ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?

14 აპრილი, 2020

ბოლო პერიოდში  ქართულ და უცხოურ  მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ  5G ტექნოლოგიას კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. კონსპირაციის ერთ-ერთი საწყისია ბელგიელი ექიმის 2020 წლის იანვრის ინტერვიუ, რომელშიც მან 5G ტექნოლოგია და კორონავირუსის საფრთხეები ერთმანეთს დაუკავშირა. 

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა საფრთხეს 5G ადამიანების ჯანმრთელობას და არის თუ არა ის კორონავირუსთან კავშირში. 7 აპრილს ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი  სახელწოდებით “STOP  5G Georgia’’, რომელიც 14 აპრილის მდგომარეობით უკვე 5700-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. აღნიშნულ ჯგუფში აქტიურად განიხილება თეორია იმის შესახებ, რომ ეს ტექნოლოგია ადამიანის ჯანმთელობისთვის  მავნეა და მას კორონავირუსთან აქვს კავშირი.

"

“STOP  5G Georgia’’ ფეისბუქის ჯგუფში დაწერილ ერთ-ერთ პოსტს siaxleni.com აქვეყნებს,  სათაურით: “მოკლედ, ამ ანტენას ისეთი გამოსხივება ექნება…ტესტები თითქმის აღარ იქნება საჭირო ლუგარის ინფიცირებული ვართ თუ არა”- რას წერს ქართველი კაცი სოციალურ ქსელში “ - პოსტის ავტორი ვინმე გიორგი მეტრეველია, რომლის მტკიცებით,  5G ანტენის წყალობით შესაძლებელი იქნება COVID-19-ით ინფიცირებულის იდენტიფიცირება, მისივე თქმით, ამ სიხშირეს ჩვენი სიზმრების დანახვა და გაკონტროლებაც შეეძლება. 

5G ტექნოლოგიისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ წერენ სხვადასხვა პროპაგანდისტული, ანტილიბერალური და გასართობი კონტენტის მქონე ფეისბუქ გვერდები, ასევე ონლაინ გამოცემები.

ფეისბუქ გვერდები და ჯგუფები

ონლაინ/ბეჭდვითი მედია

STOP  5G Georgia!!! siaxleni.com
კარდჰუ ქართული აზრი
ფოტოები რომლებიც უნდა ნახო მარშალპრესი
Lali Moroshkina ალია
საქართველო უპირველეს ყოვლისა რეპორტიორი
ქართული გვერდი/Georgian Page  
დედაქალაქი  

 

გარდა კონსპირაციული გზავნილებისა, 5G-სთან დაკავშირებით, 10 აპრილს მედიასაშუალებამ qartuli azri.reprtiori.ge გამოაქვეყნა ვიდეომანიპულაციაც, რომლის შესახებ snopes-ზე დაყრდნობით “მითების დეტექტორი” 6 აპრილს წერდა. “ქართული აზრი” იყენებს 2019 წლის აგვისტოში ჰონგ-კონგის დემონსტრაციის ვიდეოს და მას 5G ტექნოლოგიის წინააღმდეგ პროტესტს მიაწერს.

"

რა ვიცით 5G-ს შესახებ?  

აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ. არამაიონებელი გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო  კომისიამ (ICNIRP) შეიმუშავა გეგმა, რომელიც ყველა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის, სამეცნიერო სემინარისა და საზოგადოებრივი კონსულტაციის ვრცელი მიმოხილვის შემდეგ შეიქმნა. გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში გამოყენებული 5G სიხშირე  მსგავსია იმისა, რაც მობილური ტელეფონებისთვის 1998 წლიდან გამოიყენებოდა. ექსპერტთა აზრით, არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ 5G ტექნოლოგია რამენაირად კავშირშია COVID-19-თან. ამასთან, COVID-19 ვრცელდება ისეთ ადგილებშიც, სადაც 5G ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

5G ტექნოლოგიისა და კორონავირუსის კონსპირაციული თეორიები ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით უკვე არაერთმა გამოცემამ გააქარწყლა. მთავარი განსხვავება 5G ტექნოლოგიასა და წინა თაობის სერვისებს (4G, 3G ) შორის სხვადასხვა სიხშირის რადიოტალღების გამოყენებაა. 5G იყენებს სიხშირეებს 30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში. 30-300 გიგაჰერცის  დიაპაზონში არ არის საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ადამიანის სხეულის ქსოვილებთან, კანთან კონტაქტისას მათში დაირღვეს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ცვლილება. ავსტრალიის მთავრობის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს მტკიცებით ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტები ამაზე ძლიერ რადიაციასაც არ აქვს. 

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ვებ-ჟურნალის  მიხედვით, კორონავირუსის ცილას არ აქვს უნარი, რომ 5G რადიოსიგნალები შეითვისოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ რადიაცია და ვირუსები არსებობენ სხვადასხვა სივრცეში და ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ. ვირუსი ბიოლოგიური ფენომენია, რადიოსიხშირეები კი ელექტრომაგნიტურ სპექტრში არსებობენ. შესაბამისად, 5G რადიოსიგნალები კორონავირუსის გამავრცელებელი ვერანაირად ვერ იქნება. 

ამასთანავე, WHO-ს ცნობით არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 5G     რადიოსიხშირეები იწვევს ან აძლიერებს კორონავირუსის გავრცელებას.

13 აპრილს აღნიშნულ თემას გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC & PH), მათი თქმით, ვირუსები არ გადაეცემა რადიოტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით და  შესაბამისად, 5G მობილური ქსელით COVID-19 არ ვრცელდება. 

'

Youtube-ის რეაგირება დეზინფორმაციაზე

Youtube-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის წაშლის ყველა ვიდეოს, რომელშიც საუბარი იქნება 5G ტექნოლოგიის COVID-19-თან კავშირზე. კომპანიის ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ექიმი აფრიკაში COVID-19-ის გავრცელების დაბალ დონეს 5G-ის არარსებობით ხსნიდა. 


მოამზადა თამარ ჩხიკვაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია