აძლევს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას პრაიდის აკრძალვის უფლებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

49
VIEWS

3 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „პატრიოტმა“ გაავრცელა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი და ასევე კანონი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მთავრობას უფლებას აძლევს, 5 ივლისს დაგეგმილი “ლგბტ აღლუმი” გააუქმოს .

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი: “საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს იმ ტიპის შეკრებისა და მანიფესტაციის და/ან სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძვლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილში და ორ კანონში: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. კონსტიტუციითა და ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით განმტკიცებული საზოგადოებრივი უფლება, რომელიც გამომდინარეობს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებიდან, ხელისუფლებას ავალდებულებს, კრიტიკულ მომენტში, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს მოთხოვნის მართლზომიერება და დააკმაყოფილოს იგი, ანუ გააუქმოს 5 ივლისს დაანონსებული “ლგბტ აღლუმი”.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 თავში აღნიშნული შეზღუდვა ღირსების მარშზე არ ვრცელდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში მკაფიოდაა მითითებული, რომ შეკრების შეზღუდვა ხდება ძალადობის პროპაგანდის და შუღლის გაღვივების შემთხვევებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში კი განმარტებულია, რომ კანონის ნებისმიერი შეზღუდვა არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ამასთანავე აღნიშნულია, რომ კანონის ინტერპრეტაცია ხდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების საფუძველზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, რომლის განმარტებით ნაწილში მკაფიოდაა მითითებული, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას ლგბტ პირთა უფლებების დაცვისაკენ მიმართული მშვიდობიანი შეკრების უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნტქის  მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასარიდებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ პუნქტით მანიპულირებს ლორთქიფანიძე, როდესაც ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს არ დაუშვას ღირსების მარშის ჩატარება. თუმცა, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლში მკაფიოდ არის მითითებული ის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს შეკრების ან მანიფესტაციის შეზღუდვის უფლება ეძლევა. ესენია:

  • მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ,
  • მოწოდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ,
  • ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომის და ძალადობის პროპაგანდა,
  • მოწოდება, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
  • მოწოდება, რომელიც ქმნის ამ პუნტქით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ამ განმარტებით ჩანს, რომ ღირსების მარშის დეკლარირებული მიზანი, რომელიც წარმოადგენს ლგბტ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ პირთა თანსწორი უფლებების დაცვის მოთხოვნას კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში არ თავსდება და შესაბამისად სახელმწიფოს ვერ ექნება ღირსების მარშის აკრძალვის უფლება.

ამ საკითხზე კომენტარისათვის “მითების დეტექტორი” ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს, გიორგი მელაძეს დაუკავშირდა.

გიორგი მელაძე: “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ამბობს, როგორ იცავს გამოხატვის თავისუფლებას და მყისიერი საფრთხის შემცველი შეკრების რეგულირებას უშვებს და არა აკრძალვას. საფრთხე ვისგანაც მომდინარეობს. მათი, ვინც ძალადობის საფრთხეს შეიცავს, იმის შეზღუდვას ითვალისწინებს”.

აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მერვე მუხლში აღნიშნულია, რომ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.

კანონის მეორე მულხლში კი ნათქვამია, რომ კანონის ინტერპრეტირება ხდება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს კანონით არის გათვალისწინებული და დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის ან კრიმინალის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად არის აუცილებელი.

მე-11 მუხლის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ იმ პირებმა, რომლებსაც აქვთ არაპოპულარული შეხედულებები ან ვინც უმცირესობას მიეკუთვნებიან, შეძლონ ამ უფლებით სარგებლობა. განმარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, იმ შემთხვევებში, რომლებიც სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად ორგანიზებულ ღონისძიებებს ეხებოდა დაასკვნა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და შეზღუდოს ჰომოფობიური სიტყვიერი თავდასხმა და ფიზიკური ზეწოლა კონტრ-აქციის მონაწილეთა მხრიდან.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ამ შემთხვევაში პრეცედენტულია საქმე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი მშვიდობიანი მარშის ჩაშლა წარმოადგენდა მე-11 მუხლში ჩარევას, ვინაიდან კონვენცია იცავს გამოხატვის საჯარო ფორმებს, მათ შორის მშვიდობიან შეკრებას და შეხედულებების გამოხატვას სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ცნობიერების ასამაღლებლად და მათ მხარდასაჭერად.

დიმიტრი ლორთქიფანიძის მანიპულაციური მტკიცების მსგავსი ინტერპრეტაცია გავრცელდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესახებაც, თითქოს ის საქართველოს ხელისუფლებას უფლებას აძლევდა არ ჩაეტარებინა თბილისი პრაიდის ღონისძიებები. ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორი” მიერ მომზადებული მასალა:
ECHR: კონტრდემონსტაციამ არ შეიძლება შეაფერხოს დემონსტრაციის უფლების განხორციელება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

წყარო

პრი
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist