ეკონომიკა

“42-ე პარალელი” საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს ევროპულ ინსტიტუტებს აბრალებს

11 მაისი, 2018

2018 წლის 5 მაისს, საზოგდოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელის” ეთერში გავიდა გადაცემის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის სიუჟეტი, რომელიც ევროპის ერთიანობის იდეასა და ევროკავშირის “სისტემური კრიზისის ანატომიას” შეეხებოდა. სიუჟეტში მნიშვნელოვანი წილი დაეთმო საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს, რასაც სიუჟეტის ავტორი ე.წ. “ტროიკის” (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პოლიტიკის შედეგად წარმოაჩენს. გაბიცინაშვილის თქმით, ამ ინსტიტუტების პოლიტიკამ საბერძნეთის ეკონომიკური სისტემის კოლაფსი გამოიწვია.

მათე გაბიცინაშვილი: “სწორედ მაასტრიხტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსტიტუციური მოწყობაა დღევანდელი ევროზონის სისტემური კრიზისის ძირითადი მიზეზი. მაასტრიხტის ხელშეკრულებამ შექმნა ევროკავშირის ერთიანი მონეტარული კავშირი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა შეექმნა ერთიანი პოლიტიკური კავშირი...ამის შედეგია ის, რომ მაგალითად საბერძნეთში დემოკრატიულად მოსულმა ხელისუფლებამ ორგზის არჩევნებისა და რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგაც კი ვერანაირად ვერ მოახერხა ტროიკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან თავსმოხვეული, გამანადგურებელი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შეცვლა….. თუ რამდენად დამანგრეველი აღმოჩნდა ამ ზეწოლის შედეგად გატარებული პოლიტიკა, არაერთხელ გინახავთ ტელევიზიით - ათენის გადამწვარი ქუჩები, გაბრაზებული მოსახლეობის პოლიციასთან შეტაკებები და ეკონომიკური სისტემის კოლაფსი."

“42-ე პარალელი” საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს მთლიანად ევროკავშირის და ევროპული ინსტიტუტების პოლიტიკის შედეგად წარმოაჩენს. სიუჟეტის ავტორი მკითხველს არ აწვდის ინფორმაციას საბერძნეთის დიდი ოდენობით საბიუჯეტო ხარჯვების, პროტექციონისტური ეკონომიკის, გადასახადების დამალვისა და სხვა სტრუქტურული პრობლემების შესახებ, რამაც საბერძნეთი რეალურად ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

მითების დეტექტორი გთავაზობთ მცირე მიმოხილვას საბერძნეთის ეკონომიკის შესახებ ე.წ. “ტროიკის” მიერ ფინანსური დახმარების გაწევამდე, რომელიც აჩვენებს, რომ კრიზისი რეალურად ქვეყნის საზღვრებში მომწიფდა და გარე აქტორების მიერ გამოწვეული არ ყოფილა. ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაცვლად, საბერძნეთმა ხარჯების ვალებით დაფინანსების გზა აირჩია.

1980-იანი წლები: “პასოკის” პოპულისტური რეფორმები

1981 წელს ხელისუფლებაში მემარცხენე-ცენტრისტული პარტია “პასოკი” (სრულიად საბერძნეთის სოციალისტური პარტია) მოვიდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ანდრეას პაპანდრეუ გახდა.

  • პაპანდრეუმ გაზარდა საჯარო სექტორი, მოხდინა მრავალი კომპანიის ნაციონალიზაცია, საბერძნეთის ბანკი კი პირდაპირ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარა. საბერძნეთის ბანკი, თავის მხრივ, ბანკებს ინვესტირების სავალდებულო კრიტერიუმს  უწესებდა.
  • 1980-იანი წლების განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯვა 1.6-ჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 48%-ი  შეადგინა. კერძო და საჯარო ფირმების ვალების სამთავრობო გარანტიები 1989 წლისთვის მშპ-ს 32%-ს შეადგენდა. პარალელურად 1%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდა. სახელმწიფო ვალი გასამმაგდა - თუ 1980 წლისთვის ის მშპ-ს 28% იყო, 1990 წლისთვის სახელმწიფო ვალის წილმა 89%-ი შეადგინა.


