სხვადასხვა

“ალტ-ინფოსა” და Breitbart-ის მანიპულაცია სანტა კლაუსის შესახებ

21 დეკემბერი, 2018

2018 წლის 17 დეკემბერს, ულტრანაციონალურმა ონლაინ გამოცემა “ალტ-ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “ამერიკელების 27% ემხრობა, რომ სანტა კლაუსი ქალად ან “გენდერულად ნეიტრალურ” პერსონაჟად გადააკეთონ”.  ულტრამემარჯვენე ვებ-პორტალ Breitbart-ის სტატიაზე დაყრდნობით “ალტ-ინფო” ამტკიცებს, თითქოს კომპანია Graphics Springs-ის მიერ ჩატარებული კვლევის  მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების 10% ემხრობა, რომ სანტა კლაუსი ქალ პერსონაჟად გადააკეთონ, ხოლო 17%-ს სურს, რომ ის გენდერულად ნეიტრალურ პერსონაჟად იქცეს.

"

“ალტ-ინფოსა”და ვებ-პორტალ Breitbart-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, ვინაიდან Graphics Springs-ის მიერ ინტერნეტის მეშევობით გამოკითხული მხოლოდ 514 ადამიანიდან 29%-ს პოზიციას ასახავს და არა ამერიკის მთლიანი მოსახლეობის 27%-ს აზრს. თავად გამოკითხვა ჩატარებულია ინტერნეტში, რაც მოსახლეობის აზრის გამოკითხვის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით არარეპრეზენტაბელურია.

    1. სანტა კლაუსის სქესის შესახებ კითხვას 514-მა ამერიკელმა უპასუხა

Graphics Springs-ის ინტერნეტ გამოკითხვაში დასმულ შეკითხვას “სანტას თანამედროვე საზოგადოებისათვის რებრენდიგნი რომ შეგეძლოთ, რა სქესის იქნებოდა ის?”, სულ 1015-მა ადამიანმა უპასუხა, საიდანაც ამერიკაში მაცხოვრებელი მხოლოდ 514 პირია, გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდანაა.  

514 გამოკითხული ამერიკელიდან 10,58%-ს სურს, სანტა კლაუსი ქალი იყოს, ხოლო 18,64%-ს გენდერულად ნეიტრალური სანტა უნდა.

"

შესაბამისად, გამოკითხვის შედეგები გამოკითხვაში მონაწილე 514 ამერიკელიდან 29%-ს აზრს წარმოადგენს და არა ამერიკის მთელი მოსახლეობის 27%-ს შეხედულებას, როგორც ამას “ალტ-ინფო” და Breitbart ამტკიცებენ.

    2. გამოკითხვა არარეპრეზენტაბელურია, ვინაიდან ჩატარებულია ინტერნეტში

კომპანია Graphics Springs-მა გამოკითხვა ჩაატარა ონლაინ, რაც მოსახლეობის აზრის გამოკითხვის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით არარეპრეზენტაბელურია.

ამასთან, გამოკითხვა ჩატარებულია Google surveys-ის გამოყენებით:

“ჩვენ Google surveys გამოვიყენეთ და პასუხები 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შევაგროვეთ ”,- აღნიშნულია კომპანიის ვებ-გვერდზე.

"

Google surveys უფასო და მარტივი ონლაინ პლატფორმაა, რომლის მეშვეობით ახალი გამოკითხვის შექმნა და ჩატარება ნებისმიერ ადამიანს  შეუძლია.

"

ის ფაქტი, რომ კომპანია Graphics Springs-ის კვლევა ინტერნეტში ჩატარდა, არც “ალტ-ინფოსა” და არც Breitbart-ის მასალაში აღნიშნული არაა.

გამოკითხვის მიზანი

გრაფიკული დიზიანის კომპანია Graphics Springs-ის გამოკითხვა გასართობი მიზნით ჩატარდა.

“ჩვენ სანტა მოხუც წვეროსან კაცად წარმოგვიდგენია თავისი საიმიჯო თეთრ-წითელი სამოსით, შავი ქამრითა და ირმებიანი ეტლით. მაგრამ  რა იქნება სანტას რებრენდინგი რომ მოხდეს? ჩვენ ვკითხეთ ხალხს, როგორ გააკეთებდნენ სანტას მოდერნიზებას”- ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე.

"

გამოკითხვაში სქესის გარდა დასმული იყო კითხვები, უნდა ჰქონდეს თუ არა სანტას iphone, ტატუები, მფრინავი მანქანა და სხვ.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით კომპანიამ სანტა კლაუსს ასეთი სახალისო იმიჯი შეურჩია:

"


მოამზადა ნანა რაფავამ