ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა ღეროვანი უჯრედებით Covid-19-ის მკურნალობა “დაგეგმილი” და კლინიკურად გამოცდილი?

28 აპრილი, 2020

26 აპრილს კრემლისტურმა გამოცემა New Front-მა  გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “დიდი აფიორის ვერსია  თეორიულად დასაშვებია - ანტიდოტი თავიდანვე არსებობდა?! “  აღნიშნული სტატია ასევე გაავრცელა გამოცემა “ საქართველოს და მსოფლიო” ფეისბუქის გვერდმაც.

 

 

'"

მასალის ავტორი ბლოგერი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორიცაა. ნიუსფრონტი ინფორმაციას  christiandaily-ის სტატიაზე  დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ისრაელში შექმნეს 100% შედეგის მქონე  covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შვიდ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე გამოსცადეს. შედეგად ყველა მათგანი განიკურნა. 

ამ ინფორიმაციაზე დაყრდნობით ავტორი ამტკიცებს,  რომ კორონავირუსი ხელოვნურად გააავრცელეს, მისი სამკურნალო პრეპარატი უკვე წინასწარ იყო შექმნილი და ახლა ფარმაცევტული კომპანიები ახალ პრეპარატად გაასაღებენ, რის სანაცავლოდაც უამრავ ფულს იშოვიან. 

New Front-ის ავტორის მოსაზრება კონსპირაციული და მანიპულაციურია. მართალია, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, რომელზეც სტატიის პირვანდელ წყაროშია  საუბარი უკვე წლებია გამოიყენება, covid-19-ის დასამარცხებლად ის პირველად გამოიყენეს, რაც ექსპერიმენტი იყო და მან კლინიკური ცდები ჯერ ისევ უნდა გაიაროს. ღეროვანი მკურნალობის მეთოდის არსებობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ კორანავირუსის პრეპარატი წინასწარ იყო შექმნილი ხელოვნურად გამოგონილი ვირუსის სამკურნალოდ. ამ ეტაპისთვის მსოფლიოში არ არის შექმნილი covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინები სატესტო რეჟიმშია. 

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, საუბარია  covid- 19-ით დაავადებულ ამერიკელ პაციენტზე, რომელზეც  ღეროვანი უჯრედებით  მკურნალობის მეთოდი პირველად გამოსცადეს. სტატიის თანახმად, საუბარია  არა ვაქცინაზე, არამედ მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდზე, კერძოდ,  პლაცენტას ღეროვანი უჯრედების გადანერგვით covid- 19-ის მკურნალობაზე. ისრაელის სამედიცინო კომპანია  pluristem წლებია პლაცენტას ღეროვან უჯრედებს აწარმოებს.

"

კომპანიის ანგარიშის თანახმად, რამდენიმე პაციენტს, რომელთაც კოორნავირუსით გამოწვეული ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, პლურისტემის ღეროვანი უჯრედების მეთოდით უმკურნალეს. არსებითად, ამ უჯრედებს შეუძლიათ პოტენციურად ჩაახშონ ან გააუქმონ იმუნური სისტემის საშიში ზედმეტი გააქტიურება, რომელიც, როგორც წესი,  კორონავირუსულ პაციენტებში სიკვდილს იწვევს. 

"

Pluristem-ის განცხადებით, ისინი მოხარული არიან შედეგების, თუმცა ეს პროგრამის საწყისი ეტაპია. კომპანიის პრეზიდენტი იაკი იანი ამბობს, რომ მეთოდის გამოცდა მალე დაიწყება და შესაძლოა ოფიციალური ნებართვა მათ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიიღონ, რის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება პლაცენტას უჯრედების საშუალებით ათასობით ადამიანის სწრაფად მკურნალობა.

კონსპირაციის თეორიები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შესახებ  მთელს მსოფლიოში ვრცელდება. მაგალითად, Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებდნენ კორონავირუსის ვაქცინის ფოტოს და ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინას მოსახლეობას უმალავენ.  დეზინფორმაციას 22 აპრილს  factcheck.org გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფოტოზე გამოსახულია Nobivac 1-Cv ვაქცინა, რომელიც ძაღლებს ძაღლის კორონავირუსისგან (canine coronavirus) 1971 წლიდან იცავს. 

"

რა ვიცით ნიუსფრონტის შესახებ ? 

registrator.ge-ის მონაცემებით, საინფორმაციო სააგენტო ნიუსფრონტი 2016 წლის 6 დეკემბერს არის რეგისტრირებული, თუმცა  ქართულ მედია ბაზარზე  2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ის რუსული კრემლისტური მედიის ქართულენოვანი ვებ-გვერდია. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის -  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ქართულ მედია-სივრცეში კრემლისტური მედიის გამოჩენის შესახებ მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2019 წლის ნოებერში გამოეხმუარა.


მოამზადა  თამარ ჩხიკვაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია