რელიგია

ანტი-პარადოქსის ისლამოფობიური პოსტი ყურანის შესახებ

11 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 2 ოქტომბერს ულტრა-ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “ანტი-პარადოქსი” ისლამოფობიური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც “მტრის” მიმართ ქრისტიანობისა და ისლამის დამოკიდებულება ბიბლიიდან და ყურანიდან ამონარიდებით იყო შედარებული.

ანტი-პარადოქსი: ეს პოსტი შეიძლება ბევრმა არ მოგვიწონოს და თქვან, ბიბლიიდან "კარგი ადგილები" ამოგიღიათ, ხოლო ყურანიდან, - "ცუდებიო", მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით და არსზე კონცენტრირდებით და არა ზედაპირზე, ფოტოზე ნაჩვენებია ერთი და იგივე საკითხის (მტრის) მიმართ ბიბლიისა და ყურანის, უფრო კონკრეტულად კი, ქრისტესა და მუჰამედის დამოკიდებულება, მუჰამედი კი ფაქტიურად ყველას მტრად აღიქვამდა, ვინც მას წინასწარმეტყველად, შუამავლად არ აღიარებდა.

"

ანტი-პარადოქსის პოსტი მანიპულაციურია, რადგან:

  1. მე-9 სურის მე-5 აიადან მხოლოდ ნაწყვეტია მოცემული, რაც სურის და შესაბამისი აიას შინაარსის სრულყოფილად აღქმისთვის საკმარისი არ არის;
  2. მე-9 სურის აიების უმეტესობა მოცემულ დროში კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას აღწერს და ის უნივერსალური არ არის;
  3. იბნ-იშაქს, რომლის სახელის სწორი ქართული ფორმა იბნ ისჰაკია, ისლამის სწავლულთა ნაწილი არასანდო წყაროდ მიიჩნევს.

თეოლოგი თემურ გორგაძე მითების დეტექტორთან ანტი-პარადოქსის მეირ მოყვანილ ნაწყვეტებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ყურანიდან და სხვა ტექსტებიდან ფრაზების ამოგლეჯა ისლამოფობების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, რისი მიზანიც არა მარტო ტექსტის, არამედ მთლიანად ისლამის არსის დამახიჯნება და საზოგადოებაში ისლამოფობიის გაღვივებაა. გორგაძის თქმით, იმისათვის, რომ ყურანის სურების შინაარსი სრულყოფილად გავიგოთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი მთლიანობაში და კონკრეტული კონტექსის გათვალისწინებით განვმარტოთ.

  1. მე-9 სურის მე-4, მე-5 და მე-6 აიების განმარტება სიტუაციურად, კონკრეტულ ისტორიულ გარემოში უნდა მოხდეს

ანტი-პარადოქსის მიერ გამოქვეყნებული ციტატა მე-9 სურის მე-5 აიადან ნაწყვეტია და შინაარსობრივად იმავე სურის მე-4 და მე-6 აიას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განმარტება ერთობლივად უნდა მოხდეს. გორგაძის თქმით, აღნიშნული აიების უნივერსალურად განხილვა არასწორია, რადგანაც ისინი კონკრეტულ დროში მომხდარ ისტორიულ მოვლენას აღწერენ.

თემურ გორგაძე: “ყურანის აიები ძირითდად იყოფა სამ ნაწილად. პირველი: აიები, რომლებიც კონკრეტულ მომენტსა და ისტორიას აღწერს და იმ პერიოდის ადამიანებს აცნობებს ან უბრძანებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. მეორე, აიები, რომლებიც გვამცნობს წარსული ხალხების, ტომებისა თუ თემების დროს მომხდარ ამბებსა და მათ ისტორიებს, რათა მსგავსი ისტორიებიდან მაგალითი ავიღოთ. და მესამე, აიები, რომელნიც უნივერსალურია და ყველა დროში ყველა ადამიანს მიმართავს, შესბამისად მასში ყველა მუსლიმისთისთვის  სავალდებულოდ შესასრულებელი ბრძანებებია. მეცხრე სურას დასაწყისიც ზუსტად ზემოხსენებულ პირველ კატეგორიის აიებს მიეკუთვნება და გვამცნობს კონკრეტულ პერიოდში მომხდარ კონკტერულ ისტორულ მოვლენას და იმ პერიოდში იქ მცხოვრებ ადამიანებს აძლევს კონკრეტულ ბრძანებებსა თუ დავალებებს.”

მე-9 სურის მე-4, მე-5 და მე-6 აიები სრულად

4. გარდა იმ წარმართნისა, რომლებთანაც შეთანხმება გაქვთ და რომელთაც მას მერე არც ერთხელ არ დაურღვევიათ იგი და არავის დახმარებიან თქვენს წინააღმდეგ ეგენი. მაშ, დაიცავით შეთანხმება დათქმულ ვადამდე. უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მოკრძალებულნი არიან!
 

5 ხოლო როცა გაივლის ნაკრძალი თვეები, დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ეგენი, ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. მაგრამ თუ მოტრიალდნენ, და აღავლინეს ლოცვა და ზექათი გაიღეს, მაშ, გზა გაუხსენით მათ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
 

6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე. ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია.

