პოლიტიკა

“ასავალ-დასავალი” ბელორუსს შეჰნატრის და ამტკიცებს, რომ ევროპა მინისკს ადამიანის უფლებების დარღვევაში ნაკლებად ადანაშაულებს

9 ოქტომბერი, 2018

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 1-7 ოქტომბრის ნომერში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს, რომ ბელარუსი მისაბაძი ქვეყანაა, რადგან მან შეძლო, რუსეთთან  მეგობრული კავშირები შეენარჩუნებინა და ამავდროულად ევროპასთან პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა. “ასავალ-დასავალი” ასევე ამტკიცებს, რომ ბელარუსს ადამიანის უფლებების დარღვევაში ევროპიდან გაცილებით იშვიათად ადანაშაულებენ, ვიდრე საქართველოს.

ზაზა  დავითაია, ასავალ-დასავალი: „ამ ქვეყანამ შეძლო, რუსეთთან შეენარჩუნებინა მეგობრული კავშირები და იმავდროუად პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა ევროპასთან. გულისწყვეტით, საქართვეოლოში შექმნილი მდგომარეობა გამახსენდა, როცა ლიბერასტები მოსახლეობაზე ძალადობენ, ხოლო ევროპის რეაქციული წრეები პირიქით - ქართველ ხალხს ადანაშაულებენ.ბელარუსიიდან შთაბეჭდილებებით და მელანქოლიური განწყობებით გამოვემგზავრე. გულწრფელად შემშურდა მათი, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მოსახლეობაზე გულწრფელად ზრუნავს, სადაც ადამიანებს არ აწუხებთ ლიბერასტების გამოხდომები, არასამთვრობო ორგანიზაციების როყიო განცხადებები... ბელარუსს ევროპიდან გაცილებით იშვიათდ ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვიდრე საქართველოს. ვიღაცები აქ არსებულ მდგომარეობას დიქტატურას უწოდებენ, თუმცა, მე ვერსად დავინახე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ავიწროებს.“

ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრრე ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორად, ხოლო ბელარუსს „ ტირანიის ფორპოსტად“ მოიხსენიებენ. ევროკავშირი, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  ყოველწლიურად კრიტიკულ ანგარიშებსა და განცხადებებს აქვეყნებენ. ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესეს. შესაბამისად, “ასავალ-დასავალის” ინფორმაცია, თითქოს ბელარუსს  ადამიანის უფლებების დარღვევაში ევროპიდან გაცილებით იშვიათად ადანაშაულებენ, ვიდრე საქართველოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფაქტი N1: ადამიანის უფლებების დარვევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ  ბელარუსს სანქციები აქვს დაწესებული.

პოლიტიკური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა  და არჩევნების გაყალბების გამო ბელარუსის მთავრობის ათეულობით წევრს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.

2004 წლიდან ქვეყანაში მიმდინარე  პოლიტიკური რეპრესიების გამო ევროკავშირმა ბალარუსს სანქციები დაუწესა. 2006 წლის მარტში საარჩევნო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისათვის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოციის წინააღდეგ მიმართული რეპრესიების გამო ევროკავშირის სანქციები მთავრობის სხვა წევრებთან ერთად  პრეზიდენტ ლუკაშენკოზეც გავრცელდა. სანქციები ითვალისწინებდა შეზღუდვებს ვიზის გაცემაზე და ფინანსური ანგარიშების გაყინვას. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქვეყანაში აღნიშნული დარღვევების გამო 2010 წლის ევროკავშირის სანქციების სია კიდევ უფრო გაიზარდა  .

ევროპარლამენტი 2018 წლის ანგარიშში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას კვლავ კრიტიკულად აფასებს. აღსანიშნავია, რომ 2016 დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით ბელარუსთან დიალოგის სტიმულირების მიზნით სანქცები შეამსუბუქა, თუმცა, მთავრობის ზოდიერთი წევრისათვის დაწესებული  სავიზო შეზღუდვები და იარაღზე ემბარგო დღემდე ძალაშია.

2004-2017 წლებში აშშ-მ ბელარუსს სანქცია 17-ჯერ დაუწესა, რომელთაგან 5 უშუალოდ ადამიანის უფლებების  და დემოკრატიული პრინციპების დაღრვევას ეხებოდა. ბელარუსის მიმართ სანქცები დღემდე ძალაშია.

ფაქტი N2: ევროკავშრის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით ბელარუსს  ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს, რაც ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე პირდაპირ აისახება.

"

წყარო: Eastern Partnership Index

ფაქტი N3: ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბელარუსი ევროსაბჭოში არ მიიღეს

ბელარუსი ევროპის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი არ არის. ევროპის საბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილების საფუძველზე 1997 წელს ბელარუსს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი შეუწყდა, რაც ორგანიზაციაში გაწევრიანების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი 1996 წელს ქვეყანაში ჩატარებული არალეგიტიმური რეფერენდუმი იყო. რეფერენდუმის შედეგად ძალაუფლების კონსოლიდაცია პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელში მოხდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება გაეროს მიერ

ბელარუსის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საკუთარ ანგარიშში 2007 წელს აღნიშნა, რომ „ ბელარუსის პოლიტიკური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელია.”

გაეროს სამდივნოსათვის წარდგენილ სპეციალური მომხსენებლის 2017 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების მდგობარეობის შესახებ ბელარუსში, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.

ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება ეუთოს მიერ

ეუთო-ს 2017 წლის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია  ხაზს უსვამს ბელარუსში მედიის თავისუფლების ნაკლებობას,  ჟურნალისტების შეურაცხყოფის შემთხვევების გაზრდას, მაუწყებლობისა და ინტერნეტის თავისუფლების შემზღუდავ კანონმდებლობას, ისევე როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ბელარუსს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
2015 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთომ უარყოფითად შეაფასა  და ხაზი გაესვა არჩევნების გაყალბებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან საარჩევნო გარემოს შეუსაბამობას.  

ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება Amnesty International-ის,  Freedom House-ის და Human Rights Watch-ის მიერ

პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გაგრძელება - ბელორუსიში ადამიანის უფლებების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა Amnesty International-ისა და Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშებში ასეა შეფასებული.

Freedom House-ის მიხედვით, ის რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ერთადერთი არათავისუფალი ქვეყანაა ევროპაში.  იგივე სურთია, პრესის თავისუფლების მიხედვით Reporters without Border-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად.

Human Rights Watch-ის შეფასებით, ბელარუსიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა არ უმჯობესდება. ის ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა მიღებული პრაქტიკაა და ფართომასშტაბიანი რეპრესიები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ხორციელდება.

"

წყარო: Freedom House

აღსანიშნავია, რომ პუტინის რუსეთის პარტნიორ ბელარუსში პრეზიდენტი სრულიად აკონტროლებს უსაფთხოების სამსახურებს და სასამართლო სისტემებს, რისთვისაც 1996 და 2004 წლებში კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა. ბელარუსის კანონმდებლობა არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები კი საერთაშორისო დამკვირველბლების მხრიდან მუდმივ კრიტიკას იმსახურებს . ლუკაშენკოს რეჟიმი ოპოცზიციის მიმართ რეპრესიებს ათლწლეულების მანძილზე ახორციელებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა ქვეყანაშ უზრუნველყოფილი არ არის.


მოამზადეს ანა ჩიტალაძემ და მარიამ ავაქოვმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია