ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა „ბეცეჟეს“ ვაქცინა “საბჭოთა სასწაული”

9 ივნისი, 2020

2020 წლის 2 ივნისს Sputnik Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საბჭოთა სასწაული“: ექიმმა ახსნა კოვიდ-19-ის დაბალი სიკვდილიანობა ყოფილ სსრკ-ში“ ("Советское" чудо: врач объяснил низкую смертность от COVID-19 в бывшем СССР). სტატიაში მოყვანილია ექიმ ალექსანდრ მიასნიკოვის მოსაზრება, რომლის თანახმადაც,  Covid-19-ით დაბალი სიკვდილიანობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ე. წ. „ბეცეჟეს“(BCG) აცრამ განაპირობა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიასნიკოვმა “ბეცეჟეს” აცრას   საბჭოთა სასწაული უწოდა.

 

ალექსანდრ მიასნიკოვი: “პოლიტიკოსები, სერიოზული ექიმები ამას ეხლა არკვევენ, უყურებენ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს. ეს ზუსტადაც რომ საბჭოთა სასწაულია. მძიმე ავადმყოფებისა და გარდაცვლილების რაოდენობა გვიჩვენებს ეპიდემიის რეალურ ვითარებას, ხოლო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს  საკმაოდ უფრო ნაკლები სიკვდილიანობა აქვთ. უნდა გავიგოთ, რატომ”.  

მოსაზრება, თითქოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში დაბალი სიკვდილიანობა ამ ქვეყნებში „ბეცეჟეს“ აცრების არსებობითაა განპირობებული, არ ემყარება მეცნიერულად დასაბუთებულ მტკიცებულებას. არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რომლითაც აიხსნება მაღალი სიკვდილიანობა კონკრეტულ ქვეყნებში, მათ შორისაა გარდაცვლილთა აღრიცხვის მეთოდოლოგია, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარება და სხვა.  Sputnik Abkhazia-ს სტატიის სათაური ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს „ბეცეჟეს“ ვაქცინა საბჭოთა კავშირის მიღწევაა. სინამდვილეში, ვაქცინა XX საუკინის დასაწყისში საფრანგეთში შეიქმნა. 

„ბეცეჟეს“ აცრა ფრანგმა ბაქტერიოლოგებმა შექმნეს

“ბეცეჟეს“ ვაქცინა  ტუბერკულოზის წინააღმდეგ ფრანგმა ბაქტერიოლოგებმა ალბერ კალმეტმა და კამილ გერენმა საფრანგეთში  შეიმუშავეს. თავად ვაქცინაც მათ სახელს ატარებს - „კალმეტ-გერინის ბაცილის ვაქცინა“, ხოლო გვარების ინიციალებისგან ვაქცინის აბრევიატურა, ”ბეცეჟე” შეიქმნა: Bacillus Calmette-Guérin -  BCG.   ბაქტერიოლოგებმა ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1900 წელს ლილში, პასტერის ინსტიტუტში დაიწყეს. მას შემდეგ, რაც 1919 წლისთვის ვაქცინა გამოყენებულ იქნა ზღვის გოჭებზე, კურდღლებზე, მსხვილ რქოსან პირუტყვზე და ცხენებზე, 1921 წელს კალმეტმა მისი ადამიანებზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.  

"
ფოტოზე: ალბერ კალმეტი/britannica.com

"
ფოტოზე: ფილიპინელ ბავშვებს “ბეცეჟეს” აცრას უკეთებენ, 1952/Unicef

კავშირი “ბეცეჟე“ ვაქცინაციასა და COVID-19-სგან სიკვდილიანობას შორის დადასტურებული არ არის

„ბეცეჟე“ ვაქცინაციის თეორიას მეცნიერული საფუძველი არ აქვს.  კვლევებში ჩართული მედიკოსები აღნიშნავენ, რომ კონკრეტული ადამიანის მიერ „ბეცეჟე“ აცრის გაკეთება არ აძლევს მას იმუნიტეტს ახალი ვირუსის მიმართ, ხოლო „ბეცეჟე“-თი აცრილი პაციენტები არიან როგორც მძიმე დაავადებულებს, ასევე Covid-19-სგან გარდაცვლილებს შორის. 

ბრაზილიაში, სადაც არსებობს ბეცეჟეს ვაქცინაციის სავალდებულო პროგრამა ყველა ჯგუფისთვის, 8 მაისის მდგომარეობით კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 672 846 ადამიანს შეადგენს, ხოლო 35 930 ადამიანი გარდაცვლილია. ბეცეჟეს ვაქცინაციის იმავე პოლიტიკის მქონე რუსეთში, რეგისტრირებულია 467 673 ინფიცირებული და 6 ათასამდე გარდაცვლილი. სომხეთი, სადაც აღნიშნული ვაქცინა ასევე სავალდებულოა, წინ უსწრებს რუსეთს ერთ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა (13,325) და გარდაცვლილთა (211) ოდენობით. 