1990-იანი წლები: ევროკავშირი

1992 წელს ევროკომისიის წევრებმა (იმ დროისთვის 12) ხელი მოაწერეს მაასტრიხტის ხელშეკრულებას ევროკავშირის ჩამოყალიბებასა და საერთო ვალუტის შექმნის თაობაზე.

  • ხელშეკრულების თანახმად, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრო გახდეს, ის შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი - 60%-ს. ინფლაცია არ უნდა იყოს 1.5%-ზე მაღალი, ხოლო ხანგრძლივი საპროცენტო განაკვეთი სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე წევრი ქვეყნის ხანგრძლივ საპროცენტო გაკავეთს 2%-ზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ახალი ქვეყნის გაწევრიანება წევრი სახელმწიფოების ხმათა უმრავლესობით წყდება.
  • 1990-იან წლებში საბერძნეთის მოსახლეობის უმეტესობა ევროზონაში გაერთიანებას უჭერდა მხარს. “ახალმა დემოკრატიამ” “პასოკის” 1980-იანი წლების პოპულიზმი უკუაგდო. ხელისუფლებამ შეამცირა დეფიციტი და ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია დაიწყო.
  • 1994 წელს საბერძნეთის ბანკი პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლდა. თუ 1994 წელს საბიუჯეტო ბალანსის დეფიციტი მშპ-ს 5.1%-ს შეადგენდა, 1994 წლისთვის უკვე სიჭარბე 4.2 % იყო.
  • 2000 წლის 3 მაისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საბერძნეთის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს მხოლოდ 1.6 %-ს შეადგენდა, ინფლაცია მხოლოდ 2 % იყო. საბერძნეთი მაასტრიხტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, სახელმწიფო ვალის წილის გარდა. თუმცა სახელმწიფო ვალი დადგენილ ზომას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც აჭარბებდა. 2001 წლის 1 იანვარს საბერძნეთი ევროზონის წევრი გახდა, რასაც საბერძნეთის მოსახლეობის 70 % უჭერდა მხარს.

სტატისტიკის გაყალბება

  • 2004 წელს პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინოს კარამანლისმა “ახალი დემოკრატიის” პარტიიდან, ეროვნულ სტატისტიკურ სერვისს “პასოკის” მიერ დეფიციტის სტატისტიკის აუდიტი დაავალა. აუდიტის  დასკვნის თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ეს “პასოკის” დროინდელი სტატისტიკიდან ჩანდა. ევროკომისიის თანახმად, ევროზონაში გაწევრიანების შემდეგ, საბერძნეთი არასდროს ჯდებოდა დეფიციტის მშპ-ს 3 %-იან ლიმიტში.

პრობლემები საჯარო სექტორში

  • მიუხედავად იმისა, რომ 2001-2008 წლებში საბერძნეთის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3.9%-ს შეადგენდა, ეკონომიკური პრობლემები აშკარა იყო. ყველაზე ნათლად კი ეს საჯარო სექტორის დეფიციტში გამოიხატებოდა. 2000 წელს საჯარო სექტორის დეფიციტმა მაასტრიხტით დაწესებულ ზღვარს გადააჭარბა და 3.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2008 წლისთვის 10%-მდე, ხოლო 2009 წელს 15%-მდე  გაიზარდა.
  • კიდევ ერთი გამოწვევა იყო პენსიები. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის 2011 წლის კვლევის თანახმად, 2007 წლამდე ბერძნები პენსიაში 58 წლის ასაკში გადიან და პენსიამდე არსებული შემოსავლის 96% იღებდნენ, მაშინ, როდესაც OECD-ის ქვეყნებში პენსიის საშუალო ასაკი 63 წელია და პენსიის სახით მანამდე არსებული შემოსავლის მხოლოდ 61%-ს იღებენ. 2007 წელს ბერძნულმა პენსიებმა მშპ-ს 12% შეადგინა - ოდნავ მაღალი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (10%). თუმცა არსებული ტემპებით პროგნოზის თანახმად, 2060 წლისთვის საბერძნეთი პენსიებზე მშპ-ს 24%-ს დახარჯავდა. ამას ემატებოდა ხარჯები სოციალური კეთილდღეობის პროგრამებზე, რომლის შედეგადაც დეფიციტი 3 მილიარდი ევროდან (2000 წელს) 19 მილიარდ ევრომდე გაიზარდა (2009 წელს).


გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები

შემოსავლების კუთხით, საბერძნეთის კიდევ ერთი გამოწვევა გადასახადების დამალვა იყო.

  • მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე (ბავშვების და უმუშევრების ჩათვლით) შემოსავალი 20 000 ევროზე მეტი იყო, დასაქმებული პირების ორი მესამედი მხოლოდ 12 000 ევროს დეკლარირებას ახდენდა, რითაც გადასახადებს თავს არიდებდნენ. დასაქმებულთა მხოლოდ 6% ახდენდნა 30 000 ევროზე მეტი შემოსავლის დეკლარირებას. ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევის  თანახმად, გადასახადების დამალვა, პოლიტიკოსების მხრიდან პატრონაჟის ხარჯებთან ერთად, საბერძნეთის მთავრობას მშპ-ს 8% უჯდებოდა. იმავე კვლევის თანამხად, თუ საბერძნეთი დამალული გადასახადების ნახევარს მაინც მოაგროვებდა, ის ფისკალური პრობლემების წინაშე არ დადგებოდა. საბერძნეთში არაფორმალური ეკონომიკა მთლიანი ეკონომიკის 25 %-ს წარმოადგენდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.
  • 2000-იან წლებში საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, ნიკოს ქრისტოდოულაკისის  თქმით, 2009 წელს მაღალი ფისკალური დეფიციტი ნაწილობრივ არჩევნების წინ გადასახადების აკრეფის შემსუბუქებით იყო გამოწვეული. ამას დაემატა პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად საჯარო სექტორში დამატებით მაღალი რაოდენობის პირების დასაქმება. 2009 წლის არჩევნების წინ საჯარო სექტორს 27 000 პირი დაემატა.


სტრუქტურული პრობლემები

  • საბერძნეთი სტრუქტურული პრობლემების წინაშეც იდგა. ევროკომიიის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთში ბიზნესის კეთების გარემო არაკეთილგანწყობილი იყო. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის ანგარიშის  თანახმად კი, ბიზნესის კეთების კუთხით საბერძნეთი 183 ქვეყნიდან 109 ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა ალბანეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს. შედარებისთვის, თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად პორტუგალიაში 6 პროცედურის გავლა იყო საჭირო, საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 15-ს შეადგენდა. ამის გამო, მსოფლიო ბანკმა საბერძნეთს ინვესტორთა დაცვის საკმაოდ დაბალი ინდექსი - 3.3 მიანიჭა (პორტუგალიის მაჩვენებელი - 6).
  • სოფლის მეურნება 2000 წლის 6.6.% მაჩვენებლიდან 2009 წელს 4 %-მდე შემცირდა. მრეწველობამ 21%-იდან 16.9 %-მდე დაიკლო. წარმოება კი უმეტესად კონცენტრირებული იყო დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის სექტორში, როგორიცაა საკვები და სასმელი  პროდუქცია.


2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი

2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა საბერძნეთის ეკონომიკაზეც იმოქმედა. შემცირდა ტურიზმი და მსოფლო ვაჭრობა, შესაბამისად შემცირდა საბერძნეთის საბიუჯეტო შემოსავლები.  2008 წელს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელმა (20%) დემონსტრაციები გამოიწვია. 2009 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლებაში კვლავ “პასოკი” მოვიდა, ხოლო ფინანსთა მინისტრი ჯორჯ პაპაკოსტანტინოუ გახდა.

  • მალევე გაირკვა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 12.5 % იქნებოდა, რაც წინა ხელისუფლების  პროგნოზზე სამჯერ მეტი იყო.
  • ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა საბერძნეთის პრობლემების შესახებ ღიად  ისაუბრა. მისი თქმით, რეალურად ბიუჯეტის დეფიციტი ბევრად მაღალ ნიშნულს აღწევდა, ფისკალური პროცედურები მოუწესრიგებელი იყო, გადასახდების დამალვა - ეპიდემიური, ხოლო კორუფცია - ფართოდ გავრცელებული.
  • 2010 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს 150%-ს აღწევდა, ხოლო მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრება მხოლოდ დამატებითი სესხების აღებით იყო შესაძლებელი. საბერძნეთი მთლიანად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე გახდა დამოკიდებული.

ე.წ. “ტროიკა”

  • საბერძნეთს დახმარება ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაუწია. დახმარების სანაცვლოდ, საბერძნეთს უნდა გაეტარებინა არაპოპულარული, თუმცა ეკონომიკის გასაუმჯობესებლად აუცილებელი რეფორმები, როგორიცაა საჯარო აპარატისა და სოციალური ხარჯების შემცირება, ბიუჯეტის დაბალანსება, სახელწმფიო ქონების პრივატიზაცია და სხვა.
  • საებრძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში მორალური რისკი წარმოიშვა: თუ ევროკავშირი საბერძნეთს დაეხმარეობდა, ეს სხვა ქვეყნებს გაუჩენდა მოლოდინს, რომ დიდი ოდენობის საბიუჯეტო დანახარჯებისა და დეფიციტის მიუხედავად, მას ევროკავშირის სხვა ქვეყნები გადაარჩენდნენ.
  • პირველ ეტაპზე, 2010 წელს ევროკომისიამ და IMF-მა საბერძნეთს 110 მილიონი ევრო გამოუყო 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით და დაფარვის შეთავათიანი გრაფიკით. შეთანხმების თანახმად, 2013 წლისთვის საბერძნეთი შეძლებდა ვალების დაფარვას, ხოლო სესხის გადახდას 2013 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყებდა. ამ გეგმით, საბერძნეთი ვროკომისიისა და IMF-ის ვალს 2018 წლისთვის გაისტუმრებდა. თუმცა, 2010 წლის ოქტომბერს, IMF-მა ეს გრაფიკი მკაცრად მიიჩნია და საბერძნეთს სესხის დასაფარად კიდევ უფრო ხანგრძლივ ვადას სთავაზობდა. 2011 წლისთვის სესხის გადაფარვის პერიოდი 15 წლამდე გაიზარდა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 3.5%-მდე  ჩამოვიდა.
  • იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო 90 მილიარდი ევროს მოცულობის ლიკვიდობის უზრუნველყოფის საგანგებო პროგრამა ადგილობრივი ბანკების დასახმარებლად.
  • 2010 წლის 9 მაისს, ევროზონის ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც პრობლემების წინაშე იდგა, 750 მილიარდი ევროს დახმარება გამოიყო. ეს სესხი პარლამენტის მიერ რატიფიცირებას არ საჭიროებდა, ხოლო სესხის დაფარვის პირობები საბერძნეთის მიმართ მოთხოვნების იდენტური იქნებოდა.
  • საბერძნეთი რეფორმებს დათანხმდა. საბერძნეთმა სტრუქტურული რეფორმებიც გაატარა, შეამსუბუქა რეგულაციები, მაგალითად, საბერძნეთმა გააუქმა რეგულაცია, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს წამლებზე მოგების ზედა ზღვარს უწესებდა. თუმცა, კრიზისის დასაძლევად ეს ნაბიჯები საკმარისი არ იყო. კვლავ დღის წესრიგში იდგა კორუფცია. ამასთან, ე.წ. “ქამრეის შემოჭერის“ მოთხოვნის საპასუხოდ, საბერძნეთმა არათუ შეამცირა საბიუჯეტო დანახარჯები, არამედ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 70 000-ით გაზარდა.


“სირიზა” და ციპრასი

ვალებით დამძიმებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საბერძნეთმა კრიზისიდან გამოსვლა ვერ შეძლო და დამატებით ფინანსურ დახმარებას, დაახლოებით 80 მილიარდ ევროს, საჭიროებდა. 2015 წლის იანვარში სტატუს-კვოთი უკმაყოფილო ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა რადიკალურ მემარცხენე კოალიცია „სირიზას", რომელიც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებას ტროიკას მკაცრ მოთხოვნებს აბრალებდა და მოსახლეობას მათ შესრულებაზე უარის თქმას პირდებოდა. ახალმა მთავრობამ ტროიკას ვალების ჩამოწერის და წინა წლებში დაწყებული რეფორმების უმეტესობის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