გორგაძის განმარტებით, მოცემულ აიებში საუბარია “ჰუდაიბიას” სახელით ცნობილ ზავზე, რომელიც მედინაში მყოფ მუჰამედსა და მექაში მცხოვრებ კურაიშის ტომს შორის 628 წელს გაფორმდა და შემდეგ საკითხებს არეგულირებდა:

  • მუსლიმები იმ წელს ქააბას ვერ მოინახულებნენ და მედინაში დაბრუნდბოდნენ;
  • მუსლიმები ქააბას მომდევნო წელს მოინახულებნენ, სადაც მხოლოდ სამ დღეს დარჩებოდნენ, იმ პირობით თუ თან საბრძოლო იარაღი არ ექნებოდათ;  
  • როდესაც მუსლიმები ქააბას მოსანახულებლად ჩავიდოდნენ, კურაიშის ტომის წარმომადგენლები ქალაქიდან გავიდოდნენ და ქააბას მუსლიმებს  დაუთმობდნენ;
  • თუკი მექას წარმართთაგან ვინმე ისლამს მიიღებდა, მუსლიმებს ის მექას ტომისთვის უკან უნდა დაებრუნებინა და მისი დაცვის ვალდებულება არ ეკისრებოდათ, ხოლო თუ მუსლიმი მექელ წარმართებს თავს შეაფარებდა, მექელები მას უკან არ დააბრუნებენ და დაიცავდნენ.

თემურ გორგაძე: “ზუსტად ზემოხსენებული შეთანხმების დარღევის შემდეგ ზეგარდმოევლინა სურა თევბე [მე-9 სურის სახელწოდება]. და თუკი სურას წავიკითხავთ ვნახავთ, რომ ყურანი მუსლიმებს აცნობებს, რომ იწყება დიდი ჰაჯობის ანუ „ქააბას მონახულების დღეო“. ეს რას ნიშნავს? ეს არის ჰაჯობის ღვთისმსახურება, რომელიც ყველა მუსლიმისთვის სავალდებულო შესასრულებალია. დაბრასა და ბენი ქინანეს ტომებმა შეთანახმების ზოგიერთი პუნქტი დაარღვიეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მუსლიმებს არ მისცეს ქააბას მონახულების საშუალება და შესაბამისად შეუზღუდეს რელიგიური ღვთისმსახურების უფლება. ამის თაობაზე მოევლინა თევბე სურას დასაწყისი აიათები, რომელმაც წარმართებთან დადებული შეთანხმებები გააბათილა. მაგრამ აქ კიდევ ყურადსაღბია ერთი საკითი… ზოგიერთმა ტომმა შეთანხმება არ დაარღია, შესაბამისად თევბე სურას მე-4-ე აიათში ამბობს, რომ  „...და რომელთაც მას მერე არც ერთხელ არ დაურღვევიათ იგი და არავის დახმარებიან თქვენს წინააღმდეგ ეგენი. მაშ, დაიცავით შეთანხმება დათქმულ ვადამდე.

          2. იბნ ისჰაკს ისლამის სწავლულთა ნაწილი არასანდო წყაროდ მიიჩნევს

იბნ ისჰაკი მე-8 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსია. გორგაძის თქმით, მუჰამედის გადმოცემების ნაკრებთაგან, ისლამურ სამყაროში სანდო წიგნებად ცნობილია ცხრა წყარო, რომლებიც „ქუთუბ თის’ა“ (ცხრა წიგნი) სახელითაა ცნობილი, მათ სიაში კი იბნ ისჰაკის შრომები არ შედის.

თემურ გორგაძე: “ის სიტყვები, რომელზეც საუბარია აღნიშნულ ციტატაში ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება შუამალის სიტყვები, რადგან „დახოცეთ ყველა ვისაც არ სწამს ალაჰისა“ მიდგომა საფუძელშივე ეწინააღმდეგება პირველ რიგში ყურანს და შემდეგ მუჰამედის ცხოვრებას.”


წყაროს შესახებ:

ანტი-პარადოქსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი გვერდია, რომელსაც 45 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. გვერდს კატეგორიაში „ჩვენ შესახებ’’ არ აქვს მითითებული პირადი ინფორმაცია, უცნობია მისი ავტორების ვინაობაც. ანტი-პარადოქსი ძირითადად აქვეყნებს ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. გვერდი აქტიურად იყენებს სიძულვილის ენას სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. 2017 წლის 17 მაისის წინაპერიოდში ის აქვეყნებდა ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისკენ წამქეზებლურ მოწოდებებს. გვერდი  ასევე ავრცელებს ფოტო/ტექსტუალურ მანიპულაციებსა და დეზინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ანტი-პარადოქსის ფეისბუკ გვერდზე 2017 წლის 21 აპრილისთვის მოხდა ღონისძიების ორგანიზება, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გასაპროტესტებელი აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას და ორბანის პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. გამოცემა კონტრაქციაზე დასასწრებად იწვევდა “ყველა ეროვნულ, ანტილიბერალური პოზიციის მქონე ადამიანს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ უნგრეთის ეროვნულ, ანტილიბერალურ პოლიტიკას.” ანტი-პარადოქსის დაგეგმილ კონტრაქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ძირითადად იყვნენ პარტია „ქართული იდეის’’ და „თავისუფალი თაობის’’ წარმომადგენლები.


მოამზადა სოფო გელავამ