ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ანტივაქსერებზე ბორის ჯონსონის 2019 წლის ვიდეო ჩანაწერი მანიპულაციურად ვრცელდება

21 იანვარი, 2021

2021 წლის 19 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლები ტექსტის თანახმად, ბორის ჯონსონმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა, რასაც ავტორის მტკიცებით,  პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაწერილი მისი გამოსვლა ადასტურებს. პოსტის თამხლები ვიდეო გაეროს გენერალური ანსამბლეის 2019 წლის 24-30 სექტემბრის სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გამოსვლის ქართულად გახმოვანებული ჩანაწერია. გამოსვლაში გაერთიანებული სამეფოს ლიდერი თანამედროვე მეცნიერების მიღწევებსა და ტექნოლოგიური განვითარების სამომავლო სცენარებზე საუბრობს. ჯონსონის თქმით, მეცნიერების უახლესი მიღწევები უამრავი ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს, ამიტომაც ანტი-მეცნიერული სენტიმენტები და შიშები უნდა გადაილახოს.  “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ყურადღება პრემიერ-მინისტრის მიერ ანტი-ვაქსერული მოძრაობებისა და ნანოტექნოლოგიების ხსენებაზეა გამახვილებული. გვერდის თანახმად, ეს  გამოსვლა ადასტურებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა “ყალბი პანდემია” კაცობრიობის ვაქცინაციისთვის და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით ადამიანების გენეტიკის შესაცვლელად გამოიგონეს. 

;

20 იანვრის 22:00 საათის მდგომარეობით “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტს 134 გაზიარება აქვს. იდენტური პოსტი 20 იანვარს გვერდმა “ენა, მამული, სარწმუნოებამაც” გამოაქვეყნა.

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მტკიცება, თითქოს პანდემიის შესახებ კორონავირუსის გამოჩენამდე იცოდნენ, კონსპირაციაა და ბორის ჯონსონის გამოსვლის მცდარ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ჯონსონის ვიდეოში  კორონავირუსზე,  პანდემიასა და/ან საყოველთაო ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის გენეტიკის შეცვლაზე საუბარი არ არის. ჯონსონი ნანოტექნოლოგიებს ვაქცინების კონტექსტში არ ახსენებს. ხოლო,  ანტივაქსერული მოძრაობა, როგორც ჯანდაცვის გლობალური გამოწვევა, მხოლოდ კორონავირუსს არ უკავშირდება. 

  • რას ამბობს ბორის ჯონსონი ანტივაქსერებსა და ნანოტექნოლოგიებზე? 

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მტკიცებით, გამოსვლაში ბორის ჯონსონი ანტი-ვაქსერებს თავს იმიტომ დაესხა, რომ კორონავირუსის პანდემიის და მასთან ერთად ანტი-ვაქსერული მოძრაობის გაძლიერების შესახებ მან წინასწარ იცოდა. 

რეალურად, ანტი-ვაქსერული მოძრაობა  მხოლოდ კორონავირუსის პანდემიასთან არაა დაკავშირებული. სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ინგლისში გამოჩნდნენ, რომლებიც ყვავილის სავალდებულო ვაქცინას ეწინააღმდეგებოდნენ. ანტი-ვაქსერული მოძრაობა აქტუალობას 2017-2019 წლებშიც ინარჩუნებდა. წითელას სწრაფი გავრცელების ფონზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2019 წელს ანტივაქსერული კამპანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. ბორის ჯონსონიც ანტივაქსერულ მოძრაობას სწორედ ამ ზოგადი საფრთხეების კონტექსტში, ანტიმეცნიერული სენტიმენტების ერთ-ერთ მაგალითად ახსენებს: 

ბორის ჯონსონი: “დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად მეცნიერების წინააღმდეგ არიან. მთელი მოძრაობა, რომელსაც ანტი-ვაქსერებს ეძახიან, უარყოფენ მტკიცებულებებს, იმ როლს, რომელიც ვაქცინებმა ყვავილის დამარცხებაში ითამაშა და თავიანთი რწმენებით ვნებენ იმ ბავშვებს, რომლებსაც ასე იცავენ.”

განსხვავებით “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებისა”, ჯონსონი ვაქცინებთან და ხელოვნურ ინტელექტთან არც ნანოტექნოლოგიებს  აკავშირებს. ნანოტექნოლოგიებზე მიმდინარე კვლევები თანამედროვე მედიცინასა და ფიზიკაში ახალი მიმართულებაა და მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ არაერთი დაავადების, მათ შორის კიბოს, განკურნებაში, რადგან მათ ორგანიზმში ინფორმაციისა და მედიკამენტების სწრაფად, მაღალი სიზუსტით გადატანის უნარი აქვთ. თუმცა, მტკიცება, თითქოს ადამიანებს ნანორობოტებს ვაქცინების გზით გაუკეთებენ და ამით მათ ორგანიზმს ხელოვნურ ინტელექტთან დააკავშირებენ ან გენეტიკურად შეცვლიან, არავითარ მეცნიერულ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამგვარი განცხადება არც ბორის ჯონსონს გაუკეთებია.

ნანორობოტებზე მიმდინარე კვლევები ერთ-ერთ ტექნოლოგიურ პერსპექტივად ვაქცინებში მათი სამომავლო გამოყენების შესაძლებლობას ასახელებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მსგავსი ტექნოლოგია არ არსებობს. ნანოტექნოლოგიებსა და ვაქცინებზე გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაციის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიები: 

ვაქცინაში ნანორობოტების შესახებ კონსპირაციას გეიტსი “სულელურს და უცნაურს” უწოდებს
დეზინფორმაციები ნანორობოტებზე, გერმანულ რეგულაციებსა და ვაქცინებზე

“ბიბლიის მოწრმუნე ქრისტიანების” პოსტი იმეორებს ძველ დეზინფრომაციასაც, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის რნმ ვაქცინა ადამიანის გენეტიკას შეცვლის, რაც მეცნიერულ საფუძველს ასევე მოკლებულია. ქიმიური განსხვავებებიდან გამომდინარე, კორონავირუსის რნმ ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაზე გავლენას ვერ მოახდენს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?
რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?


მოამზადა მედეა სულამანიძემ


არქივის ბმული : https://archive.is/FAdhy


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.