„სირიზას" ლიდერის და პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გათვლა იყო, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები საფრთხის ქვეშ არ დააყენებდნენ ევროზონის ერთიანობას და დათმობაზე წავიდოდნენ. დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საბერძნეთი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებდა, რაც დეფოლტის გამოცხადებას და პოტენციურად ევროზონის დატოვებას ნიშნავდა. მოლაპარაკების პროცესში პოზიციების გამყარების მიზნით ციპრასმა რეფერენდუმი დანიშნა და მოსახლეობის მხარდაჭერა ხელმეორედ მიიღო.

  • დრაჰმის შესაძლო დაბრუნებით შეშინებულმა ბერძნებმა ბანკებიდან დეპოზიტების გატანა სასწრაფოდ დაიწყეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ბანკები დაიხურა. კაპიტალის მასობრივი გადინების და ფინანსური სისტემის პარალიზების თავიდან აცილების მიზნით, ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გატანა და საერთაშორისო გადარიცხვებიც შეიზღუდა. საკმაოდ მცირე დროში საკვებსა და მედიკამენტებზე დეფიციტის რეალური საშიშროება გაჩნდა, რადგან იმპორტიორები მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ვერ ახერხებდნენ. საბერძნეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა.
  • საბოლოოდ, ათენი დათანხმდა ტროიკას ყველა იმ პირობას, რომელსაც მანამდე ეწინააღმდეგებოდა. კრედიტორებთან ხანგრძლივმა დაპირისპირებამ საბერძნეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. 2014 წელს მიღწეული მცირე ზრდა, 2015-ში ისევ დაღმასვლით შეიცვალა. ტურისტული სეზონი ჩავარდა, მაგრამ კაპიტალის მოძრაობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად საბანკო სისტემა დააზარალა.

რა მოხდებოდა, საბერძნეთს ევრო ზონა რომ დაეტოვებინა?

სხვადასხვა პოლიტიკოსის აზრით და ეკონომისტების პროგნოზების მიხედვით, საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება ქვეყნის ეკონომიკასა და საცხოვრებელ პირობებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. კერძოდ:

  • საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონი სამარასის აზრით, ევროზონის დატოვების შემთხვევაში ბერძნების საცხოვრებელი პირობები ევროზონის დატოვებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში 80 %-ით გაუარსდებოდა.
  • საბერძნეთი ვერავისგან შეძლებდა ფულის სესხებას, შესაბამისად, მთავრობას იმაზე მეტად და სწრაფად მოუწევდა ხარჯების შემცირება, ვიდრე ამას ტროიკა მოითხოვდა.
  • დრაჰმა არ იქნებოდა მსოფლიოში პოპულარული ვალუტა, რის გამოც ის მინიმუმ 50%-ით გაუფასურდებოდა. ეს კი ინფლაციას გამოიწვევდა.
  • გაკოტრდებოდნენ ის კომპანიები, რომლებსაც კრედიტები ევროში ექნებოდათ გადასახდელი.
  • 2011 წლისთვის სესხის გადაფარვის პერიოდი 15 წლამდე გაიზარდა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 3.5%-მდე ჩამოვიდა.
  • დიდი ალბათობით, ჩამოიშლებოდა საბერძნეთის საბანკო სისტემა. იპოთეკაზე საპროცენტო გაკავეთი გაორმაგდებოდა, ბიზნეს და სხვა ტიპის სესხები ბევრად უფრო ძვირი გახდებოდა.
  • გაიზრდებოდა საკვებისა და ენერგიის ფასები. შესაძლოა ყოფილიყო ყოველდღიური მოხმარების ნივთების, საკვებისა და წამლების დეფიციტი.
  • მთავრობას მოუწევდა გაეყინა მოსახლეობის მიერ ბანკებიდან ფულის გამოტანა. ეს გამოიწვევდა რიგებს ბანკომატებთან მანამ სანამ მთავრობა ევროს დრაჰმაში კონვერტირებას მოახდენდა.
  • შეიქმნებოდა ქაოსის და უწესრიგობის რეალური საფრთხე.

მოამზადა სოფო გელავამ