Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

რას ეყრდნობა ტომარაძის კონსპირაციები “კორონა-პანდემიის” შესახებ?

16 Սեպտեմբեր, 2020

2020 წლის 10 სექტემბერს ორგანიზაცია “დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ სოციალურ ქსელში პოსტის სახით გამოაქვეყნა მიმართვა დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძისადმი. პოსტში ნათქვამია, რომ კორონა ვირუსის პანდემია “მსოფლიო ტყუილია, რომელიც თავს მოახვიეს კაცობრიობას”. ტომარაძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა გაყალბებულია და მსოფლიო ჯანდაცვი ორგანიზაცია ვირუსის ლეტალობასა და საფრთხეებს გაზვიადებულად წარმოაჩენს. 

"

ზვიად ტომარაძე “კორონა-პანდემიის” არარეალურობის საილუსტრაციოდ 6 მტკიცებულებას იშველიებს. მისი მტკიცებით: 

  1. ბონის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არის 0.37% და არა 3.4%, როგორც აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მკვლევარმა ჰენდრიკ შტრიკმა ამ კვლევით ჯანმო სტატისტიკის გაყალბებაში ამხილა.
  2. ჰამბურგის სამედიციო ინსტიტუტის პროფესორმა კლაუს პიოშელმა კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყველა გარდაცვლილს კორონავირუსს მიაწერენ და ამით ხალხს ყოველდღიურად აშინებენ.
  3. სტენფორდელი მეცნიერის ჯონ იოანიდისის კვლევის თანახმად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სეზონური გრიპის მაჩვენებლის ტოლია და არსებულ მონაცემზე 50-ჯერ ნაკლებია.
  4. ჩრდილოეთ კაროლინელი ექიმი რაშიდ ბუტარი აცხადებს, რომ კორონავირუსის ყალბი პანდემიის ორგანიზებაში გეითსი და ფაუჩი არიან ჩართულნი.
  5. იტალიელი პოლიტიკოსი ვიტორიო სგრაბი აცხადებს, რომ იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ციფრები ტყუილია და ხელოვნურადაა გაზრდილი.
  6. რობერტ ფრენსის კენედიმ 29 აგვისტოს ბერლინში აქციაზე გამოსვლისას ფარდა ახადა “კორონააფიორას” და მის ორგანიზებაში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა 

ტომარაძის განცხადებებიდან, 1) დეზინფორმაციაა, რომ იტალაში ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ტყუილია და ხელოვნურადაა გაზრდილი. 2) ჩრდილოეთ კაროლინელი ექიმის რაშიდ ბუტარის და ანტივაქსერისტი აქტივისტის რობერტ ფრენსის კენედის განცხადებები კონსპირაციებია ; 3) ნახევრადსიმართლე/მანიპულაციაა ცნობები ბონის უნივერსიტეტის კვლევის შესახებ, ასევე სტენფორდის მეცნიერის ჯონ იოანდისის “ანტისხეულების კვლევა,” რომელმაც მტკიცებულებების არავალიდურობის გამო აკადემიურ წრეებში  მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ; 4) პროფესორ კლაუს პიოშელის სახელით გავრცელებული განცხადება, თითქოს მან კორონავირუსი მხოლოდ კიბოს ან ფილტვის პრობლემების მქონე პაციენტებს ემართებათ, არ იძებნება და შესაბამისად მტკიცებულების გარეშეა.

1. დეზინფორმაცია, თითქოს იტალიაში ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ხელოვნურად გაზრდილია

ზვიად ტომარაძე პოსტში იხსენებს იტალიელი პოლიტიკოსის ვიტორიო სგრაბის სკანდალურ 25 აპრილის გამოსვლას იტალიის პარლამენტში. პარტია Forza Italia-ს წევრმა განაცხადა, რომ იტალიაში 25 აპრილისთვის გარდაცვლილი 24 075 ადამიანიდან 96% სხვა დაავადებებით დაიღუპა და მხოლოდ 925 ადამიანი გარდაიცვალა უშუალოდ კორონავირუსით.

სგრაბის განცხადებას ხმაური მოჰყვა იტალიურ მედიაში. ვიტორიო სგრაბი ციტირებს იტალიის ჯანდაცვის ინტიტუტის 20 აპრილის ანგარიშს, თუმცა ანგარშში ნათქვამი არაა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა 96% სხვა დაავადებებით დაიღუპა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტების 96%-ს ვირუსის პარალელურად სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ გარდაცვლაების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკით მანიპულაციასთან დაკავშირებით ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატიაში.

2. ჩრდილოეთ კაროლინელი ექიმის რაშიდ ბუტარის და ანტივაქსერისტი აქტივისტის რობერტ ფრენსის კენედის განცხადებები კონსპირაციებია

ექიმი რაშიდ ბუტარი. რაშიდ ბუტარი ამერიკელი ექიმი, კონსპიროლოგი და ანტი-ვაქსერია, რომელიც ამერიკაში ცნობილი გახდა აუტიზმისა და კიბოს მკურნალობის საკამათო მეთოდების გამოყენების გამო. ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო ექსპერტების საბჭომ ბუტარი 2010 წელს ოფიციალურად არაავტორიზებული მედიკამენტების აუტიზმის სამკურნალო საშუალებად გასაღებასა და გაყიდვაში დაადანაშაულა. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA)  ბუტარს არალეგალური წამლების მარკეტინგში ადანაშაულებდა.

