NATO-ში ინტეგრაცია
მედია

“ამერიკის ხმის” სიუჟეტის ვიდეომანიპულაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში

22 თებერვალი, 2018

11 თებერვალს, სოციალურ ქსელ Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო  პოსტი, წარწერით: “ჯონ მიარშაიმერი - ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში: ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი”.  ვიდეო კადრს, რომელზეც ტელეკომპანია “იმედის” ლოგო იყო ასახული,  ტიტრის წერწერა “ამერიკის ხმა” სპეციალურად “ქრონიკისთვის” ერთვოდა, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ წარმოდგენილი ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკა რუსეთზე მეტად აგრესიული ქვეყანაა, “ამერიკის ხმის მიერ” ტვ “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკისთვის” იყო მომზადებული. 


Facebook-ის მომხმარებლის ტიტე ნატუტარის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში 21 000 ნახვა და 340  გაზიარება (21 თებერვლის მონაცემებით) ჰქონდა, არაერთგვაროვანი რეაგირება მოჰყვა: ერთი მხრივ,  მომხმარებლები „ამერიკის ხმას“ ანტიდასავლური შინაარსის გამო აკრიტიკებდნენ, მეორე მხრივ, მომხმარებელთა ნაწილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებას გამოხატავდა მოჰყვა შედეგად.
 

uui

რეალურად გავრცელებული ვიდეო მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან მასში „ამერიკის ხმის“ მიერ 2016 წლის 13 ივნისს მომზადებული სიუჟეტის ერთი ფრაგმენტია მოყვანილი, რომელიც ერთ-ერთი ექსპერტის პოზიციას ასახავს. “ამერიკის ხმის” სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გადამეცემა “ქრონიკაში” სრული სახით გავიდა, ნატოს გაფართოებასთან და საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციები იყო წარმოდგენილი.  მომხმარებლის პროფილის ანალიზი, რომელმაც “ამერიკის ხმის” სიუჟეტით მანიპულაცია მოახდინა, იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ რომ, ის ტროლია.

„ამერიკის ხმის“ სიუჟეტის სრული ვერსია

„ამერიკის ხმის“ სიუჟეტი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ 2016 წლის 13 ივნისსაა მომზადებული და მასში ამერიკელი თეორეტიკოსის ჯონ მირშაიმერის, ნატოს ძალების ყოფილი უმაღლესი მეთაურის ფილიპ ბრიდლოვისა და აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის, სტივ ბიგანის მოსაზრებებია მოყვანილი.  
 

სიუჟეტის ავტორის, ია მეურმიშვილის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსის ჯონ მიერშაიმერის აზრით, ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა ვიდრე რუსეთი, რადგან ცივი ომის დასრულების შემდეგ 7 ომში მონაწილეობდა, ხოლო რუსეთმა სამხედრო ძალა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში გამოიყენა. სიუჟეტში მოყვანილ კომენტარში ჯონ მიერშაიმერი ნატოში  საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმს გამოთქვამს. 

სიუჟეტის მეორე ნაწილი ეთმობა ჯონ მიერშაიმერისგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე პრაქტიკოსების კომენტარებს.  ჟურნალისტის თქმით, ნატოს ძალების ყოფილი უმაღლესი მეთაური, ფილიპ ბრიდლოვი თვლის, რომ ვლადიმირ პუტინის უპირველესი მიზანი ნატოში არსებული ბზარების გამოყენება და ალიანსის გაყოფაა. 

ფილიპ ბრიდლოვი, ნატოს ძალების ყოფილი უმაღლესი მეთაური:  ბატონი პუტინის ნომერი პირველი მიზანი ნატოში არსებული ბზარების გამოყენება და ალიანსის გაყოფაა...მე საქართველოს ნატოში ბზარად არასოდეს აღვწერ. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ძალაა ISAF- ის მისიაში. საქართველომ გადააჭარბა სამხედრო მოთხოვნებს ნატოში წევრობისთვის. ისინი ყველა სიტუაციაში მსახურობენ ჩვენს გვერდით… საქართველო არა ალიანსში ბზარი, არამედ ჩვენი პარტნიორობის ბრწყინვალე წევრია“ 
ამერიკის ხმა, 13 ივნისი, 2016

სიუჟეტში ასევე მოყვანილია  აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის სტივ ბიგანის სიტყვები, რომლის თქმით კრემლი ცდილობს სამყარო დაარწმუნოს იმაში, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო ერთადერთი ქვეყანა რომელიც კონტინენტზე პრობლემებს ქმნის რუსეთია. 

დასასრულს, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით იდეოლოგიური განსხვავებები მხოლოდ ვაშინგტონში არ ისმის და ამ თემებზე საუბარი სავარაუდოდ ვარშავის სამიტზეც გაჟღერდება. ნატოს ვარშავის სამიტი  2016 წელს ვარშავაში 8-9 ივლისსს გაიმართა. 

პროპაგანდის მეთოდი

ციტატის, წყაროს  და კონტექსტის შეცვლა - ფაქტების, განცხადებების და წყაროების არასწორად ინტერპრეტირება აუდიტორიაში ეჭვების დათესვის და მცდარი წარმოდგენების შექმნის მიზნით.

სოციალურ მედიაში კონტექსტის შეცვლით “ამერიკის ხმის” სიუჟეტის ერთი ფრაგმენტის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი “ამერიკის ხმის” რედაქციამ გააკეთა:

“ამერიკის ხმა”:ერთ-ერთი ყოვლისმომცველი ვიდეო სიუჟეტი, რომელშიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა მხარის მოსაზრება იყო წარმოდგენილი, “ამერიკის ხმამ” 2016 წლის ივნისში მოამზადა. ცოტა ხნის წინ, “ამერიკის ხმასთან” არანაირი კავშირის მქონე მხარემ ეს სიუჟეტი თავიდან დაამონტაჟა და მისი ახალი ვერსია გაავრცელა. ვიდეოში მხოლოდ ის მოსაზრება შედიოდა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. თავიდან დამონტაჟებული სიუჟეტი არასრულად წარმოადგენს და ასუსტებს “ამერიკის ხმის” მიერ 2016 წელს მომზადებულ თავდაპირველ რეპორტაჟს იმით, რომ ის ორიგინალურ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაციის მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს. 

“ამერიკის ხმის”  დირექტორის, ამანდა ბენეტის განცხადებით, “ამერიკის ხმა” ძალიან სერიოზულად უდგება ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის გავრცელებას.  ამ სიუჟეტის ხელახლა დამონტაჟებული ვერსია არ წარმოადგენს “ამერიკის ხმის” ორიგინალურ, ყველა მხარის მომცველ რეპორტაჟს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ მაყურებელს ნახოს ორიგინალური სიუჟეტის სრული ვერსია.”

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი, რომელმაც  სოციალურ ქსელში ამერიკის ხმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გაავრცელა, ფეისბუკში  ტიტე ნატუტარის სახელითაა დარეგისტრირებული და სავარაუდოდ ტროლია. პროფილზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ის ფეისბუქზე 2013 წელს დარეგისტრირდა და როგორც "ჩვენ შესახებ” სექციაშია მითითებული, თბილისში ცხოვრობს. 

  • 340-ზე მეტი  ფოტოდან და 20 -ზე მეტი ვიდეოდან, რომელიც ტიტე ნატუტარის პროფილზეა განთავსებული, არცერთი არ იძლევა მისი რეალური იდენტობის დადგენის საშუალებას;
  • პროფილზე განთავსებულია კონტენტი, რომელიც  ანტი-დასავლურ განწყობებს და იოსებ სტალინის მიმართ გამოხატულ პოზიტიურ განწყობებს შეიცავს. 
  • მის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებული Facebook პოსტი, რომელიც იოსებ სტალინს ისრაელის სახელმწიფოს შექმნას მიაწერს, 18 თებერვალს თბილისი 24-მა, წყაროს მითითებით გამოაქვეყნა. 
     

"


მოამზადა დალი ქურდაძემ