ანტივაქსერის დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები  “ობიექტივის” ეთერში

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

57
VIEWS

2020 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გასულ გადაცემაში “ღამის სტუდია” ტელეწმყვანმა ნინო რატიშვილმა და მოწვეულმა სტუმარმა ნონა აღდგომელაშვილმა ვაქცინების შესახებ ისაუბრეს. ნონა აღდგომელაშვილის მტკიცებით, ვაქცინები სხვადასხვა გართულებებს, მათ შორის ეპილეფსიას, აუტიზმსა და უნაყოფობას იწვევს, რის მაგალითად ფარმაცევტული კომპანია Merck-ის ვაქცინები მოჰყავს. მისი თქმით, Merck-მა რამდენიმე წლის წინ სასამართლო დავები წააგო პაპილომა ვირუსისა და წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის გამო, რომლებმაც პაციენტებში აუტიზმი გამოიწვია, ხოლო ინგლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიმსივნით დაავადების შემთხვევები გაზარდა. აღგომელაშვილის შეფასებით, ანალოგიური რისკები კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებითაც არსებობს, რადგან Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ნორვეგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. აღდგომელაშვილი აღნიშნავს, რომ Pfizer-მა ვაქცინის გამოცდაში მონაწილე 25-60 წლის მამაკაცების სპერმა გაყინა, რადგან ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უარყოფითად იმოქმედებს მამაკაცების რეპროდუქციულ უნარზე.

იმავე გადაცემაში ნონა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ იტალიაში ორიათასმა ექიმმა ჯანმოს სტრასბურგში უჩივლა, რადგან ორგანიზაციისაგან მიღებული პროტოკოლით მკურნალობა პაციენტების მასობრივ გარდაცვალებას იწვევდა, ვიდრე ექიმებმა პროტოკლო თვითნებურად არ შეცვალეს. ამასთანავე, მისი მტკიცებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კორონავირუსის პანდემიის არსებობა, რადგან 2020 წელს ევროპის  ყველა ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო ვიდრე წინა წლებში.

;

26 იანვარს “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა გადაცემის შესახებ პირად ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა.1 თებერვლის მონაცემებით პოსტს 284 გაზიარება აქვს, ხოლო უშუალოდ გადაცემის ჩანაწერი 193 მომხმარებელმა გააზიარა. რატიშვილის პოსტი ნონა აღდგომელაშვილმა 5 საჯარო ჯგუფში გააზიარა: კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა ! ! !, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!, კორონა მაფია.

ნონა აღდგომელაშვილი “ობიექტივის” გადაცემაში რამდენიმე მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს. 

  • დეზინფორმაცია #1: ფარმაცევტული კომპანია Merck-მა სასამართლო დავები წააგო, რადგან მისი წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ხოლო პაპილომავირუსის ვაქცინამ კიბოთი ინფიცირების შემთხვევები გაზარდა. 

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის წარმოებული წითელა-წითურა-ყბაყურის (MMR) ვაქცინის მიერ აუტიზმის გამოწვევის გამო ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიუ იორკის სასამართლოს 2000 წელს სარჩელით მართლაც მიმართა (Doe VS Merck). სარჩელის თანახმად, 1999 წელს ჩვილ ბიჭს Merck-ის ვაქცინით აცრის შემდეგ აუტიზმის სინდრომი განუვითარდა. სასამართლომ საბოლოო გადაწვეტილება 2019 წელს თითქმის ოცწლიანი კვლევის შემდეგ მიიღო და Merck-ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სამედიცინო და მეცნიერული თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მიიჩნია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Merck-ის წარმოებული წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა და ხანგრძლივ იმუნიტეტს აყალიბებს.

