სხვადასხვა

5 წელი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან

25 მარტი, 2019

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 5 წელი გავიდა. ეს დღე რუსეთში დღესასწაულად არის გამოცხადებული, ხოლო ანექსია შეფასებულია, როგორც “გრძელი გზა შინისკენ”, “ისტორიული დაბრუნება”, წლისთავის აღმნიშვნელ ფესტივალს “ყირიმის გაზაფხულიც” კი უწოდეს. ვლადიმირ პუტინი მეხუთე წლისთავის აღსანიშნავად თავად ჩავიდა ყირიმში და ორი ელექტროსადგური,  რომლებიც რეალურად გასული წლიდან ნაწილობრივ მოქმედებდნენ, საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამავდროულად, Sputnik-ი, რომელიც ანექსიას, როგორც “გრძელ გზას შინისაკენ” მოიხსენიებს, აქტიურად აქვეყნებს პოზიტიურ სტატიებს ყირიმის ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე. ამასთან, კრემლისტურ მედიაში მკაფიოდაა გაცხადებული, რომ, პუტინის სიტყვებით, ყირიმის საკითხი “საბოლოოდ დახურულია”, ხოლო 2014 წლის “რეფერენდუმი”, რუსეთის მთავრობის არაერთი განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას სრულად შეესაბამება.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ 2014 წელს ყირიმის ანექსიის საკვანძო ეტაპებს.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვლის უკრაინის რევოლუციას, „ევრომაიდნის“ მოვლენებს მოჰყვა. უკრაინის უმაღლესი რადას მიერ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადააყენების შემდეგ, 22-23 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთელი ღამე მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რომელზეც ჩამოგდებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს განიხილავდნენ. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“.

7-23 თებერვლის პერიოდში რუსეთში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა, ამდენად, თებერვლის მოვლენებისას რუსეთი პასიური დამკვირვებლის როლით იყო შემოფარგლული და მხოლოდ სიტყვიერ პროტესტებს გამოთქვამდა უკრაინაში „ფაშისტური ელემენტების" ხელისუფლებაში მოსვლის გამო. 23 თებერვლიდან კი ყირიმში პრო-რუსული ძალების აქციები დაიწყო.

  • 2010 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრო-რუსული ორიენტაციის მქონე ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე იულია ტიმოშენკო დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და საბოლოოდ, 2011 წლის ოქტომბერში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;
  • 2013 წლის 21 ნოემბერს იანუკოვიჩის კაბინეტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე და დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ. ამას მოჰყვა გამოსვლები კიევში, კრიზისის მორიგი გამწვავება კი პარლამენტის მიერ ანტი-საპროტესტო კანონის მიღებამ გამოიწვია;
  • 2014 წლის 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში;
  • 24 თებერვალს პრო-რუსულმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე;
  • 27-28 თებერვალს მძიმედ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც “მწვანე კაცუნები” შეარქვეს, ყირიმში 2 აეროპორტი და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს; რუსეთის ფედერაციის რაკეტების გამშვებმა გემმა დაბლოკა ბალაკლავას ნავსადგური, რუსეთის რვა სამხედრო შვეულფრენმა კი ანაპადან სევასტოპოლში გადაინაცვლა. უკრაინის ლიდერებმა რუსეთისგან შეტყობინება მიიღეს, რომ თუკი უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთს არ გადასცემდა, ეს უკანასკნელი მთელი ქვეყნის ოკუპირებას მოახდენდა;
  • 1 მარტს რუსეთის დუმამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნა, უკრაინაში რუსული ინტერესების დაცვის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • 11 მარტს ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს;
  • 16 მარტს, პრო-რუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ორ კითხვას ითვალისწინებდა - „უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?“ ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა  ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას  დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველომ;
  • 2014 წლის 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" ბრძანებას მოაწერა ხელი, შედეგად, ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ   შევიდა. აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ ყირიმის აგრესია დაგმო: "არ მომხდარა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ასევე არ არსებობდა პირდაპირი საფრთხე ეთნიკურად რუსი უმცირესობისთვის, განსაკუთრებით, ყირიმის შემთხვევაში."თუმცა, უკვე სექტემბერში პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის ხელმძღვანელების პოსტზე 3-3 კანდიდატურა წარადგინა.

იხ. Timeline 


დეზინფორმაციის კამპანია

უკრაინაში კონფლიქტისა და ყირიმის ანექსირების პარალელურად რუსეთის სახელმწიფო მედიები უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიაში ჩაერთნენ. EU vs. Disinfo-მ კონფლიქტის ადრეულ ეტაპებზე უკრაინის წინააღმდეგ გავრცელებული სამი თვალსაჩინო დეზინფორმაცია გამოაქვეყნა.

1. 2014 წლის 12 ივლისს რუსეთის პირველმა არხმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის უკრაინელი ნაციონალისტების მიერ სამი წლის ბავშვის ჯვარზე გაკვრას შეესწრო. თუმცა რუსეთიდან და უკრაინიდან ბლოგერებმა მალევე დაადგინეს, რომ რესპონდენტი მსახიობი, ხოლო ბავშვის ჯვარზე გაკვრის ისტორია გამოგონილი იყო.

"

2. 2014 წლის 14 ივლისს რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების ბოინგი ჩამოაგდეს. წლების მანძილზე RT და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციას ახმოვანებდნენ. ბოინგის ჩამოგდებაში რუსი სამხედროების მონაწილეობა და რუსეთის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ნარატივების ანალიზი Bellingcat-მა შეძლო.

"

3.  2015 წლის აპრილში რუსულმა არხმა НТВ-მ მოამზადა სიუჟეტი, თითქოს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სამთავრობო ძალებმა 10 წლის გოგონა მოკლეს. BBC-ის ჟურნალისტი ნატალია ანთელავა ამ ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე შეეცადა და აღმოჩნდა, რომ ამბავი მთლიანად გამოგონილი იყო.


მოამზადა თათია ნიკვაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია