თან ერთვოდა ფოტო, რომელზეც თითქოს ნატოს სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ აღბეჭდილნი.
სინამდვილეში ფოტო 2014 წლის 20 ოქტომბერსაა გადაღებული და ასახავს არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული გაერთიანების” (The American Civil Liberties Union) მიერ ორგანიზებულ ფორუმს, სადაც ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეები შვედეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან საუბრობენ ვაშინგტონში ორგანიზებულ დისკუსიაზე.