რაშიდ ბუტარი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას ავრცელებდა. ბუტარი კონსპირაციის თეორიებსა და დეზინფორმაციას Youtube-ზე ვიდეობის საშუალებით ათავსებდა და იგი კორონავირუსის ხელოვნურად შექნმნაში აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონიო ფაუჩის და ფილანტროფ ბილ გეითსს ადანაშაულებდა. გავრცელებიდან ერთ კვირაში Youtube-მა ვიდეო დეზინფორმაციული შინაარსის გამო წაშალა.

რაშიდ ბუტარის კონსპირაცია ფაუჩისა და ბილ გეითსის შესახებ ქართულმა ქლიქ-ბაით გვერდებმაც გაავრცელეს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატია - იჭერენ თუ არა ფაუჩისა და ბილ გეიტსს აცრების გამო.

რობერტ ფრენსის კენედი. 2020 წლის 29 აგვისტოს ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო ფართომაშტაბიანი პროტესტი გაიმართა. რობერტ ფრენსის კენედიმ, ცნობილმა ანტივაქსერმა, აქციაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააჟღერა კორონავირუსის შესახებ არსებული კონსპირაციის თეორიები და კორონავირუსი 5G ქსელის გავრცელებას და სახელმწიფოების მიერ ტოტალური კონტროლის მოპოვების სურვილს დაუკავშირა.

რობერტ ფრენსის კენედი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მუდმივად ავრცელებდა სხვადასხვა კონსპირაციას ვირუსის შესახებ, მათ შორის კონსპირაციებს კორონავირუსთან ბილ გეითსის და 5G ქსელის კავშირზე. შედეგად კენედი ფაქტების გადამოწმების არაერთი პლატფორმის, მათ შორის PolitFact-ის, ყურადღების ცენტრში მოექცა. PolitFact -ის მასალის მიხედვით რ.ფ. კენედი Facebook-ზე ანტივაქსერული და სამედიცინო კონსპირაციული შინაარსის რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია. 

3. ნახევრადსიმართლე: ბონის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები არ უპირისპირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას.

 ბონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორები ჰენდრიკ შტრიკი და გიუნტერ ჰარტმანი ხელმძღვანელობდნენ, კორონავირუსის ინფექციის ფატალობის მაჩვენებელზე (IFR) კვლევის შედეგები 2020 წლის მაისის დასაწყისში გამოაქვეყნეს. კვლევა გერმანიის მაშინდელ ცხელ წერტილში ჰაიზენბერგში 919 ინფიცირებულზე ჩატარდა და კორონავირუსის ფატალობის მაჩვენებელზე პირველი კვლევა იყო. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის ინფექციის ფატალობის მაჩვენებელი 0.37%-ს უდრის. თუმცა ამ მონაცემის დაპირისპირება ზვიად ტომარაძის პოსტში დასახელებულ 3.4%-თან არარელევანტურია, რადგან ეს რიცხვები სხვადასხვა სტატისტიკას ასახავენ. 

2020 წლის 3 მარტის ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შემთხვევის ფატალურობის საშუალო მაჩვენებლად 3.4% დაასახელა. შემთხვევის ფატალურობის მაჩვენებელი (Case Fatality Rate)  გვიჩვენებს დაავადებული შემთხვევებიდან რამდენი პაციენტი გარდაიცვალა საერთო ჯამში, 2020 წლის 3 მარტისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით პაციენტთა 3.4% იყო გარდაცვლილი. მარტში ეპიდემიოლოგებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ინფექციის ფატალურობის მაჩვენებელი (Infection Fatality Rate), რომელიც გვიჩვენებს დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან რამდენი პაციენტი გარდაიცვლა უშუალოდ კორონავირუსის პათოგენის მოქმედების შედეგად. მიჩნეულია, რომ IFR-ის გამოთვლას უფრო ხანგრძლივი და დეტალური დაკვირვება სჭირდება, ვიდრე CFR-ს. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტში კორონავირუსის შემთხვევების ფატალობის მაჩვენებლად (CFR) 3.4% დაასახელა, ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა კვლევები კორონავირუსის ინფექციის ფატალურობის მაჩვენებელზე. სწორედ ბონის უნივერსიტეტის კვლევა იყო პირველი კვლევა, რომელმაც კორონავირუსის IFR გამოთვალა. 

ამასთანავე, CFR და IFR არ არის სტატიკური მაჩვენებლები და დაკვირვების გრძელვადიან პერიოდში მათი ცვლილება შესაძლებელია. 2020 წლის 4 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციის ფატალურობის მაჩვენებელი (IFR) 0.5%-დან 1%-მდე მერყეობს და განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებისათვის.

რაც შეეხება ბონის უნივერსიტეტის პროფესორის ჰენდრიკ შტრიკის მიერ ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის გაყალებებაში დადანაშაულებას, უცნობია, რომელ კონკრეტულ განცხადებაზე  დაყრდნობით ამბობს ამას ტომარაძე. 