"
რუკაზე: ქვეყნები,რომლებშიც “ბეცეჟეს” ვაქცინაციის სავალდებულო პროგრამა მოქმედებს, აღნიშნულია ცისფრად/bcgatlas.org

იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის იმუნოლოგიის კვლევების ცენტრის კვლევით მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „ბეცეჟეს“ ვაქცინაციასა და COVID-19-სგან გამოწვეული მძიმე ან ფატალური შემთხვევების მცირე რიცხვს შორის არ დადასტურდა. კვლევის თანახმად, ფინეთი და ავსტრალია, რომლებმაც სავალდებულო ბეცეჟეს ვაქცინაცია 2006 და 1980 წლებში შეწყვიტეს, უფრო დაბალი სიკვდილიანობით ხასიათდებიან, ვიცრე ქვეყნები, სადაც “ბეცეჟე“ ვაქცინაცია სავალდებულოა. კვლევის ავტორის თქმით, არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამ ორივე ქვეყანას ახასიათებს: მათი საუკეთესო სამედიცინო მომსახურება და არამჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა. უკანასკნელი უფრო ეფექტიანს ხდის სოციალური დისტანცირების ზომების მიღებას ამ ქვეყანაში, ვიდრე კომპაქტურად დასახლებულ ქვეყნებში. 

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, რომელთა შორისაა:

  •  მოსახლეობის საშუალო ასაკი, 
  • კულტურული ნორმები, 
  • ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა, 
  • წარსულში გადატანილი ეპიდემიების გამოცდილება. 

თუმცა კონკრეტულ ქვეყნებში ეპიდემიების მიმდინარეობის აღწერა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ორგანიზაბული მოსახლეობის ტესტირება და როგორ აწარმოებენ სტატისტიკას. 

გარდაცვლილთა აღრიცხვის მეთოდოლოგია  

ყურადსაღებია, თუ რეალურად რას აღრიცხავენ ექიმები როგორც Covid-19-ისგან გარდაცვალების შემთხვევებს. BBC-ს თანახმად, თავდაპირველად ეს შეიძლება მარტივი ჩანდეს, რადგან „როდესაც Covid-19-ით ინფიცირებული ადამიანი კვდება, იგი Covid-19-სგან კვდება“. თუმცა: 

  • აღსანიშნავია, რომ იტალია აღრიცხავს Covid-19-ის მქონე პაციენტთა გარდაცვალების ნებისმიერ შემთხვევას, როგორც Covid-19-ით გამოწვეულს (ანალოგიურად იქცევიან გერმანია და ჰონგ-კონგი). დღესდღეობით აშშ-ში Covid-19-ით დაავადებული ნებისმიერი პაციენტის გარდაცვალება, მიუხედავად იმისა, თუ რა არის უშუალო გამომწვევი მიზეზი, საჯარო ანგარიშებში არის აღრიცხული როგორც Covid-19-ისგან გარდაცვალება. 
  • კორონავირუსისგან გარდაცვლილთა აღრიცვაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გარდაიცვალნენ კორონავირუსისგან, თუმცა ტესტი არ ჩაუტარებიათ. 

ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს Covid-19-ით ინფიცირებულთა მაღალ სიკვდილიანობას

მაღალი სიკვდილიაობის განმაპირობებლ ფაქტორებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საავადმყოფოებში ხელმისაწვდომი საწოლების რაოდენობა. ის ქვეყნები, რომელთაც სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალი დონე აქვთ, იძულებულნი ხდებიან, მიიღონ გადაწყვეტილება იმაზე, თუ რომელ პაციენტს უმკურნალონ.  

არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ასაკობრივი კატეგორია და თანმხლები დაავადებები. ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც პირველ ადგილს იკავებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით 13 მაისის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა უმრავლესობას წარმოადგენენ 65 წელს გადაცილებული და სხვა თანხლები დაავადებების მქონე ადამიანები.  

"
წყარო: worldometers.info

რაც შეეხება კორონავირუსის ერთ-ერთ ეპიცენტრს ევროპაში, იტალიას, იქ  გარდაცვლილთა უმრავლესობას ასევე წარმოადგენენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, რაც ასევე ზრდის ალბათობას იმისა, რომ ამ ადამიანებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი არის 65 წელს გადაციულებული. 

"
წყარო: statista.com


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითებიბს დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი