მიგრანტები

“ალტ-ინფომ”და Breitbart-მა ევრობარომეტრის კვლევის შედეგები გააყალბეს

7 მაისი, 2018

2018 წლის 2 მაისს, ულტრანაციონალურმა ონლაინ გამოცემამ “ალტ-ინფო” გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მიგრანტების ინტეგრაციის პროცესი წარუმატებელია”. მასალის მიხედვით, ევროკომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 55% თვლის, რომ მათ ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტების უმრავლესობის ინტეგრაციის პროცესი წარუმატებელია.

მასალა ეყრდნობა ულტრამემარჯვენე პორტალის Breitbart-ის სტატიას და აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იმიგრაციის მაღალი მასშტაბებია, განსაკუთრებით დიდია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ინტეგრაცია წარუმატებლად მიმდინარეობს. მაგალითად მოყვანილია შვედეთის (73%), საფრანგეთისა (64%) და გერმანიის (63%) სტატისტიკური მონაცემები.

"

ალტ-ინფომ და Breitbart-მა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები გააყალბეს. რეალურად, კვლევის თანახმად, მიგრანტთა ინტეგრაციის პროცესს რესპოდენტთა 54 % თვლის წარმატებულად, რაც ალტ-ინფოს მასალაში საერთოდ არაა აღნიშნული, ხოლო 40% წარუმატებლად, რაც ალტ-ინფოს ვერსიას 15 %-ით აღემატება. შესაბამისად, ალტ-ინფოს მტკიცება, თითქოს ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიგრანტების ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს, არასწორია.

გაყალბებული სტატისტიკა

წყარო, რომელსაც ალტ-ინფო და Breitbart-ი ეყრდნობიან, ევროკომისიის  მიერ 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებული ევრობარომეტრის კვლევაა, სახელწოდებით ,,იმიგრანტების ინტეგრაცია ევროკავშირში“.

კვლევის მონაცემების თანახმად, გამოკითხულ რესპოდენტთა 54%-ის აზრით, მიგრანტების ინტეგრაცია მათ ქვეყანაში წარმატებულია, 40% თვლის, რომ წარუმატებელია, 6%-მა კი არ იცის, რამდენად წარმატებულია. “ალტ-ინფოს” ვერსიაში შეგნებულად არის გამოტოვებული იმ გამოკითხულთ (54%)ა მონაცემი, რომელიც ინტეგრაციას წარმატებულად მიიჩნევს, ხოლო უკმაყოფილოთა რიცხვი 15%-ით არის გაზრდილი.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკა #1-ში ნაჩვენებია განსხვავება ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული მონაცემებსა და ევრობარომეტრის კვლევის შედეგებს შორის.

"

ჯამური მონაცემის გარდა, “ალტ-ინფოს” დამახინჯებული და გაზვიადებული აქვს შვედეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რაც იმ მანიპულაციური მტკიცების დასტურად მოჰყავს, თითქოს იმიგრაციის მაღალი მასშტაბების მქონე ქვეყნებში გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ინტეგრაცია წარუმატებლად მიმდინარეობს - განსაკუთრებით მაღალია.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შვედეთში მიგრანტთა ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად გამოკითხულთა 52% თვლის, “ალტ ინფო”-ს კი 73% აქვს მითითებული. ანალოგიურად, საფრანგეთში დაფიქსირებული რეალური მაჩვენებელი 46%-ია, ალტ-ინფოს ვერსიით კი 64%, გერმანიაში რესპოდენტთა 48% თვლის ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად, რაც ალტ-ინფოს ვერსიაზე 15%-ით ნაკლებია (იხ. ინფოგრაფიკა #2 ).

"

შეცდომაში შემყვანი სათაური

“ალტ-ინფოს” მასალის სათაურში გამოტანილი ტექსტი მკითხველს არწმუნებს, რომ ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიგრანტების ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს, რაც არასწორია. როგორც ზემოთ აღინიშნა, კვლევის თანახმად გამოკითხულ რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (54%) პირიქით, თვლის, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. “ალტ-ინფოს” მსგავსი მანიპულაციური სათაური 30 აპრილს, მასალის  პირველწყაროს, ულტრამემარჯვენე გამოცემა Breitbart-ის გავრცელებულ მასალასაც ჰქონდა.


"

"

“ალტ-ინფო”-ს მიერ მიგრანტების თემით მანიპულირება და სტატისტიკური მონაცემების დამახინჯება, პირველი შემთხვევა არაა.

პორტალი პერიოდულად აქვეყნებს დეზინფორმაციულ მასალებს, სადაც ცდილობს მიგრანტების დანაშაულთან და ტერორიზმისგან მომავალ საფრთხესთან დაკავშირებას (იხ. ინფოგრაფიკა #3 ).

მაგალითად, 2017 წლის 25 თებერვალს პორტალმა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვები გააყალბა, თითქოს მისი განცხადებით შვედეთში ჯიჰადისტი ისლამისტების რიცხვი რამოდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა. სინამდვილეში, აღნიშნული უწყების მეთაურს, ანდერს თორენბერგს ტერმინი “ჯიჰადისტი ისლამისტი” საერთოდ არ უხსენებია. მანამდე ალტ-ინფომ შვედეთში გაუპატიურებების 92% მიგრანტებს დაუკავშირა მაშინ, როდესაც შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს მიერ “მითების დეტექტორისთვის” მოწოდებული განმარტებით, დამნაშავეთა  ოფიციალური სტატისტიკა  მათი წარმოშობის ან დაბადების ადგილის მიხედვით - არ არსებობს.

"


მოამზადა ლანა კაპანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია