მედია

"ასავალ-დასავალი” რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ბან კი მუნის შესახებ მცდარ ფაქტებს ავრცელებს

3 მაისი, 2016

11 აპრილს გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორის მტკიცებით, ლიბანში სტუმრობისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და უკრაინასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: "ამ ცოტა ხნის წინათ გაეროს გენსეკი ლიბანში იმყოფებოდა და,არ ვიცი, ბეირუთის განუმეორებელმა ხიბლმა სძლია თუ ხმელთაშუაზღვისპირეთის წარმტაცმა ჰავამ, ევროკავშირში ლტოლვილების ნაკადის მიძალებაზე მსჯელობისას ისეთი გულახდილობა მიეძალა, „კრემლის გაშიფრული აგენტი"გეგონებოდათ: „ვითარება ერთობ რთულია და ჩვენ თვალს ვადევნებთ ისეთი ქვეყნების ფაქტობრივ კვდომას, როგორებიცაა ლატვია,ლიტვა,ესტონეთი და უკრაინა. ამ ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა,ხელისუფლებების საგანგაშოდ დაბალი რეიტინგი, დამნაშავეობის მკვეთრი ზრდა და უცხოეთში გაქცევის მსურველთა მზარდი რაოდენობა გვიჩვენებს, რომ ამ სახელმწიფოების მიერ აღებული კურსი აბსოლუტურად არასწორია და მათი სახელმწიფოებრიობა თვითგანადგურების რეჟიმში მუშაობს! ადამიანები არ გარბიან იმ ქვეყნიდან,სადაც კარგი ცხოვრება და თვითრეალიზაციის საშუალებაა. ასეთი უარყოფითი ბალასტი ძალიან ვნებს ევროკავშირს, რომლის მოქალაქეებიც ძალიან უკმაყოფილონი არიან ამ მუდმივი მათხოვრებით და თუ ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების რამენაირ დახმარებაზე კიდევ შეიძლება ლაპარაკი, უკრაინა აბსოლუტურად არასასურველი ელემენტია საერთო ევროპულ ველზე.”

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გაზრდილი პოლიტიკური, ეკონომიკური, მიგრაციული პრობლემების ფონზე ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ლიბანს, იორდანესა და ტუნისს 2016 წლის 24-28 მარტს ეწვია. დასავლური მედიის ცნობით, ლიბანში ვიზიტისას მან ყურადღება გაამახვილა სირიაში მიმდინარე კონფლიქტსა და დევნილთა საკითხზე. სირიელი დევნილების მიღებისთვის მან ლიბანის მთავრობას მადლობა გადაუხადა. მასთან ერთად ბეირუთს ისლამური განვითარების ბანკისა და მსოფლიო საბანკო ჯგუფის პრეზიდენტები ესტუმრნენ. ამავე დროს არც გაეროს ოფიციალურ გვერდზე, არც დასავლურ გამოცემებში მოიძებნება განცხადება, სადაც გენერალური მდივანი ბალტიის ქვეყნებს და უკრაინას აკრიტიკებს.

გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ "ასავალ-დასავალში” მითითებული განცხადება მხოლოდ რუსულენოვან მედიასაშუალებებში იძებნება. ეს ინფორმაცია პირველად აპრილის დასაწყისში ისეთ საიტებზე გამოჩნდა, როგორიცაა Ianewstoday.ru და Конт. არცერთი მათგანი ინფორმაციის წყაროს არ უთითებს. როგორც "ასავალ-დასავალი”, ასევე Конт და Ianewstoday.ru გაეროს გენერალური მდივნის გამოსვლის იდენტურ ვერსიას გვთავაზობს (იხ. ინფოგრაფიკა), ხოლო Ianewstoday.ru -ს სათაური ტექსტთანაც შეუსაბამოა და შეიცავს მტკიცებას, თითქოს გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინას და ბალტიის ქვეყნებს თვითგანადგურებისკენ მოუწოდა: "Генсек ООН призвал Украину и страны Прибалтики — самоуничтожиться”. გაზეთ "ასავალ-დასავალის” შიდა გვერდის ანოტაციაში კი იგივე ინტერპრეტაცია გაეროს "განაჩენად” არის წარმოჩენილი. კერძოდ: "გაეროს სენსაციური განაჩენი: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და უკრაინა "ევროპულად” კვდებიან!”

Ianewstoday.ru 2015 წელს არის რეგისტრირებული, ხოლო Конт.ws-ს არის პლატფორმა, სადაც დარეგისტრირებულ მომხარებელს ინფორმაციის განთავსება თავად შეუძლია. სწორედ Конт.ws-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უზივო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც რეალურად საპირველაპრილო ხუმრობას წარმოადგენდა, გავრცელდა ქართულენოვანი წყაროებით როგორც რეალური ფაქტი.

ბან კი მუნის ლიბანში ვიზიტის შესახებ კიდევ ერთი წყაროა ონლაინ-გამოცემა Dninews.com, რომელიც 2015 წელს უკრაინაში, პრო-რუსი ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკშია დაფუძნებული და ინფორმაციას ინგლისურ ენაზე ავრცელებს. საიტი ძირითადად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ანტიუკრაინული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ასავალ-დასავალი" თავის პუბლიკაციებში საეჭვო რუსულენოვან წყაროებს ეყრდნობა. 28 მარტს, ასევე რუსულ მედია წყაროებზე დაყრდნობით,გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა თითქოს ბრიტანეთში ადამიანის კანისგან ტანსაცმელს ამზადებდნენ, რაც არცერთი წყაროთი არ დასტურდება.