აჩვენებს თუ არა დროსტენის ტესტები ცრუ კოვიდდადებით პასუხს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

378
VIEWS

29 ოქტომბერს თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა პირად ფეისბუქ გვერდზე  გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე.წ. დროსტენის ტესტები ჯანმომ ინფექციურობის ინდიკატორების საფუძვლად გამოიყენა და სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა პანდემია, სინამდვილეში კი, პოსტის მიხედვით, დროსტენის ტესტები არ მუშაობს და ის ცრუ დადებით პასუხს აჩვენებს. ნონა აღდგომელაშვილის პოსტში მტკიცების გასამყარებლად მოყვანილია ტანზანიის პრეზიდენტის მაგალითი, რომელმაც თითქოს დროსტენის ტესტები თხაზე, პაპაიასა და მანქანის ზეთზე გამოსცადა და დადებითი პასუხი მიიღო. პოსტში ასევე წერია, რომ გერმანელი იურისტი რაინერ ფულმიხი და მისი კოლეგები  დროსტენის ტესტების წინააღმდეგ მასალებს აგროვებენ, რათა აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

დროსტენის ტესტების შესახებ გავრცელებული პოსტი მტკიცებულეების გარეშეა. რეალურად, კრისტიან დროსტენი წარმატებული გერმანელი ვირუსოლოგია, რომელიც სხვა ვირუსების დამდგენელ ტესტებზე ადრეც მუშაობდა, ხოლო მის მიერ შექმნილი კოვიდის ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. 

  • ვინ არის კრისტიან დროსტენი და რა ვიცით კოვიდის ტესტებზე?

კრისტიან დროსტენი გერმანელ ვირუსოლოგი და Berlin’s Charité ჰოსპიტლის ვირუსოლოგიის დეპარტამენტის უფროსია, რომლის პროფილს სწორედ ახალი ვირუსები და მათი კვლევა წარმოადგენს. დროსტენი გერმანიაში დიდი ნდობით სარგებლობს, რაც გამოწვეულია მისი წარსული წარმატებითაც, კერძოდ, დროსტენმა შეიმუშავა ახალი Zika ვირუსისა და MERS (Middle East Respiratory Syndrome)-ის ტესტები. ის იყო ასევე ერთ-ერთი პირველი პროფესორი, რომელმაც 2003 წელს აღმოაჩინა SARS-Severe Acute Respiratory Syndrome) ვირუსი და აგრეთვე შექმნა მისი მაიდენტიფიცირებელი პირველი ტესტიც. გერმანელებისათვის კრისტიან დროსტენი პანდემიის განმავლობაში საკულტო ფიგურად და გმირად იქცა, გერმანულენოვანმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung მას Der Corona-Aufklärer der Nation ანუ “ერისათვის კორონავირუსის ამომხსნელი” უწოდა. მასზე, როგორც გერმანელ დოქტორ ფაუჩიზე ასევე წერდა ბლუმბერგიც.

გერმანიაში გამკაცრებულმა საკარანტინო რეჟიმმა გარკვეული ჯგუფების აგრესია სწორედ კრისტიან დროსტენისკენ, როგორც შეზღუდვების ინიციატივის ავტორისკენ, მიმართა. დროსტენმა მიიღო  მუქარის შემცველი გზავნილიც, სადაც კონვერტში მოთავსებულ სითხეს ეწერა “დალიე და იმუნური გახდები”.

ნონა აღდგომელაშვილი პოსტში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად არ ასახელებს არც ერთ წყაროს, რაც დამაჯერებლობას შესძენდა პოსტის შინაარსს დროსტენის ტესტების შესახებ. შესაბამისად ცნობები, თითქოს დროსტენმა “აურია ტესტი და ვაქცინა, შემდეგ კი იდეით შეპყრობილმა  გააკეთა ახალი კორონა ტესტი ლაბორატორიულ პირობებში” მტკიცებულებების გარეშეა.

დროსტენის ტესტები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გენომური კვლევის ლაბორატორიაში დამზადდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეისყიდა. ჯანმომ ტესტების სიზუსტის შესახებ დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის 3 სხვადასხვა ლაბორატორიაში გადამოწმდა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ყველა ჩატარებული ტესტი 100%-ით ზუსტი არ არის, თუმცა ხარვეზები როგორც წესი სამედიცინო პერსონალის მიერ ნიმუშების არასწორად აღების ან ლაბორატორიის პერსონალის შეცდომის გამო ვლინდება.

  • აყენებს თუ არა ტესტის სანდოობას ეჭვქვეშ ტანზანიის პრეზიდენტი?

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციის შემცველია იმ ნაწილშიც, სადაც ტანზანიის პრეზიდენტი თითქოს უარს ამბობს დროსტენის ტესტის გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა თხაზე, პაპაისა და მანქანის ზეთზე ტესტირებისას.

გარდა იმისა, რომ სინამდვილეში მან განათლება მიიღო  University Of Dar Es Salaam-ში, ტანზანიაში და არა ინგლისში, როგორც ეს პოსტშია მითითებული,  ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შემჩნეულია კორონავირუსის შედეგად დაღუპულ პირთა სტატისტიკის დამალვაში.

მაგუფულიმ ასევე განაცხადა, რომ მან ტესტი ჩაატარა თხაზე, პაპაიასა და მწყერზე, რის შედეგადაც დადებითი პასუხები მიიღო, ამის საფუძველზე კი მან ეჭვქვეშ დააყენა ტესტების სანდოობა. გარდა პრეზიდენტის განცხადებისა, ამ ფაქტის არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ასევე არ დასტურდება, თუ რომელ ტესტებს გულისხმობდა ტანზანიის პრეზიდენტი და აქვს თუ არა მას კავშირი დროსტენთან. აღნიშნულის შესახებ ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Snopes-იც წერდა.

  • რა ვიცით რაინერ ფულმიხზე და რას ამბობს ის დროსტენის ტესტებზე?

რაინერ ფულმიხი გერმანელი ადვოკატი და ერთ-ერთი ცნობილი კორონასკეპტიკოსია, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ PCR ტესტები არასანდოა. ხოლო საგამოძიებო კომიტეტი, რომელზეც ნონა აღდგომელაშვილის პოსტშია საუბარი, 2020 წლის 10 ივნისს შეიქმნა 4 იურისტის მიერ და მისი მთავარი მიზანია, “ლოკდაუნი” მიიჩნიოს როგორც ადამიანის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაული.

ფულმიხის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:

  •  რას ამტკიცებს Яков Джугашвили და შეიტანეს თუ არა  სარჩელი კორონავირუსის წინააღმდეგ?

ფულმიხი დროსტენის ტესტთან დაკავშირებით მიუთითებს თავად მეცნიერის მიერ 2014 წელს Wirtschaftswoche-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც დროსტენის განცხადებით, MERS-ის ვირუსის დიაგნოსტიკისათვის გამოყენებული  PCR ტესტები განსაკუთრებით მგრძნობიარეა და რეაგირებს ვირუსის ერთი გენეტიკური მოლეკულის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რაც ნიშნავს, რომ დაავადების მსუბუქი შემთხვევებიც შესაძლებელია მოხვდეს დაავადებულთა საერთო რიცხვში. ფულმიხმა ეს ინფორმაცია გაავრცელა Covid-19-ის დიაგნოსტიკისათვის შექმნილ PCR ტესტებზეც იმ მითითებით, რომ ასეთი მგრძნობიარე ტესტის გამოყენება შედეგად იძლეოდა ყალბ დადებით პასუხებს და უსაფუძვლოდ იწვევდა კოვიდდადებითი პაციენტების რიცხვის ზრდას.

თავად დროსტენი მიუთითებს, რომ მის მიერ შექმნილმა  PCR ტესტმა გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება და ამ ტესტის მიერ ნაჩვენები შედეგი “ეჭვგარეშეა”.

Norddeutscher Rundfunk-ის ყოველკვირეულად განახლებად, კორონავირუსის გავრცელებასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პოდკასტში 22 სექტემბერს ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სანდრა ცისეკმა განაცხადა, რომ  კორონავირუსის დიაგნოსტიკისათვის PCR ტესტი “ოქროს სტანდარტად” რჩება.

წყაროს შესახებ

ნონა აღდგომელაშვილი ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას Covid-19-თან დაკავშირებით, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ის ექიმი-თერაპევტის სტატუსით მიწვეული იყო ტვ “ობიეტივის” და “ილიონის” გადაცემებში.

ნონა აღდგომელაშვილი ავრცელებდა ყალბ ამბებს თითქოს, პირბადის ტარება არა თუ კორონავირუსისგან გვიცავს, არამედ პირიქით, ხელს უწყობს ჰიპოქსიის განვითარებას. მან ასევე არასწორად მიუთითა, თითქოს დონალდ ტრამპმა პირბადის ტარებას სოციალური მონობის სიმბოლო უწოდა და ასევე კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა ენტონი ფაუჩის განცხადება ისე, თითქოს ფაუჩიმ პირბადის ტარებას მხოლოდ  ეთიკური, სხვების პატივსაცემი ჟესტი უწოდა და გამორიცხა მისი მეშვეობით კორონავირუსისაგან თავის დაცვა.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ნონა აღდგომელაშვილის პოსტს 5 ნოემბრის 14:30 საათის მდგომარეობით 106 გაზიარება აქვს, რომელთაგან უმეტესი წილი მოდის ფეისბუქ მომხმარებელ Davit Maia Davitlidze Dalakishvili – ზე, რომელმაც აღნიშნული პოსტი გააზიარა ფეისბუქ ჯგუფებში “კორონა მაფია”, “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე”, “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია” და სხვა.


 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist