ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

7 ნაბიჯი კორონავირუსზე დეზინფორმაციისაგან თავის დასაცავად

27 მარტი, 2020

Politifact-მა კორონავირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია შეამოწმა და  მიღებული გამოცდილების საფუძველზე გვთავაზობს 7 რჩევას, როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცისაგან: 

       1. შეისწავლეთ საბაზისო ინფორმაცია დაავადების შესახებ

რა სიმპტომები აქვს? როგორ ვრცელდება? რომელია მსგავსი დაავადებები? რაც უფრო საფუძვლიან ინფორმაციას ფლობთ, უფრო მეტად მომზადებული იქნებით ინტერნეტში გავრცელებული დიზინფორმაციის გამოსავლენად. ინფორმაციისთვის მიმართეთ ოფიციალურ წყაროებს:  https://www.cdc.gov/; https://www.who.int/

       2. არ მიაქციოთ ყურადღება პოსტებს, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს  დაავადების გავრცელება დაგეგმილი იყო

თავდაპირველად შეიძლება რთული იყოს იმის განსაზღვრა, თუ სად დაიწყო ეპიდემია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ახალი დაავადებაა. ამ დროს საზოგადოება ხშირად შეთქმულების თეორიებს მიმართავს. ზოგიერთს სჯერა, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც შემუშავდა ლაბორატორიაში ან დაგეგმილი იყო ძალაუფლების მქონე პირის მიერ გამდიდრების მიზნით. ეცადეთ, არ აყვეთ მსგავს უსაფუძვლო ინფორმაციას.

       3. გადაამოწმეთ ფოტოები და ვიდეომასალა

ამჟამინდელი ეპიდემია კარგ ფონს ქმნის კონტექსტიდან ამოვარდნილი და არასწორი ვიზუალის გაზიარებისთვის. იყავით სკეპტიკური ფოტოებისა და ვიდეომასალის მიმართ, რომელზეც ასახულია დაზარალებულები ან მთავრობის რეაგირება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, ფოტოს ან ვიდეოს გადამოწმებისათვის გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა Google Reverse Image Search, RevEye და InVid.

       4. გადაამოწმეთ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ასევე ფატალურად დასრულებული შემთხვევების ციფრი

ეს ის ციფრებია, რომელსაც ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები  ეპიდემიის სიმძიმის შესაფასებლად იყენებენ და ისინი ყოველდღიურად იცვლება. მსგავსი სიტუაცია ინფორმაციის კონტექსტის გარეშე გავრცელების ან მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობას ქმნის. დაავადებულების შესახებ სწორი ციფრების მოძიებისთის შეგიძლიათ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდს მიმართოთ. 

      5. უფრთხილდით დაავადების არასერიოზულად აღქმის ან გადაჭარბების მცდელობებს 

ეპიდემიის პოლიტიზირება ხშირად ხდება და ზოგიერთი ადამიანი მას სხვების დადანაშაულების მიზნით იყენებს. უფრთხილდით ისეთ განცხადებებს, რომლებიც ადანაშაულებს პოლიტიკოსს, პარტიას ან ხალხის ჯგუფს. მაგალითად, პრეზიდენტმა ტრამპმა  ბარაკ ობამა კორონავირუსის ტესტირებაზე არსებული ლიმიტის გამო დაადანაშაულა. ეპიდემიას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი გააჩნდეს, დადანაშაულება კი მარტივი არ არის. 

      6. ნუ გააზიარებთ პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებს ოფიციალურ წყაროებთან კონსულტაციის გარეშე 

მსოფლიოში ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში  პრევენციისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, როგორიცაა მათეთრებლის დალევა, საფრთხის შემცველია, ზოგი კი  - უწყინარი, თუმცა შედეგი ერთია: დეზინფორმაციის გავრცელება. ვირუსისაგან თავის დაცვის გზებზე დადასტურებული ინფორმაციისათვის მიმართეთ ოფიციალურ ორგანოებს.

      7. დააკვირდით უცნობ ფაქტებს

მეცნიერებისთვის ბევრი რამ დღემდე უცნობია. ისეთი დეტალები, როგორიცაა დაავადების გავრცელება, ინკუბაციის პერიოდი და სიკვდილიანობა  ხანგრძლივ შესწავლას საჭიროებს. ამასობაში ინტერნეტში არასწორი ან გამოგონილი ინფორმაცია ვრცელდება. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, დასჯერდით ამ დროისათვის დადასტურებულ ინფორმაციას. მოძებნეთ სანდო წყაროები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხზე ინფორმაცია არ მოეპოვებათ. 

"