Պատմություն

3 ტყუილი უკრაინაში გოლოდომორის შესახებ

23 Հունիս, 2017

2017 წლის 14 ივნისს ფეისბუკ გვერდმა Politicano უკრაინაში “გოლოდომორის” შესახებ ვრცელი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გენოციდად აღირებული ამ ტრაგედიის შესახებ 3 დეზინფორმაციას შეიცავდა: 1. პოლიტიკანოს მტკიცებით, 1932-33 წლებში უკრაინაში დიდი შიმშილობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაზვიადებულია და ამ საკითხს უკრაინის მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს; 2. უკრანაში შიმშილობა ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია და მას სსრკ-ს პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია;  3. გოლოდომორის გენოციდად აღიარება არასერიოზულია,  რადგან ევროსაბჭოს ის დანაშაულად არ უღიარებია.

პოლიტიკანო: “რეალური მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება დავადგინოთ 1932-1933 წ. წ „ЗАГС“-ის მონაცემებით. ამ ორგანოებმა 1931 წელს (ანუ შიმშილის დაწყებამდე) დათვალეს 514,7 ათასი გარდაცვლილი ადამიანი. ეს შეიძლება ავიღოთ ბუნებრივი სიკვდილიანობის მიახლოვებით მონაცემად. 1932 წელს დაფიქსირდა 668 ათასი ადამიანი სიკვდილი, ხოლო 1933 წელს- 1850 ათასი. თუ ამ მონაცემებს გამოვაკლებთ საშუალო  ბუნებრივი სიკვდილიანობის მონაცემებს მსხვერპლთა რაოდენობა იქნება 1 489 600 ადამიანი… ამ ყველაფრის გენოციდად აღიარებაზე ლაპარაკი კი ალბათ სასაცილო და არასერიოზულია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაგალითად უკრაინელების თხოვნა ყურად არ იღო და გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არ აღიარა.”

პოლიტიკანოს სტატია მანიპულაციურია, რადგან მასში არ არის მოყვანილი 1937 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომელიც სტალინის რეჟიმმა დამალა, ხოლო ორგანიზატორები სტალინის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. ასევე, 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილობის მიზეზი არა მეტეოროლოგიური პრობლემები, არამედ სტალინის გამიზნული პოლიტიკა იყო. 17-მა ქვეყანამ გოლოდომორი გენოციდად აღიარა, ხოლო ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა,  ეუთომ და გაერომ მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა.

ტყუილი N1: 1932-33 წლებში უკრაინაში დიდი შიმშილობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაზვიადებულია

პოლიტიკანოს თქმით, 1926 წლის საყოველთაო აღწერით, უკრაინის მოსახლეობა 29 მილიონს შეადგენდა, როცა შემდეგი, ანუ 1939 წლის აღწერით, ეს მონაცემი 29,2 მილიონია. ამ მონაცემების საფუძველზე პოლიტიკანო ამტკიცებს, რომ გოლოდომორს მილიონობით მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თუმცა პოლიტიკანო არ ახსენებს საბჭოთა კავშირში, 1937 წლის 6 იანვარს ჩატარებულ აღწერას, რომლის შედეგების გამოც სტალინმა სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მთავარი სტატისტიკოსები, მიხაილ კურმანი, ოლიმპი კვიტკინი, ლაზარ ბრანდი და ივან ობლომოვი დააპატიმრა, მათგან ნაწილს კი დახვრეტა მიუსაჯა. აღწერამ იმ წელს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 162 მილიონამდე ადამიანი დათვალა, რაც სტალინის მოლოდინებზე საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი იყო. 1930 წლის 27 ივნისს, კომუნისტური პარტიის XVI ყრილობაზე სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა ყოველწლიურად 3 მილიონით იზრდებოდა. თუ 1926 წლის საყოველთაო აღწერით საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 147 მილიონს შეადგენდა, სტალინის გათვლებით, ეს მაჩვენებელი 1937 წლისთვის 180 მილიონმდე უნდა გაზრდილიყო.

საბოლოოდ, სტალინმა 1937 წლის აღწერის მონაცემები გააუქმა და მის ნაცვლად ახალი აღწერა 1939 წელს ჩაატარა, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მაჩვენებელი 170 მილიონი იყო.

