მიგრანტები

2017 წლის ტოპ 3 ტყუილი შობისა და ახალი წლის შესახებ

27 დეკემბერი, 2017

შობისა და ახალი წლის აღნიშვნის შესახებ ტყუილები 2016 წლის მსგავსად წელსაც ვრცელდება, რომელთა მიზანი უმეტეს შემთხვევებში ანტი-მუსლიმური და ანტი-მიგრაციული განწყობების გაღვივებაა. “მითების დეტექტორი” წარმოგიდგენთ 2017 წლის ტოპ 3 ტყუილს შობისა და ახალი წლის შესახებ.

ტყუილი N1: იტალიის ქალაქ ბოლცანოს მერიის შენობაში ნაძვის ხე აიღეს, რათა მუსლიმები არ გაღიზიანებულიყვნენ.
წყარო: ულტრანაციონალისტური გამოცემა “ალტ-ინფო”.

"

რეალობა:
ბოლცანოს მერიის შენობაში რამდენიმე ოთახი შეხვედრებისთვის არის გამოყოფილი. სპორტის ვეტერანებმა ერთ-ერთ ოთახი საშობაო დეკორაციებით მორთეს და ღონისძიება გამართეს. ღონისძიების მომდევნო დღეს მერიამ შიდა განაწესზე დაყრდნობით სპორტსმენებს დეკორაციების მოხსნა მოსთხოვეს. განაწესის მიხედვით ღონისძიების ორგანიზატორებმა ოთახი იმ ფორმაში უნდა დატოვონ, რა ფორმითაც ის თავდაპირველად დახვდათ. აქედან გამომდინარე, საშობაო დეკორაციების მოხსნა მუსლიმთა გრძნობების შეურაცხყოფასთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, ქალაქში ნაძვის ხეც დგას და ქალაქის მცხოვრებლები შობას მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციებით შეხვდა.

ტყუილი N2: პარიზში საშობაო ბაზრობა გაუქმდა, თუმცა რამადანი ყოველწლიურად აღინიშნება.
წყარო: კრემლისტური გამოცემა Voice of Europe.

"

რეალობა:
წელს შანზ-ელიზეს საშობაო ბაზრობის გაუქმების მიზეზი ბაზრობაზე წარმოდგენილი პროდუქციის დაბალი ხარისხი იყო. ქალაქის მერიის განმარტებით, მერია მიზნად ისახავს შანზ-ელიზეს ცნობილი საშობაო ბაზრობის განახლებას და იქ წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტის გაზრდას.

ტყული N3: გერმანიის სკოლაში მუსლიმი მოსწავლის გამო საშობაო ღონისძიება გაუქმდა
წყარო: ულტრა-მემარჯვენე გამოცემა Altright.

"

რეალობა:
ქალაქ ლიუნბერგის ერთ-ერთ სკოლაში ამ დრომდე შობის აღნიშვნა გაკვეთილების დროს, სასწავლო საათებში ხდებოდა და მასში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან შობის აღნიშვნა არასასწავლო საათებში მოხდება და მასში მონაწილეობა მოსწავლეთათვის არასავალდებულო იქნება. სკოლის საბჭოს თავმჯდომარის, ბიანკა შოენიჩის თქმით, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა სკოლებში ზომიერად უნდა მოხდეს, ისე, რომ აღნიშვნამ საეკლესიო მსახურების ფორმა არ მიიღოს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლამ შობის აღნიშვნა მუსლიმი მოსწავლის გამო გააუქმა, მცდარია.

წყაროების შესახებ:

Alt-info.com
ულტრა-ნაციონალისტური ვებ-გვერდი Alt-info.com ძირითადად  ანტილიბერალური და ჰომოფობიური კონტექსტის შემცველ  მანიპულაციურ მასალებს ავრცელებს, ასევე კონცენტრირდება მიგრაციის საკითხებზე და ამ თემატიკას ანტი-მუსლიმურ კონტექსტში აშუქებს. Alt-info-ს ფეისბუქ გვერდზე კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებულია, რომ ალტ-ინფო საინფორმაციო საიტია.

Voice of Europe
Stopfake.org-ის ინფორმაციით, ვებ-გვერდი Voice of Europe კრემლის ინტერესების გამტარი ონლაინ გამოცემაა. გამოცემის ვებ-გვერდზე ხშირად ქვეყნდება ყალბი ინფორმაციები მიგრანტების შესახებ.

Altright.com
ულტრა-ნაციონალისტური გამოცემა Altright.com-ი 2017 წელს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე რიჩარდ სპენსერმა დააფუძნა, რომელიც გამოცემასთან ერთად რასისტული იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია National Policy Institute-ს ხელმძღვანელობს.

შობის შესახებ ანალოგიურ მითებს 2016 წელსაც ავრცელებდნენ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში


მოამზადა სოფო გელავამ