Այլք

როგორ ჩაანაცვლა Deep Fake-მა ოლივია კულპო “მის სამყარო 2012”-ის ვიდეობში 

18 Հունվար, 2021

15 იანვარს ჯგუფში “ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი” თინათინ მჭედლიშვილმა ლატვიელი ფეისბუქ მომხმარებლის Egils Rutkovskis-ის 2020 წლის 18 დეკემბრის ვიდეო გააზირა. ვიდეო “მის სამყარო 2012”-ის დაჯილდოებას ასახავს და მასში ჩანს, რომ სილამაზის კონკურსში მამაკაცი მონაწილე იმარჯვებს. ვიდეოში ისმის წამყვანის ხმა, რომელიც აცხადებს, რომ “მის სამყარო 2012”-ის ტიტული მის ამერიკამ ოლივია კულპომ მოიპოვა. ლატვიელი მომხმარებლის ვიდეოს თან ახლავს ტექსტი : “საით მიექანება მსოფლიო?”, ხოლო ქართველმა მომხმარებელმა იგივე ვიდეო “უფლის წინააღმდეგ ბრძოლად” შეაფასა.

18 იანვრის მონაცემებით თინათინ მჭედლიშვილის პოსტი წაშლილია, ხოლო Egils Rutkovskis-ის პოსტს 3566 გაზიარება აქვს.

;   

Eglis Rutkovskis-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ფაბრიკაციაა და მასზე დაყრდნობით მომხმარებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ კონკურსში “მის სამყარო 2012” კაცმა გაიმარჯვა. რეალურად, აღნიშნული ჯილდო ამერიკელმა ქალმა მოდელმა ოლივია კულპომ მოიპოვა, ვიდეოში კი ოლივიას სახე მამაკაცის სახით Deepfake ტექნოლოგიის გამოყენებითაა ჩანაცვლებული. 

კონკურსში “მის სამყარო 2012” ამერიკელმა მოდელმა და ინფლუენსერმა 20 წლის ოლივია კულპომ გაიმარჯვა და 2012 წლის მის სამყაროს ტიტული მოიპოვა. გაყალბებულ ვიდეო, რომელშიც ოლივიას სახე კაცის სახითაა შეცვლილი, დაჯილდოების ცერემონიის რამდენიმე კადრისაგან შედგება.  

;

გარდა ფეისბუქისა, “მის სამყარო 2012”-ის გაყალბებული ვიდეო 2020 წლის 17 დეკემბრს რუსულ სოციალურ ქსელში ok.ru-ზეც ვრცელდებოდა.  

Deep Fake ტექნოლოგიის შესახებ 

Deep Fake ვიდეომანოპულაციის ერთ-ერთი ტექნოლოგიაა და ის პირველად 2017 წელს გამოჩნდა. იგი ხელოვნური ინტელექტით კადრების, მათ შორის ადამიანთა სახეების გასაყალბებლად გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტის ვიდეოინსტრუმენტების მეშვეობით, ერთი ადამიანის სახის სხვა ადამიანის ტანთან კომბინაცია გახდა შესაძლებელი. ისეთი ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა Deepfake და Deep Video Portraits შესაძლებელია, კონკრეტულ ინდივიდზე სხვა ადამიანის თავის მოძრაობის, სახის გამომეტყველების, მზერისა და თვალის დახამხამების გადატანაც კი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირის გამოსვლის, სიტყვების, სახის გამომეტყველების გაყალბებაა შესაძლებელი. deepfake ვიდეოს ამოცნობა გაყალბების ხარისხზეა დამოკიდებული და მინიშნელბად შესაძლოა ისეთი მცირე დეტალები იქცეს, როგორიცაა კანის ტონალობა, თვალების დახამხამებისა და პირის მოძრაობის ბუნებრივობა და ა.შ.  დროთა განმავლობაში ტექნოლოგია სწრაფად იხვწება და გაყალბების ხარისხიც უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება. Deepfake ტექნოლოგიის ერთ-ერთმა ბოლო ქმნილებამ - ყალბმა დედოფალმა ელისაბედ II-მ 2020 წლის 25 დეკემბერს დიდ ბრიტანელებს Channel 4-ის ეთერიდან შობაც კი მოულოცა. 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.