არის თუ არა გლოსტერშირის საავადმყოფო კოვიდ-პაციენტებისგან ცარიელი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

190
VIEWS

2 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ატვირთა ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში 46 წლის დები ჰიკსი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან გლოსტერშირის საავადმყოფოში ვიდეო გადაიღო და აჩვენა, რომ საავადმყოფო ცარიელია და დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ საავადმყოფოები კოვიდ-პაციენტებს ვეღარ იტევენ.

;

გავრცელებული ვიდეოს პირველ ნაწილში დები ჰიკსი საავადმყოფოში გადაადგილდება, სადაც ჩანს დერეფნები, რომლებშიც სიცარიელე და სიწყნარეა. დები ჰიკსი კი აღნიშნავს, რომ საავადმყოფო ასეთი ცარიელი არასდროს უნახავს. ვიდეოს მეორე ნაწილში ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი მას.

დები ჰიკსმა ლაივ-ვიდეო 27 დეკემბერს ჩაწერა და გამოაქვეყნა, მას შემდეგ კი, რაც გლოსტერშირის საავადმყოფომ მისი საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, ის 28 დეკემბერს საავადმყოფოში კიდევ ერთხელ მივიდა და მეორე ლაივი ჩაწერა. 30 დეკემბერს კი მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს მას პოლიციელი.

12 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების პოსტს 565 გაზიარება აქვს. პოსტი ფეისბუქ-პროფილმა Mamuka Kakauridze-მ 3 საჯარო ფეისბუქ-ჯგუფში: ალტ-ინფო, Photo-Fact GEORGIA და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გააზიარა.

;

ლოკდაუნის მოწინააღმდეგე ბრიტანელი აქტივისტის მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია, რადგან 1. გლოსტერშირის საავადმყოფოში ვიდეო მან კვირას, 27 დეკემბერს გადაიღო, როდესაც ამბულატორიული განყოფილებები და საავადმყოფოს შიგნით რამდენიმე მაღაზია საშობაო დასვენების გამო არ მუშაობდა. 2. ვიდეო ამბულატორიული განყოფილების ბლოკშია გადაღებული, სადაც კოვიდ-პაციენტები არ არიან განთავსებული. საავადმყოფოს განმარტებით, კოვიდ-პაციენტები კრიტიკული ზრუნვის განყოფილებაში მკურნალობენ.

27 დეკემბერს ლოკდაუნის მოწინააღმდეგე აქტივისტი დები ჰიკსი გლოსტერშირის საავადმყოფოში მთავარი შესასვლელით შევიდა და ვიდეო ამბულატორიული განყოფილების დერეფნებში გადაიღო, რუკაზე ეს განყოფილება ცისფრადაა მონიშნული (OP – Outpatient Block).

კოვიდ-პაციენტები ამ ბლოკში არ მკურნალობენ, ისინი კრიტიკული ზრუნვის განყოფილებაში არიან განთავსებული, ეს განყოფილება Tower Block-ის შემადგენლობაშია, რომელიც რუკაზე ყვითელი ფერითაა მონიშნული (TB – Tower Block).

;
ფოტო: amplifystroud.com

28 დეკემბერს, დები ჰიკსის ვიდეოს საპასუხოდ, გლოსტერშირის საავადმყოფომ  განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმ დროს, როცა დები ჰიკსმა ამბულატორიულ ბლოკში ვიდეო გადაიღო, საშობაო დასვენების გამო ამბულატორიული განყოფილებები და რამდენიმე მაღაზია არ მუშაობდა.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საავადმყოფო განსაკუთრებით დაკავებულია და ამ დროისთვის მასში 200-ზე მეტი კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათი უმეტესობა კრიტიკული ზრუნვის დეპარტამენტში გადის მკურნალობას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საავადმყოფო 500-ზე მეტი არა კოვიდ-პაციენტის მზრუნველობასა და გამოკვლევასაც უზრუნველყოფს.

კოვიდ-პაციენტების გარდა, საავადმყოფო ყოველდღიურად სასწრაფო მკურნალობას უწევს 300-ზე მეტ პაციენტს გლოსტერშირისა და ჩელტენჰემის გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

საავადმყოფოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, 29 დეკემბერს დები ჰიკსი იქ ისევ დაბრუნდა და კიდევ ერთი ლაივი ჩაწერა, ამჯერად მან Tower Block-ის განყოფილება გადაიღო, რომლის რამდენიმე სართულზე განთავსებულ პალატებში კოვიდ-პაციენტები მკურნალობენ. ჰიკსის ვიდეოში ჩანდნენ ექთნები, რომლებიც დერეფნებში გადაადგილდებოდნენ, ჰიკსი კი კვლავ აღნიშნავდა, რომ წესით საავადმყოფო უფრო დატვირთული უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ კადრში არ ჩანს პალატები, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები არიან განთავსებული, ჰიკსი კი დასკვნას იმის საფუძველზე აკეთებს, რომ ისინი დერეფნებში არ გადაადგილდებიან.

დები ჰიკსი 30 დეკემბერს დააკავეს, ჰიკსმა მომხდარის ამსახველი ვიდეო თვითონვე გამოაქვეყნა.

;

გლოსტერშირის პოლიციის სპიკერის თქმით, ჰიკსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ჰიკსი გირაოთი და იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ის დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის არცერთ შენობაში არ შევა, გადაუდებელი საჭიროების ან წინასწარ ჩანიშნული შეხვედრის გარეშე.

ის პოლიციამ ერთხელ უკვე დააკავა, როცა სტრატფორდის პარკში ლოკდაუნის საწინააღმდეგო გამოსვლის “სტრაუდის თავისუფლების მიტინგის” (Stroud Freedom Rally) ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2020 წლის 7 ნოემბერს აღნიშნული მიტინგის რამდენიმე მონაწილე საჯარო შეკრების დროს კორონავირუსის კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს, ორგანიზატორებს კი 10 000 ფუნტის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.


იხილეთ პოსტის არქივი:
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები:  https://archive.ph/WeQMU


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist