2 მითი უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების ფლობის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ძიმიტრი
636
VIEWS

15 იანვარს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს, რომ საქართველოში 134 ათასი ბინა ირანის მოქალაქეების საკუთრებაა.

ამავე თემაზე, 7 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “დედაქალაქი” ნინული ქავთარაძის ავტორობით, რომელსაც “სტალინი” და tvalsazrisi.ge “დედაქალაქის” დამფუძნებლად მოიხსენიებენ, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ირანის მოქალაქეებს 100 000-ზე მეტი ბინა აქვთ შეძენილი. ნინული ქავთარაძის პოსტი იმავე დღეს გამოაქვეყნა ონლაინ მედიამ tvalsazrisi.ge, ხოლო 8 იანვარს ასევე განთავსდა ე.წ. clickbait საიტებზე ambavi.cc და timenews.ge. 8 იანვარს “დედაქალაქის” პოსტი ფეისბუქ გვერდმა “სტალინი”, ხოლო 14 იანვარს კი “კარდჰუმ” გადააზიარა.

გარდა ამისა, გაზეთ “ალიას” 13-19 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა რეჟისორ გუჯა შვანგირაძის (გუჯა ბიძია) ფეისბუქ პოსტი, სადაც შვანგირაძე წერს, რომ საქართველოში ბინების მყიდველთა 90% უცხოელია.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ბინების 90%-ს უცხოელები ყიდულობენ და ირანის მოქალაქეებს 100 000-ზე მეტი ბინა აქვთ შეძენილი, დეზინფორმაციაა. ირანის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება 2015-2018 წლებში 5 598-ია, ხოლო TBC Research-ის მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების მხოლოდ 7% ეკუთვნის უცხოეთის მოქალაქეებს.

  • ირანის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება 2015-2018 წლებში 5 598-ია

2019 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა მიგრაციის პროფილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეძენილ უძრავი ქონების სტატისტიკას მოიცავს. ანგარიში არ ითვალისწინებს მხოლოდ ბინების რაოდენობის განაწილებას მოქალაქეობის მიხედვით, თუმცა მოიცავს ჯამურად უძრავი ქონების მონაცემებს, სადაც შედის როგორც ბინები, ასევე სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწები. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% (15 133) რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, 2015-2018 წლებში მათ საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, რომელიც ბინების გარდა შეძენილ მიწებსაც მოიცავს საერთო ჯამში 5 598-ს შეადგენს.

შესაბამისად რეალობას მოკლებულია მტკიცება, რომ ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 100 000-ზე მეტი ბინა შეიძინეს.

23

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თბილისში გაყიდული ბინების მხოლოდ 7% მოდის

TBC Research-მა 2019 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა თბილისში გაყიდული ბინების სტატისტიკა, რომელიც 2015-დან 2019 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ითვლის მონაცემებს. TBC Research-ის მიხედვით, 2015-2019 წლებში თბილისში გაყიდული ბინებიდან მხოლოდ 7% არის შეძენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ.

აღნიშნულ პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებში ბინების შეძენის თვალსაზრისით ჭარბობენ ირანის მოქალაქეები (42%), მათ მოსდევთ რუსეთის (18%), შემდეგ კი ევროპის ქვეყნების მოქალაქეები (11%).

456

  • ფეისბუკ გვერდ “სტალინის” ფოტომანიპულაცია

ამ ინფორმაციის საილუსტრაციოდ ფეისბუკ გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჰიჯაბიანი ქალები ჩანან. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის საქართველოშია გადაღებული და მკითხველზე ემოციურ მანიპულირებას ისახავს მიზნად. რეალურად ფოტო 2005 წელს შირაზშია გადაღებული.

67

90

  • წყაროების შესახებ

დედაქალაქი

ფეისბუქ გვერდი “დედაქალაქი” 2016 წლის 29 ივნისს შეიქმნა. გვერდი ულტრამემარჯვენე და ანტილიბერალური შინაარსის მასალებით გამოირჩევა. პოსტები აღნიშნულ გვერდზე ხშირად ქვეყნდება ნინული ქავთარაძის ავტორობით, რომელიც “სტალინის”, tvalsazrisi.ge-ს და progressnews.ge-ს ინფორმაციით “დედაქალაქის” დამფუძნებელია.

“დედაქალაქის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. აღნიშნული გვერდი მდფ-ის 2019 წლის ერთ-ერთ ანგარიშშიც მოხვდა იმ ფეისბუქ გვერდებს შორის, ვინც თბილისის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში იყო ჩართული.

“საქართველო და მსოფლიო”

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა.

“ალია”

„ალია-ჰოლდინგი“ 1996 წელს დაარსდა და მასში გაზეთი „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ შედიან. ჰოლდინგის 100%-იანი წილი მფლობელი გიორგი ბრეგვაძეა. ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკის გამო, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ჰოლდინგის გამოცემებიც მოხვდა და რეკომენდაცია მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, აღნიშნულ გაზეთებთან გაფორმებულ საბიუჯეტო კონტრაქტებს გადახედოს.

 

თემატიკა: მიგრაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist