Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

ნორვეგიასა და აშშ-ში გარდაცვალებათა შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი დადასტურებული არ არის

20 Հունվար, 2021

17 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძე-მ საჯარო ჯგუფში” კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა!!!” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კოვიდ 19-ის ვაქცინაციის შედეგად გერმანიაში, ამერიკასა და ნორვეგიაში გარდაცვალების ფაქტების შესახებ საუბრობს. პოსტში ნახსენებია ნორვეგიაში გარდაცვალების 23, ხოლო აშშ-ის 55 შემთხვევა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინა შხამია, რომელსაც კაცობრიობის გასაჟლეტად და დასამონებლად იყენებენ.

ნორვეგიაში პფაიზერის ვაქცინის მიღება გარდაცვალებას პირდაპირ დაუკავშირა რამდენიმე მედია საშუალებამაც:  TV Pirveli • ტელეკომპანია პირველმა 15 იანვარს საკუთარ ფეიბუქ გვერდზე სიუჟეტი შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: “❗ ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა”, ხოლო ტელეკომპანია ობიექტივის ვებ გვერდზე სიახლე იმავე სახელწოდებით 16 იანვარს გაჩნდა. “ობიექტივის” სიუჟეტში “ევრონიუსის” ლოგოც ჩანს, თუმცა თავად “ევრონიუსზე” მსგავსი სიუჟეტი ამ დროისათვის არ იძებნება. 

ტელეკომპანია “პირველის” სიუჟეტში თავდაპირველად აცხადებენ, რომ ვაქცინას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა შემდგომ განმარტებულია, რომ სპეციალისტები ჯერ კიდევ არკვევენ, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი. სიუჟეტში ასევე გამოყენებულია ამირან გამყრელიძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი ჯერჯერობით შესწავლის საგანია და არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები ვაქცინის შედეგად გარდაიცვალნენ. რაც შეეხება ტვ “ობიექტივს” ისინი სიუჟეტის დასაწყისში ტვ პირველის მსგავსად აცხადებენ, რომ ვაქცინას 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო შემდგომ ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის თანმხლები დაავადებები გახდა, რამაც ვაქცინის უკუჩვენება გამოიწვია. 

ნორვეგიაში 23 ადამიანის კოვიდით გარდაცვალებას ვაქცვინაციას მტკიცებით ფორმაში უკავშირებდნენ ონლაინ მედია-საშუალებები info9.ge და newposts.ge. მათი ინფორმაციით, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 13 ადამიანის გარდაცვალებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენებს უკავშირებდა. იმ დროისთვის, როცა ეს მასალები გამოქვეყნდა, სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გაარკვევდა გარდაცვალების მიზეზს, დასრულებული არ იყო და გარდაცვალების მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქმებოდა.

;

;;

ნორვეგიაში ვაქცინაციით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ნორვეგიის წამლების სააგენტოსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ვაქცინირებულ მოხუცთა გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირს ადასტურებს. მანიპულაციურია შანიძის მეორე ბრალდებაც, ვაქცინაციის შედეგად ამერიკაში 55 ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რადგან ის VAERS-ს ანუ ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემას ეფუძნება, რომლისთვისაც მონაცემების მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც დამატებით შემდგომ კვლევას საჭიროებს. 

რა ვიცით ნორვეგიაში გარდაცვალების შემთხვევებზე?

ნორვეგიაში ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციის faktisk.no-ს ინფორმაციით, Covid-19 ვაქცინაციის შემდეგ, ნორვეგიაში 23 (ბოლო მონაცემებით ეს რიცხვი 33-ია)  ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჯერ მხოლოდ სიკვდილიანობის 13 შემთხვევაა გამოკვლეული.

მედიკამენტების სააგენტომ გამოკვლეულ 13 შემთხვევაში  კაუზალური ანუ მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და გარდაცვალების ამ 13 გშემთხვევას შორის ვერ დაადგინა.

ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს განცხადებით, ასევე  ზოგადად ვერ გამორიცხავენ, რომ ვაქცინის გვერდითმა ეფექტებმა, როგორიცაა სიცხე და გულისრევა, ზოგიერთი მძიმედ მყოფი პაციენტის შემთხვევაში, ფატალური შედეგის დადგომას შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარდაცვლილები სერიოზული ავადმყოფობების მქონე მოხუცები იყვნენ,  ნორვეგიაში კი მოხუცთა თავშესაფრებში და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში კვირაში საშუალოდ 300-400 ადამიანი იღუპება. გარდაცვალების 13 გამოკვლეული შემთხვევიდან ყველა მათგანი 80 წელს ზემოთ ასაკის იყო, ზოგიერთი კი 90 წელს ზემოთ. ასევე, მათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ”მძიმე ფორმის სისუსტე” ჰქონდათ განვითარებული.

18 იანვარს ნორვეგიაში 23 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციაზე განმარტება ბლუმბერგმაც გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო ცდილობს გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ შიშის განცდას, რომელიც გარდაცვლების შემთხვევების შემდეგ გაჩნდა, თუმცა სააგენტოს ბოლო მონაცემებით ყველა მათგანი, ვინც ვაქცინა მიიღო და გარდაიცვალა, უკვე მძიმედ იყო დაავადებული.

ამ დროისათვის ნორვეგიაში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა დაახლოებით 48,000-მა ადამიანმა მიიიღო. ვაქცინაციისას აქცენტი გაკეთდა მათზე, ვინც ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მოხუცებიც. ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს დირექტორი სტეინარ მადსენი ამბობს, რომ ნორვეგიამ მოხუცთა თავშესაფრის თითქმის ყველა ბენეფიციარი უკვე აცრა და გარდაცვალების შემთხვევები "1000 – დან 1 – ზე ნაკლებია".

მადსენის თქმით, იგი არ ელის განსხვავებულ შედეგს  სხვა ვაქცინისაგან, მაგალითად Moderna -სგან, რომლის მოქმედებაც, რნმ-ის მესენჯერების ტექნოლოგიას ეყრდნობა, რომელიც სხეულის უჯრედებს კორონავირუსთან გამკლავებას “ასწავლის”.

დასტურდება თუ არა კავშირი აშშ-ში გარდაცვალებულ 55 ადამიანსა და ვაქცინას შორის?

შორე შანიძის გაზიარებულ მასლაში, ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 55 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც არის მოცემული. ინფორმაციის წყაროდ სტატიაში ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ რეპორტინგის სისტემაა (VAERS)  მითითებული, რომლის თანახმადაც, გარდაცვალების შემთხვევა როგორც Moderna-ს, ასევე Pfizer-BioNTech ვაქცინების მიღების შემდეგ დაფიქსირდა. ამავე მასალაში მითითებულია, რომ VAERS– ში მონაცემები შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ შორის ჯანდაცვის პროვაიდერებს, პაციენტებს ან ოჯახის წევრებს.

VAERS არის ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელშიც მონაცემების დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამიტომ, გარდაცვალებებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის  დადგენა VAERS-ში დაფიქსირებული მონაცმების შემდგომ გამოკვლევას მოითხოვს.

ტერმინი ”გვერდითი მოვლენა” აღწერს ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პრობლემა ვაქცინით გამოწვეული. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ასევე შეყვანილია VAERS– ში, როგორც გვერდითი მოვლენა, მაგრამ ცხადია, ისინი ვაქცინაციით გამოწვეული არ არის.  VAERS -ში შეხვდებით ცნობებს იმის შესახებაც, რომ ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ ჰალკად (მარველის კომიქსის პერსონაჟი) გადაიქცა და ა.შ.

VAERS– ის გამოყენება, როგორც მტკიცებულებისა იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინები მავნეა, მანიპულაციის გავრცელებული მცდელობაა, წერს Health Feedback-ი რომელმაც მსგავსი ისტორიები ადრეც გადაამოწმა.


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა


შორე შანიძის დაარქივებული პოსტი
ტელეკომპანია პირველის დაარქივებული პოსტი
ტელეკომპანია ობიექტივის დაარქივებული პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.