რაც შეეხება, Merck-ის მიერ წარმოებულ პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინას, სხვადასხვა დროს ჩატარებული სამეცნიერო კვლევები არ ადასტურებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში სიმსივნით დაავადების შემთხვევები გაიზარდა. აღდგომელაშვილის მტკიცებით, აღნიშნული კვლევები ინგლისში 12 წლის განმავლობაში ტარდებოდა. რეალურად, ინგლისსა და შოტლანდიაში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არათუ ზრდის სიმსივნით დაავადების რისკს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის შედეგად საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების ალბათობას. კვლევების შედეგების მიხედვით, ვაქცინაციის შემდეგ პაპილომავირუსის შედეგად სიმსივნის განვითარებისგან არა მხოლოდ ვაქცინირებული ქალები არიან დაცულნი, არამედ – პოპულაციის არავაქცინირებული ნაწილიც, რომელთაც ვირუსისაგან ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტი” იცავთ.

ადამიანის პაპილომავირუსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და გადამდები პათოგენია, რომელიც საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს იწვევს. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა 1990-იან და 2000-იან წლებში შეიქმნა და FDA-ს ავტორიზაცია 2006 წელს მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, CDC უკვე 12 წელია Merck-ის მიერ წარმოებული HPV-ის ვაქცინის შედეგების მონიტორინგს ახორციელებს და ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გვერდით ეფექტები არ გამოვლენილა. იმავე დასკვნამდე მივიდა ადელაიდის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევაც, რომელიც HPV-ს ვაქცინების შესახებ 9 წლის განმავლობაში დაგროვილ თეორიული და ემპირიული მონაცემების ანალიზს ეყრდნობოდა.

ღია წყაროებით არ იძებნება სარჩელი, რომელიც Merck-ის HPV ვაქცინას სიმსივნის გამოწვევაში ადანაშაულებს.

  • დეზინფორმაცია #2: ვაქცინები აუტიზმსა და  ეპილეფსიას იწვევს 

მითი, ვაქცინებისა და აუტიზმის შესახებ, უკვე მრავალი წელია ვრცელდება. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, აუტიზმი ადრეულ ბავშვობაში მიღებული ვაქცინების შედეგად ვითარდება, თუმცა ამ მტკიცებას აქამდე ჩატარებული არცერთი სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს. მაგალითად, 1998 წლიდან 2006 წლამდე მხოლოდ წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინისა და აუტიზმის კავშირის შესახებ 13 განსხვავებული  კვლევა ჩატარდა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არცერთ მათგანში არ გამოვლინდა. მეცნიერული კვლევები არ ადასტურბს არც იმ ჰიპოთეზას, თითქოს აუტიზმს არა ერთი კონკრეტული ვაქცინა, არამედ სხვადასხვა ვაქცინების კომბინაცია იწვევს.

აუტიზმისა და ვაქცინების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია ვაქცინების ეპილეფსიისა მიზეზად დასახელებაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია ცხელება და გულყრა განვითარდეს, თუმცა როგორც წესი, მაღალი სიცხით გამოწვეული კრუნჩხვა ერთჯერადია და მისი რისკი სხვადასხვა ვაქცინების შემთხვევაში განსხვავებულია. არსებული სამეცნიერო კვლევები არ ადასტურებს, რომ რომელიმე ვაქცინით იმუნიზაციის შემთხვევაში გულყრის გამეორების და მომავალში ეპილეფსიის განვითარების რისკები არსებობს. შესაძლოა, ვაქცინაციის შემდეგ ცხელებით გამოწვეულ გულყრას სწორედ მემკვიდრეობითი ეპილეფსიის არსებობა იწვევდეს, თუმცა არა პირიქით.

  • დეზინფორმაცია #3:  2020 წელს ევროპის ყველა ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში

2020 წელს ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობის საშუალო ყოველკვირეული მაჩვენებელი წინა წლებისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. Eurostat-ის მონაცემებით 2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ყოველკვირეული სიკვდილიანობა 2016-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩებოდა, თუმცა 2020 წლის 9-15 მარტის შემდეგ აღნიშნულმა რიცხვმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და რამდენიმე კვირაში პიკს მიაღწია. მაგალითად, 2020 წლის 30 მარტიდან 5 აპრილამდე ევროპაში ყოველ კვირაში საშუალოდ 50 000 ადამიანით მეტი იღუპებოდა, ვიდრე 2016-2019 წლებში. ხოლო 2020 წლის პირველი 44 კვირის განმავლობაში ევროპის 31 ქვეყანაში ჯამურად 321 000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2016-2019 წლებში.

;

  • დეზინფორმაცია #4: კორონავირუსის ვაქცინით ამერიკაში – 66, ნორვეგიაში – 33, ხოლო გერმანიაში – 10 ადამიანი დაიღუპა. 

ნორვეგიასა და ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ პაციენტების გარდაცვალების სტატისტიკასტან დაკავშირებით დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ნორვეგიაში ვაქცინაციით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ნორვეგიის წამლების სააგენტოსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული 33 გარდაცვალება ვაქცინებმა გამოიწვია. ამერიკაში ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვალებაზე ინფორმაცია ღია ბაზაში – VAERS-შია მითითებული, თუმცა VAERS-ში მონაცემების დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ამიტომ, გარდაცვალებებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის  დადგენა მონაცმების შემდგომ გამოკვლევას მოითხოვს.

ანალოგიურად, გერმანიაში გარდაცვლილი 10 პაციენტის შესახებ ოფიციალური ორგანიების მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, ამჟამად გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის კავშირი არ დასტურდება.

  • მტკიცებულების გარეშე: Pfizer-ის ვაქცინა მამაკაცების რეპროდუქციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამის გამო Pfizer-მა ვაქცინის კვლევაში ჩართული იმ მამაკაცების სპერმა გაყინა, რომლებიც შვილის ყოლას გეგმავლდნენ

Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევების პროცედურები, ერთ-ერთი თავი კვლევაში ჩართული მოხალისეების რეპროდუქციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მართლაც ეთმობა, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათვამი უნაყოფობის რისკის გამო სპერმის სამომავლოდ შენახვის რეკომენდაციის ან აუცილებლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინისა და მამაკაცების რეპროდუქციის შესახებ 2020 წლის 17 დეკემბერს მაიამის უნივერსიტეტის მედიცინის მკვლევრებმა კვლევა მართლაც დაიწყეს. კვლევის ფარგლებში მეცნიერები 18-50 წლის იმ მამაკაცებს დააკვირდებიან, რომელთაც pfizer-ის ვაქცინა ჩაიტარეს. კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. მკვლევრების წინასწარი შეფასებით, mRNA ვაქცინის თავისებურებების გათვალისწინებით, სავარაუდოდ კორონავირუსის ვაქცინას მამაკაცების ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება, თუმცა აღნიშნულ საკითზე ჯერჯერობით სამეცნიერო კვლევები არ არსებობს.

  • ინფორმაცია, იტალიელი ექიმების მიერ ჯანმოს პროტოკოლის დარღვევის, შემდეგ კი ჯანმოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ ღია წყაროებით არ იძებნდება.

უცნობია რას ეყრდნობა აღდგომელაშვილის მტკიცება, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ იტალიელმა ექიმებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში მსგავსი სარჩელის შესვლის შემთხვევაშიც კი, საქმის განხილვა არ დაიწყებოდა, რადგან სასამართლო განიხილავს ცალკეული ინდივიდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებს მხოლოდ “ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე” ხელმომწერი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ან კონვენციის ხელმომწერ ორ სახელმწიფოს შორის დავებს. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავის წარმოება შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ჩრდილოეთ იტალიაში 2020 წლის მაისში შეიქმნა ორგანიზაცია “NOI Denuncermo”, რომელმაც კორონავირუსით გადაცვლილი ადამიანების ნათესავების ჩვენებები შეაგროვა და 2020 წლის დეკემბერში რომის სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია იტალიის მთავრობის წევრებს კრიზისის არასწორი მართვაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 100 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არც ამ სარჩელში ფიგურირებს.


არქივის ბმული: https://archive.is/ROAH5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, აშშ, გერმანია, იტალია, ნორვეგია
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist