პოლიტიკა

ალტ ინფოსა და საქინფორმის მანიპულაციური სათაური მეთიუ ბრაიზას განცხადების შესახებ

25 ოქტომბერი, 2019

10 ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “ალტ-ინფომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით  “მეთიუ ბრაიზა: საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ტერიტორიებზე, და რუსეთი იქიდან არასდროს წავა!”.   სტატიაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას ინტერვიუდან იყო ციტატა, რომელიც მან 8 ოქტომბერს, უკრიანულ ტელეარხ “ესპრესოსთან” გააკეთა. 10 ოქტომბერს, ალტ-ინფოს მასალა ფეისბუქ გვერდმა “ანტილიბერალურმა კლუბმა” გააზიარა.12 ოქტომბერს კი აღნიშნული მასალა “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა გადააზიარა, კომენტარით “თქვენი მხარდაჭერის შედეგი!” 16 ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” კი იდენტური შინაარსის  სტატია გამოაქვეყნა.

 

1234

 

B

 

მეთიუ ბრაიზას ფრაზა, რომელიც ალტ-ინფომ და საქინფორმმა სათაურში გამოიტანეს, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მკითხველს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის. რეალურად, ბრაიზას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროგნოზი არ გაუკეთებია, მან საქართველოში არსებული მდგომარეობა უკრაინას შეადარა და აღნიშნა, რომ ვითარება საქართველოში ბევრად რთულადაა. მეთიუ ბრაიზამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში აღნიშნა, რომ მისი მთავარი გზავნილი გულისხმობდა რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხით მანიპულირებას და მის განზრახვას, არ დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში.

  • მეთიუ ბრაიზას ინტერვიუ ტვ “ესპრესოსთან”

8 ოქტომბერს, უკრაინულ ინტერნეტ სატელევიზიო არხ “ესპრესოსთან” ინტერვიუში, მეთიუ ბრაიზამ რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე უკრაინის კონტროლის აღდგენასთან დაკავშირებით შეკითხვაზე საპასუხოდ მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეადარა და განაცხადა, რომ სიტუაცია არც ისე უიმედო და რთულია, როგორც ეს არის საქართველოში. ბრაიზას თქმით, როდესაც მან ცხინვალის საოკუპაციო ხაზი მოინახულა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან წასვლას არ აპირებს.

“სიტუაცია არც ისე უიმედო და რთულია, როგორც ეს არის საქართველოში. მე საქართველოს რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე, სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო ხაზთანაც ვიყავი, ვნახე რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის ბაზა საზღვართან ახლოს და ამ ყველაფერმა მაფიქრებინა, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე და რომ რუსეთი იქიდან არასდროს წავა. დონბასში სიტუაცია განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იქ დიდი გავლენა აქვს ყველა სფეროში, მას მაინც სჭირდება ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ამტკიცოს, თითქოს იქ სამოქალაქო ომია. უკრაინას შეუძლია მართოს საკუთარი მომავალი. უკრაინამ უკვე შეაჩერა რუსეთის სამხრეთში შეჭრა დასავლეთის მხრიდან ყველანაირი დახმარების გარეშე და ეს უკრაინის ყველა "თვალ-მარგალიტი" არ არის. უკრაინული ჯარის აღორძინება დახმარების გარეშე და წარმატებაც. ამიტომაც, უკრაინას დიდი შესაძლებლობა აქვს, დაიბრუნოს ეს ტერიტორიები და ამავდროულად შეუძლია, შეცვალოს სიტუაცია თუ იქ აღდგება უკრაინული კანონმდებლობა. ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო მდგომარეობა არ არის, თუმცა უფრო დამაიდებელია ვიდრე საქართველოში. “ - აღნიშნა ბრაიზამ.

  •  მეთიუ ბრაიზას კომენტარი “მითების დეტექტორთან”

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მეთიუ ბრაიზას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მთლიანი ინტერვიუდან არ იქნეს გამოყენებული ერთი წინადადება, რაც კონტექსტს დაამახინჯებს და არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს.

მეთიუ ბრაიზა: “მე გავაკეთე განცხადება, რომელიც მსგავსი იყო ამ ციტატის, მაგრამ არა ზუსტი. რაც მახსოვს, მე ვთქვი, რომ საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსეთის დიპლომატიური და სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთმა საბოლოოდ  განიმტკიცა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განზრახვა არ აქვს დატოვოს რეგიონი.მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიყენოთ ერთი წინადადება მთლიანი ინტერვიუდან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ რუსეთი ევროპელ დიპლომატებსა და პოლიტიკურ ლიდერებთან უკრაინის თემით მანიპულირებს, ისევე როგორც ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შემდეგ.”

 მედია პროფილები

ალტ-ინფოს შესახებ

ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს მანიპულაციური ხასიათის სტატიებს, რაც ნიშნავს, რომ იგი მკითხველს ინფორმაციას შერჩევით, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე აწვდის. პროპაგანდის ეს მეთოდი “კარტების დაწყობის” სახელითაა ცნობილი, რაც გულისხმობს, რომ მასალა ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტები შერჩევითაა მიწოდებული ან არსებითი ინფორმაცია გამოტოვებულია. 

იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები ალტ-ინფოს გავრცელებულ მანიპულაციებზე:https://bit.ly/2pOx0BY

საქინფორმის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ის თანახმად, „საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს. „საქართველო და მსოფლიოს“ მსგავსად, საქინფორმიც გამოირჩევა სიძულვილის ენის გაღვივებითა და ანტიდასავლური გზავნილებით.

“საქინფორმის” მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ სტატიებზე “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2NfOA9W


ნიკა გურინი
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი