სხვადასხვა

ალპურ ტრადიციებზე შექმნილ შოუს სატანისტურ რიტუალად წარმოაჩენენ

11 იანვარი, 2021

2021 წლის პირველ იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Giorgi ჯგუფში “ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!” ვიდეო გააზიარა. ვიდეოს თანმხლები ტექსტის თანახმად, 2016 წელს შვეიცარიაში სარკინიგზო გვირაბის გახსნისას სატანისტური რიტუალი ჩატარდა და მას ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. ვიდეო გვირაბის გახსნის ცერემონიალის ამსახველ კადრებს ასახავს, რუსულ სუბტიტრებთან ერთად. სუბტიტრების მიხედვით, ღონისძიება სატანურ სიმბოლიკას შეიცავს, მათ შორის “დემონურ” კოსტუმებში ჩაცმულ მსახიობებს და  მუშების ფორმაში გამოწყობილ მოცეკვავეებს, რომლებიც “ზომბირებულ ადამიანებს” განასახიერებენ. კადრებს ასევე ერთვის ბიბლიური ციტატები აპოკალიფსის შესახებ. 

;

Giorgi Giorgi-ს მტკიცება, თითქოს გვირაბის გახსნა სატანისტური რიტუალი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია. 2016 წლის პირველ ივნისს შვეიცარიაში გოტჰარდის სარკინიგზო გვირაბის გახსნის ცერემონიაზე მართლაც გაიმართა კოსტუმირებული პერფორმანსი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, თუმცა სპექტაკლი არა სატანისტური რიტუალი, არამედ შვეიცარიული კულტურის ელემენტებზე დაფუძნებული მოდერნული ქორეოგრაფიული სანახაობა იყო.

გოტჰარდის გვირაბი შვეიცარიაში 2016 წლის პირველ ივნისს ჩვიდმეტწლიანი მშენებლობის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა და იგი ალპებში გამავალი ყველაზე ღრმა და გრძელი სარკინიგზო გვირაბია. გახსნის ცერემონიაზე გამართული წარმოდგენა, რომელსაც ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი სატანურ რიტუალად მოიხსენიებს, სინამდვილეში 600-მდე მსახიობის, მუსიკოსისა და მოცეკვავის მონაწილეობით დადგმული ქორეოგრაფიული სპექტაკლია, რომელიც სხვადასხვა თემას, სიმბოლოსა და კულტურულ ელემენტს აერთიანებდა. მაგალითად, ყვითელ ფორმაში ჩაცმული მოცეკვავეები არა -  სატანას დამორჩილებულ “დაზომბებულ ადამიანებს”, არამედ რეალურად გვირაბის მრავალწლოვან მშენებლობაში ჩართულ ათასობით მუშას განასახიარებდნენ. 

;;
Peter Klaunzer/AFP/Getty Images

გერმანელი რეჟისორის ფოლკერ ჰესეს მიერ დადგმული სპექტაკლის ძირითადი კონცეფცია “გოტჰარდის მითოსი” იყო და კოსტუმირებული სანახაობაც ტრადიციული ალპური დღესასწაულების მოტივებზე იყო შექმნილი. შესაბამისად, გახსნის ცერემონიაზე ჯიხვის ფორმაში ჩაცმული მსახიობების გამოჩენა არა სატანურ კულტითან ასოცირებულ თხა - ბაფომეტს, არამედ ალპურ ენდემურ ჯიხვს უკავშირდება, რომელიც წარმოდგენის დროს თივის ზვინის ფორმებში ჩაცმულ მსახიობებთან ერთად ცეკვავდა. 

;;
Photo: Fabrice Coffrini/AFP

ალპების მაღალმთიან დასახლებებში კოსტუმირებული წარმოდგენები შუა საუკუნეებიდან იმართება, რომლის დროსაც ადამიანები ცხოველებს, მცენარეებსა და მითიურ პერსონაჟებს განასახიერებენ. ალპების მკვიდრნი მსგავს წარმოდგენებს საახალწლოდ ან ნაყოფიერების დღესასწაულზე აწყობდნენ და მასში მონაწილე პერსონაჟები არა მხოლოდ დადებითი გმირების, არამედ ადამიანთა “ბნელი მხარეების” წარმოჩენასაც ემსახურებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გოტჰარდის გვირაბის გახსნისას გამართულ წარმოდგენას რეჟისორის მიერ გამოყენებული მოდერნული ელემენტების გამო არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა მედიასა და სოციალურ ქსელებში. სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებლის შეფასებით, წარმოდგენა შვეიცარიულ კულტურას სათანადოდ ვერ ასახავდა, ხოლო ბრიტანულმა გამოცემებმა BBC და Daily Mail მას “უცნაური” უწოდეს.

გოდჰარტის გვირაბისა და სატანიზმის კავშირზე მცდარი ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა 

Giorgi Giorgi-ის პოსტისათვის დართული ვიდეო პირველად 2016 წლის 12 ივნისს რუსი მომხმარებლის - Ученик Яхшуа ха Машиаха Олег Демиров-ის  იუთუბ არხზე გამოქვეყნდა. კონსპირაციის თეორია, თითქოს გოდჰარტის გვირაბი სატანიზმთან იყო დაკავშირებული გავრცელდა რუსულ და ინგლისურენოვან ვებ-გვერდებზე. გოდჰარტის გვირაბის გახსნის ცერემონიალის შესახებ ანალოგიური მცდარი ცნობები პრო-რუსული გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” 2020 წლის 10 ნოემბრის მასალაშიც გვხვდება, რომელიც რუსი კინორეჟისორისა და წამყვანის ნიკიტა მიხაილოვის გადაცემა “ბესოგონს” ეყრდნობა. “საქართველოს და მსოფლიოს” სტატიის თანახმად, გოდჰარტის გვირაბის გახსნა დედამიწაზე ანტი-ქრისტეს მოსვლის გათამაშება იყო, რაც ადასტურებს, რომ დასავლეთში სატანიზმი ღიადაა გავრცელებული.


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.