1937 წლამდე, საბჭოთა კავშირის მოსახლეობაში 6 მილიონიანი კლება სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს ყოველწლიური დათვლის შედეგად 1934 წლისთვის გამოჩნდა. 1934 წლის იანვარში, კომუნისტური პარტიის XVII ყრილობაზე, სტალინმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისისთვის სსრკ-ს მოსახლეობა 168 მილიონამდე შეადგენდა. თუმცა, ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ ეს მონაცემი ხელოვნურად არის გაზრდილი და სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს ყოველწლიური დათვლის მონაცემს არ შეესაბამება. რეალური ციფრი, 1934 წლის დასაწყისისთვის 156 მილიონს შეადგენდა, როდესაც წინა წელს მოსახლეობის რაოდენობა 162,3 მილიონი იყო. ამ მონაცემის საწინააღმდეგოდ, 1934 წლისთვის სტალინისთვის სასურველი მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც 3 მილიონიან ზრდას აჩვენებდა.

წყარო: demoscope.ru

გოლოდომორის მსხვერპლთა რიცხვის მანიპულაციისთვის პოლიტიკანო სამოქალაქო რეესტრის, ЗАГС- ის მონაცემებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი 1 489 600-ია.

თუმცა, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მსხვერპლთა შესახებ სრული სურათის მიღება შეუძლებელია, რადგან ЗАГС-ი მონაცემებს სრულფასოვნად არ აღწერდა. სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მოსახლეობის განყოფილების უფროსის მოადგილე მიხაილ კურმანი 1929 და 1937 წლის აღწრების შესახებ თავის ანგარიშში წერს, რომ რეესტრი გარდაცვალებათა აღრიცხვას სრულად არ ახდენდა.

1937 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გაყალბების მოტივით, სტალინმა მიხაილ კურმანი დააპატიმრა და 10 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლა.

ტყუილი N2. უკრანაში შიმშილობა ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია და მას სსრკ-ის პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.

პოლიტიკანოს მტკიცებით, გოლოდომორი ბუნებრივი პირობებისგან იყო გამოწვეული და ის ხელოვნურად შექმნილი არ ყოფილა. ამის საილუტრაციოდ, პოლიტიკანო აღნიშნავს, რომ 1932 წელს, წინა წელთან შედარებით, უკრაინაში ნათესების ტერიტორია 18-25 %-ით შემცირდა. თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1931 წელთან შედარებით, 1932 წელს მთლიანი სათესი ფართობი მხოლოდ 9%-მდე შემცირდა.

1933 წლის 11 იანვარს, ცენტრალური კომიტეტის გაერთიანებულ კომიტეტზე სტალინმა განაცხადა, რომ 1931 წელთან შედარებით, 1932 წელს საბჭოთა კავშირში საგრძნობლად ბევრი პური იყო.

სტალინი: ვერავინ უარყოფს, რომ პურეულის საერთო მოსავალი წინა წელთან შედარებით მეტი იყო, მაშინ როდესაც, 1931 წელს სსრკ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილილის 5 ძირითად რეგიონებში გვალვის შედეგად, ქვეყანაში პურის ბალანსი შეამცირა. მართალია, ჩვენ 1932 წელსაც დავკარგეთ გარკვეული მოსავალი არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო ყუბანსა და თერგში, ასევე უკრაინის ზოგიერთ რაიონებში. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს დანაკარგი იმ დანაკარგის ნახევარსაც ვერ აღწევს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1931 წელს გვალვის გამო.

“უკრაინის შიმშილობის შესახებ კომისიის” ამერიკის კონგრესის მიმართ 1988 წლის საგამოძიებო ანგარიშში ნათქვამია, რომ 1932 წელს უკრაინაში გვალვა არ ყოფილა, ხოლო გოლოდომორი შეფასებულია, როგორც “ადამიანის მიერ შექმნილი შიმშილობა.”

ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი წიგნში “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის”, უკრაინაში დიდი შიმშილობის მიზეზებს დეტალურად აღწერს. სნაიდერის მიხედვით, 1933 წელს უკრაინაში შიმშილობა 1928-32 წლების სტალინის ხუთწლიანი გეგმის შედეგი იყო, რაც იძულებით კოლექტივიზაციასა და შეძლებული გლეხების, იგივე კულაკების მიმართ რეპრესიებს გულისხმობდა. 1931 წლის დასაწყისისთვის საბჭოთა უკრაინიდან 32,127 ათასი ოჯახი გადაასახლეს.

უკრაინაში სტალინის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მომენტები:

  • 1930 წელს უკრაინაში დიდი რაოდენობის მოსავალი მოვიდა, რის გამოც 1931 წელს უკრაინიდან ხორბლის ამოღების რეკვიზიციები გაიზარდა.
  • 1931 წელს, ნაყოფის ჩამოყალიბების პერიოდში ცუდი ამინდების გამო საკმარისი მოსავალი არ მოვიდა. უკრაინის პარტიის ლიდერი, სტანისლავ კოსიორი იმ წლის ანგარიშში წერდა, რომ რეკვიზიციის გეგმის შესრულება შეუძლებელი იყო, თუმცა მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ გლეხები მოსავალს მალავდნენ და იპარავდნენ.
  • 1931 წლის 5 დეკემბერს, სტალინის ბრძანებით, იმ კოლექტივებს, რომლებსაც ხორბალი ჯერ ჩაბარებული არ ჰქონდათ, სათესლე მასალა წაართვეს. ამ პოლიტიკის შედეგად, მომდევნო წელს გლეხებს ხორბლის დასათესი მასალა აღარ ჰქონდათ.
  • 1932 წლის დასაწყისში უკრაინელებმა სტალინს უკრაინაში წითელი ჯვრის შეშვება სთხოვეს, თუმცა მან ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე უარი თქვა.
  • უკრაინაში შიმშილობის პარალელურად სტალინისა და მაღალი თანამდებობის პირების პოზიცია ის იყო, რომ თითქოს შიმშილობა ზარმაცი გლეხების ბრალი იყო. მათ დასასჯელად კი ხორბლის რეკვიზიციები უფრო მკაცრი წესით უნდა ჩაეტარებინათ.
  • 1932 წლის 7 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქტი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ნებართვის გარეშე საკვების შენახვის ფაქტი ითვლებოდა მოპარვად.
  • 1932 წლის აგვისტოდან, გლეხებზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, ყანებში სამეთვლაყურეო კოშკები აღიმართა.
  • 1932 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საბჭოთა ეკონომიკაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმეოდათ იმ კოლექტივებს, რომლებიც რეკვიზიციიის წლიურ გეგმას ვერ შეასრულებდნენ.
  • 1932 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უკრაინელ გლეხებს, რეკვიზიციის შემდეგ მორჩენილი ხორბლის მარაგის შენახვა აეკრძალათ.
  • 1932 წლის 20 ნოემბერს ძალაში შევიდა “ხორცის ჯარიმა”. გლეხები, რომლებიც ხორბლის გეგმას ვერ ასრულებდნენ, ის ხორცით უნდა გადაეხადათ.
  • 1932 წლის 28 ნოემბერს, კოლმეურნეობებს, რომლებიც გეგმას ვერ ასრულებდნენ, ჯარიმის სახით 15-ჯერ მერი ხორბლის ჩაბარება დაეკისრათ.
  • 1932 წლის 5 დეკემბრიდან შიმშილობა უკრაინელი ნაციონალისტების შეთქმულებად მიიჩნეოდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა, ვინც გეგმას არ ასრულებდა, ქვეყნის მოღალატედ ითვლებოდა.
  • 1932 წლის ბოლოს გლეხებს სათესლე ხორბალი ჩამოერთვათ.
  • 1933 წლიდან უკრაინის საზღვრები ჩაიკეტა, რათა გლეხებს გაქცევა არ შესძლებოდათ. იმავე წლის 23 იანვრიდან, გრძელ დისტანციებზე ბილეთების გაყიდვა აიკრძალა.

ფოტო: 1932 წლის 27 ნომბრის გადაწყვეტილება გლეხების მიმართ რეპრესიული ზომების შესახებ
წყარო: უკრაინის სახელმწიფო არქივი

ტყუილი N3: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გოლოდომორი დანაშაულად არ აღიარა

Politicano-ს მტკიცება, რომ ევროსაბჭომ გოლოდომორის გენოციდად აღიარებაზე უარი თქვა, მანიპულაციურია, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუციაში გოლოდომორი, როგორც სტალინისტური რეჟიმის შედეგი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად არის მოხსენიებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუცია: “მკაცრად ვგმობთ სტალინისტური რეჟიმის მიერ გატარებულ ბოროტ პოლიტიკას, რომლის შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.”

გოლოდომორი, როგორც გენოციდი 17 ქვეყნის მიერ არის აღიარებული. ესენია: აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, კოლუმბია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ეკვადორი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, სლოვაკეთი.

საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა რეზოლუციებში გოლოდომორი მოხსენიებულია, როგორც ტრაგედია/კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

  • ევროპარლამენტის 2008 წლის  რეზოლუცია: “აღიარებს გოლოდომორს (1932-1933 წლებში უკრაინაში ხელოვნურად შექმნილ შემშილს) როგორც უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.”
  • გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2003 წლის ერთობლივი  განცხადება: “1932-1933 წლებში უკრაინაში დიდი შიმშილობა (გოლოდომორი), რომელსაც 7-დან 10 მილიონამდე უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინელი ხალხის ეროვნული ტრაგედიაა.”
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის  რეზოლუცია: “მკაცრად ვგმობთ სტალინისტური რეჟიმის მიერ გატარებულ ბოროტ პოლიტიკას, რომლის შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.”
  • ეუთო-ს 2008 წლის  რეზოლუცია: გოლოდომორი იყო მასობრივი შიმშილობა, რომელიც სტალინისტური ტოტალიტარული რეჟიმის ბოროტად გამიზნულმა პოლიტიკამ გამოიწვია.

უკრაინაში გოლოდომორის უარყოფა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია

გოლოდომორის არსებობის უარყოფა, ასევე გოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობებით მანიპულაციის ტაქტიკა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყო. თავდაპირველად, საბჭოთა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ უკრაინაში შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სხვა რესპუბლიკებში არ გავრცელებულიყო. სწორედ ამ მიზნით, 1933 წლიდან ჩაიკეტა უკრაინის საზღვრები და უკრაინელ გლეხებს ვრცელ მანძილებზე მოგზაურობა აეკრძალათ. შიმშილობა კი წარმოდგენილი იყო, როგორც უკრაინელი ნაციონალისტებისა და ხალხის მტრების მიერ შეთქმულება. 1933 წელს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიტანელ საგამოძიებო ჟურნალისტთან, გარეტ ჯოუნსთან ინტერვიუში, უკრაინაში შიმშილობის არსებობა უარყო.

გოლოდომორის უარყოფის ერთ-ერთი აპოლოგეტი იყო პულიცერის პრემიის ლაურეატი, NYT-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი უოლტერ დიურანტი, რომელიც წერდა, რომ შიმშილობა იყო, თუმცა მოსახლეობა არ იხოცებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა უკრაინაში შიმშილობის შესახებ სიმართლის გავრცელებას.

არსებული რეალობის დამალვის მიზნით, საბჭოთა პროპაგანდა ე.წ. “პოტიომკინის სოფლის” მეთოდს მიმართავდა. 1933 წელს კიევში ფრანგი პოლიტიკოსის, ედუარდ ერიოს კიევში ვიზიტის წინ, კიევის მაცხოვრებლებს ქალაქის დასუფთავება უბრძანეს, ხოლო მაღაზიის დახლებზე სხვადასხვა სახის პროდუქტი გამოჩნდა, რომელთანაც მიკარება მოსახლეობას ეკრძალებოდა. ქუჩებიდან გააქრეს მოშიმშილეები. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადგმული სცენების შედეგად, 1933 წლის 13 სექტემბერს გამოცემა “Правда” წერდა, რომ ერიომ “კატეგორიოულად უარყო, თუ რას წერდა ბურჟუაზიული პრესა საბჭოთა შიმშილობის შესახებ.”

სრული ინფოგრაფიკა იხილეთ   ბმულზე


მოამზადა სოფო გელავამ