ისტორია

2020 წლის ტოპ 10 ისტორიული მითი

29 დეკემბერი, 2020

“მითების დეტექტორი” წარმოგიდგენთ 2020 წლის ტოპ 10 ისტორიულ მითს, რომლებსაც სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ.

  1. სტალინის მმართველობის პერიოდში სსრკ-მ მხოფლიოში პირველი კომპიუტერი შექმნა

წყარო: გრიშა ონიანი, საქართველო და მსოფლიო. 17 ივნისი, 2020. 

;

ორგანიზაცია “სტალინელის” ხელმძღვანელის გრიშა ონიანის მტკიცებით, 1948 წელს ინგლისი და აშშ ჯერ ისევ მუშაობდნენ ციფრული გამომთველი მანქანების შექმნაზე, როცა ასეთი მანქანა ჯერ საბჭოთა კავშირმა 1951 წელს შექმნა, ხოლო მერე - დანარჩენმა სახელმწიფოებმა.  

ფაქტები: 1946 წელს აშშ-ში უკვე დასრულებული იყო მუშაობა პირველ მრავალფუნქციურ ელექტრულ კომპიუტერზე ENIAC (Electronic Numerical Integrator and Computer), რომელიც სამხედრო სფეროში გამოთვლების წარმოების მიზნით შეიქმნა. ამავდროულად, საბჭოთა კავშირი კიბერნეტიკის თემას ანტიამერიკული პროპაგანდისათვის იყენებდა და ამტკიცებდა, რომ კიბერნეტიკის საშუალებით კაპიტალისტებს მშრომელთა კლასის შევიწროება და მათი უფლებების ხელყოფა სურდათ.

  1. ანა ფრანკის დღიურების ნაწილი გაყალბებულია

წყარო: ფეისბუქ გვერდი “Special Forces / სპეცრაზმი”, 13 მარტი, 2020.

;

ფეისბუქ გვერდი Special Forces/სპეცრაზმი ამტიცებდა, რომ ანა ფრანკის დღიურების მე-4 ტომი ბურთულიანი კალმით იყო დაწერილი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ნაწილი შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო, რადგან ბურთულიანი კალმები 1951 წლიდან შემოვიდა, დღიური კი 1942-1944 წლებში დაიწერა. გვერდი, ასევე, აღნიშნავდა, რომ ანა ფრანკის დღიურის შესახებ კვლევა, რომელიც ბურთულიანი კალმის შესახებ გვამცნობს,  გერმანიის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიაში (BKA) ჩატარდა და 1980 წელს New York Post-ში გამოქვეყნდა.

ფაქტები: 1986 წელს ნიდერლანდების მთავრობამ დღიურის დეტალური კვლევისა და სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, მისი ავთენტურობა დაადასტურა; ხოლო 1990 წელს - ჰამბურგის რეგიონულმა სასამართლომ. ბურთულიანი კალმის კვალი და სხვა მსგავსი ყალბი ამბები კი ნეო-ნაცისტური პროპაგანდის ნაწილია.

  1. უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია და მათი თავდაპირველი სახელმწიფო კიევის რუსეთი იყო

წყარო: სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, “სტალინი”, 14 სექტემბერი, 2020. 

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ამტკიცებდა, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და შემდეგ, როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი ჩრდილო-დასავლეთით და იქ მოსკოვის სამთავრო და დღევანდელი ბელორუსია შეიქმნა, მაგრამ, ხალხი ერთია.

ფაქტები: მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ახალ სახელმწიფოს რეალურად კიევის რუსეთი კი არა, არამედ კიევის რუსი  (კიევსკაია რუს) ეწოდა. მოსკოვი კიევის რუსის მოსაზღვრე მცირე სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა, სადაც ძირითადად ფინო-უნგრული წარმოშობის ხალხები ცხოვრობდნენ, რომლებიც განვითარებით კიევის რუსს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ. მე-17 საუკუნემდე გავრცელებულ რუკებსა და სახელმწიფო დოკუმენტებში, ეს ტერიტორია მუდმივად მოსკოვად მოიხსენიებოდა, იქ მცხოვრები ხალხი კი თავს მოსკოველებს (თავდაპირველად მოკსელი) უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის კვლევამ, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გრანტით ჩატარდა (A.V. Khrunin), გამოავლინა, რომ დღევანდელი რუსების დნმ უკრაინელებთან კი არა, არამედ ფინო-უნგრულ და მონღოლ ტომებთანაა საკმაოდ ძლიერ დაკავშირებული. ისტორიის გაყალბებების საფუძველზე, 1721 წლის 22 ოქტომბერს მოსკოვმა თავი რუსეთის იმპერიად, ხოლო ყველა მოსკოველი რუსად გამოაცხადა. ამ გზით პეტრე I-მა კიევის რუსის კანონიერი მემკვიდრეების, უკრაინელების, ისტორიული სახელი “რუს” მოიპარა.

  1. ეროვნული განძი საქართველოში სტალინის ინიციატივით დაბრუნდა, ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი მინიმალურია

წყარო: ირაკლი დოჭვირი, ნიუს ფრონტი, 25 თებერვალი, 2020. 

ირაკლი დოჭვირის მტკიცებით, საეკლესიო განძის გატაცებაში მონაწილეობას თვით ექვთიმე თაყაიშვილი იღებდა. გატაცებული იქნა 160 ყუთი განძი. აქედან 120 გაყიდეს, გაანიავეს და მხოლოდ 40, ისიც სტალინის სახელით, უკან დააბრუნეს.

ფაქტები: 1935 წლის 9 აპრილს საქართველოს სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის გამგესთან გაგზავნილ წერილში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული საგანძური საქართველოში დაბრუნდეს და მუზემს ჩაბარდეს. ექვთიმე ასევე საფრანგეთშიც აქტიურად მუშაობდა, რათა განძის გადარჩენა მოხერხებულიყო. იგი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც საბჭოთა კავშირის ელჩთან, ასევე საფრანგეთის მთავრობასთანაც. მეორე მსოფლიო ომის დასასრულების შემდგომ მან საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩს ბოგომოლოვს წერილით მიმართა. წერილი საგანძურის დაბრუნებას შეეხებოდა. მანვე შეადგინა მოხსენება, რომელიც მარშალ დე გოლს გააცნეს. 1944 წლის 23 ნოემბერს სწორედ შარლ დე გოლმა გასცა განკარგულება განძის დაბრუნების შესახებ. 

  1. “უკვდავი პოლკის” ვებ-გვერდზე II მსოფლიო ომში მონაწილე ერთ-ერთი ვეტერანის ფოტოზე ნაცისტური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა

წყარო: უკვდავი პოლკი, 8 მაისი, 2020.

;

“დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში “უკვდავი პოლკი” ოფიციალურ საიტზე ომში მონაწილე ვეტერანების ფოტოებსა და პროფილებს აქვეყნებდა. ამ პროექტის ფარგლებში, საიტზე როსტოვის განყოფილებაში გამოჩნდა პოლკოვნიკ ალექს მიხაილის ძე ალექსეევის ფოტოც.

ფაქტები: პოლკოვნიკ ალექს მიხაილის ძე ალექსეევის ფოტოზე სინამდვილეში გერმანიის ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, ჰაინრიხ ჰიმლერი იყო გამოსახული. 

  1. პოლონეთს თანამედროვე საზღვრები და ქვეყნის მესამედი ნაწილი სსრკ-ის დამსახურებით აქვს

წყარო: საქართველო და მსოფლიო, 21 ივლისი, 2020.

;

ონლაინ გამოცემა საქართველო და მსოფლიო ამტკიცებდა, რომ პოლონეთი მადლობელი უნდა იყოს რუსეთის, რადგან მისი თანამედროვე საზღვრები და ქვეყნის მესამედი ნაწილი სწორედ სსრკ-ის დამსახურებით აქვს.

ფაქტები: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოლონეთის ტერიტორიები შემცირდა. 1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდგომ სსრკ-მა აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილის, მათ შორის პოლონეთის ნაწილის, ოკუპაცია მოახდინა და შემდგომ უკვე იალტის კონფერენციაზე ეს ტერიტორიები კიდევ უფრო განიმტკიცა. პოლონეთის შემთხვევაში სსრკ-მა ის ტერიტორიები შეინარჩუნა, რომელიც მან 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად დაიპყრო. შედეგად პოლონეთმა 181 299 კვ. კმ დაკარგა, რომელიც საბჭოთა კავშირს გადაეცა. ეს ტერიტორიები ძირითადად უკრაინელებითა და ბელარუსებით იყო დასახლებული, იქ მცხოვრები პოლონელები კი ტერიტორიიდან გამოაძევეს. კომპენსაციით პოლონეთმა გერმანიისგან მხოლოდ 40 000 კვ. მილზე ოდნავ მეტი ტერიტორია მიიღო.

  1. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი თავდაცვის აუცილებელი ზომა იყო და არა ომის გამომწვევი ხელშეკრულება

წყარო: ვლადიმერ პუტინი, National Interest, 18 ივნისი, 2020.

;

ვლადიმერ პუტინი მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტს, რომელიც 1939 წელს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა, სსრკ-ს მხრიდან თავდაცვის აუცილებელ ზომად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი უკანასკნელი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც გერმანიასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმა.

ფაქტები: ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის პირდაპირი შედეგი ის იყო, რომ პოლონეთში ჯერ ჰიტლერი, ხოლო 2 კვირის შემდეგ სტალინი შეიჭრა - რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვა, რაც პოლონელი ხალხის უპრეცედენტო ტრაგედია იყო. კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა 1939 წლის 30 ნოემბერს ფინეთის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ხოლო 1940 წლის ივნისში რუმინეთის ტერიტორიების ანექსია მოახდია. ეს ტერიტორიები რუმინეთს არასდროს დაბრუნებია. ასევე მოახდინა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების ანექსია.

  1. საბჭოთა რეჟიმი ბალტიის ქვეყნებში სინამდვილეში ადგილობრივ ფაშისტებს დევნიდა

წყარო: იაკობ კედმი, საქართველო და მსოფლიო, 30 ივნისი, 2020. 

;

კრემლთან აფილირებული ებრაელი ექსპერტი იაკობ კედმი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა რეჟიმი ბალტიის ქვეყნებში სინამდვილეში ადგილობრივ ფაშისტებს დევნიდა, რაც “ჩვეულებრივი აქცია” იყო. მისივე თქმით, რეპრესიები რბილიც კი იყო, რადგან ჩამოხრჩობის ნაცვლად ბალტიის ქვეყნების მცხოვრებლები ციხეში ჩასვეს, ნაწილი კი გადაასახლეს. 

ფაქტები: ბალტიის ქვეყნებში რეპრესიებს ძირითადად შეეწირნენ დამოუკიდებლობის მომხრე, ლეგიტიმურ მთავრობასთან დაკავშირებული ანტისაბჭოთა განწყობების მქონე პირები, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის დაწყებამდეც და მისი დასრულების შედეგაც სსრკ-ს გავლენებს ეწინააღმდეგებოდნენ. საერთო ჯამში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის მსხვერპლთა რაოდენობა მხოლოდ 1940-1941 წლებში ლატვიაში - 34000, ესტონეთში - 60000, ლიეტუვაში კი 75000 იყო. პირველი და მეორე ოკუპაციის დროს ჯამში მხოლოდ ლიეტუველების წინააღმდეგ განხორციელდა 35 მასობრივი ოპერაცია, 130000 გადასახლებულიდან 70% კი ქალი და ბავშვი იყო. 

  1. საქართველო სსრკ-ის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო

წყარო: ფეისბუკ გვერდი “Historicana.ru - исторические фотографии”, 27 ნოემბერი, 2020.

;

ფეისბუკ გვერდმა “Historicana.ru - исторические фотографии” გამოაქვეყნა ქალაქ თბილისის ფოტო, რომლის სათაურშიც გვერდი საქართველოს სსრკს ყველაზე მდიდარ რესპუბლიკად არის მოიხსენიებული, ფოტო კი 70-იან წლებით არის დათარიღებული.

ფაქტები: საქართველოს სსრ 70-იან წლებსა და სსრკ-ის არსებობის სხვა პერიოდში სიმდიდრითა და ეკონომიკის სხვადასხვა მაჩვენებლით სხვა საბჭოთა ქვეყნებს ჩამორჩებოდა და შესაბამისად ყველაზე მდიდარ რესპუბლიკას არ წარმოადგენდა. მაგალითად, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს 1614.6 აშშ დოლარი იყო, რაც რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის მაჩვენებლებს ჩამოუვარდებოდა და მე-7 ადგილს იკავებდა. 1970-1988 წლებში საქართველოს სსრ-ის ეროვნული შემოსავალი სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ შემოსავალს  ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1970 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავლის რაოდენობა 4099 მილიონ რუბლი შეადგენდა. ამ რაოდენობაზე მაღალი მონაცემები კი ამ წელს 6 სხვა რესპუბლიკას ჰქონდა (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა) და საქართველო მე-7 ადგილს იკავებდა.

  1. ბელარუსი ოპოზიციონერების თეთრ-წითელი დროშა ნაცისტებთან კოლაბორაციონისტების დროშა იყო

წყარო: არმენ გასპარიანი, Sputnik Abkhazia, 27 აგვისტო, 2020. 

;

პოლიტიკის მიმომხილველის და სპუტნიკის ავტორის, არმენ გასპარიანის მტკიცებით, ამჟამინდელი ბელარუსი ოპოზიციონერების თეთრ-წითელი დროშა თავის დროზე ბელარუსი კოლაბორაციონისტების სიმბოლო გახდა. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფერები ემთხვევა ჰიტლერიუგენდის დროშის ფერებს.

ფაქტები: უკრაინელი ისტორიკოსის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიტალი სკალსკის თქმით, ბელორუსული დროშა, ისევე როგორც უკრაინული დროშა, 1848 წლის რევოლუციების  დროსაა შექმნილი. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა (ამჟამინდელი ოპოზიციის დროშა) ანტიკომუნისტურად გამოცხადდა.

ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში (1941-1945) თეთრ-წითელი დროშა გერმანულ სიმბოლოებთან და დროშებთან ერთად ჩნდებოდა. ნაცისტები ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ იმისათვის, რომ ბელარუსული ნაციონალური მოძრაობის გული მოეგოთ, ვინაიდან ისინი კომუნისტური რეჟიმის ოპონენტები იყვნენ.  ამასთან, ბელარუსული ნაციონალური პარტიზანული მოძრაობა, რომელიც ერთი მხრივ ანტი-ნაცისტური ხოლო მეორე მხრივ ანტი-კომუნისტური იყო, ასევე აღიარებდა ამ დროშის ლეგიტიმურობას და მას, როგორც ეროვნულ სიმბოლოდ აღიქვამდა.