სტენფორდის მეცნიერის ჯონ იოანდისის “ანტისხეულების კვლევამ” აკადემიურ წრეებში  მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა 

კვლევა, რომელზეც ზვიად ტომარაძე საუბრობს, სტენფორდში მეცნიერთა სამეულმა 2020 წლის 10 აპრილს გამოაქვეყნა. მკვლევრები 22 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში სანტა კლარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე  საკვლევ პირებს ამოწმებდნენ. შედეგად მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები აშშ-ში ჯერ კიდევ თებერვალში გამოვლინდა, ამერიკაში კორონავირუსის პირველ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე თვეებით ადრე და აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე აღრიცხული შემთხვევები. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მკვლევარი ჯონ იოანდისი აცხადება, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ვირუსი არაა სასიკვდილო საფრთხე და მასთან ბრძოლისთვის მკაცრი საკარანტინე პირობები საჭირო არაა.

კვლევამ გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა სპეციალისტების მკაცრი კრიტიკა კვლევის მეთოდოლოგიასა და მონაცემების ანალიზის სისწორესთან დაკავშირებით. ექსპერტების კრიტიკა შეეხებოდა მკვლევარების მიერ სანტა კლარაში მიღებული მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას - მკვლევარებმა კონკრეტულ რეგიონში ანტისხეულებზე შეამოწმეს 3300 პირი, რომელთაგან მხოლოდ 50 პირს აღმოაჩნდა კორონავირუსის ანტისხეულები. სწორედ ეს შედეგები განაზოგადეს მთელი ამერიკის მოსახლეობაზე. ასევე მკვლევარების მიერ კვლევის მონაწილეთა ტესტირებისათვის გამოყენებული ანტისხეულების ტესტები არ ყოფილა ვერიფიცირებული ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ, რადგან ტესტები ზოგ შემთხვევაში არასწორად იძლეოდნენ დადებით პასუხს. შესაბამისად, სტენფორდის ამ კვლევის მიმართ ამერიკის აკადემიური წრეები კრიტიკულად და სკეპტიკურად არიან განწყობილი.

ზვიად ტომარაძის მიერ კორონავირუსისა და სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვნებელს შორის გავლებული პარალელები არარელევანტურია, რამდენადაც სეზონური გრიპისგან განსხვავებით კორონავირუსი ახალი დაავადებაა, ხოლო მისი სტატისტიკა მუდმივად იცვლება.განსხვავებით სეზონური გრიპისაგან, ადამიანთა უმეტესობას კორონავირუსზე არ აქვს არც იმუნიტეტი და ჯერჯერობით არ არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც. ექიმები და მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ კორონავირუსის სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად, თუმცა ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატება სეზონური გრიპისას.

4. მტკიცებულებების გარეშე: პროფესორ კლაუს პიოშელის სახელით გავრცელებული განცხადება თითქოს მან კორონავირუსი მხოლოდ კიბოს ან ფილტვის პრობლემების მქონე პაციენტებს ემართებათ, არ იძებნება 

2020 წლის 6 აპრილს  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობილი გერმანელი პათოლოგისტის პროფესორ კლაუს პიოშელის ციტატა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მხოლოდ კიბოს ან ფილტვის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იყო ლეტალური და  “ჯანმრთელი ადამიანი კორონავირუსით არასოდეს დაღუპულა”.  აღნიშნული ციტატა სხვადასხვა ინტერპრეტაციით ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა გააზიარა.

"

პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ინფორმაცია გერმანიის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა CORRECTIV-მა გადაამოწმა. CORRECTIV-ის თანახმად, მათ ვერ აღმოაჩინეს პროფესორ კლაუს პიოშელის განცხადება ან ინტერვიუ, რომელშიც პროფესორი ამბობს, რომ “ჯანმრთელი ადამიანი კორონავირუსით არასოდეს დაღუპულა.” ვირუსული პოსტი სინამდვილეში მანიპულირებდა კლაუს პიოშელის მიერ ჰამბურგში ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, რომელშიც პროფესორმა აღნიშნა, რომ ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს ჰქონდა გულის ან ფილტვის დაავადებებთან დაკავშირებული წინარე სამედიცინო ისტორია. პოსტში მანიპულაციურად მოყვანილი ციტატის ავთენტურობა CORRECTIV-ს  არ დაუდასტურა არც ჰამბურგის სამედიცინო ინტიტუტმა, არც თავად პროფესორმა პიოშელმა.

სავარაუდოდ, ზვიად ტომარაძის პოსტიც პროფესორ პიოშელის ჰამბურგის კვლევის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ახდენს. პანდემიის დასაწყისში პოპულარული იყო აზრი, რომ კორონავირუსი ლეტალური შედეგის მომტანი მხოლოდ ხანდაზმული ან წინარე დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა, თუმცა პანდემიის სტატისტიკა, მათ შორის უშუალოდ სამედიცინო პერსონალის ხშირი ინფიცირების ფაქტები ადასტურებს, რომ კორონავირუსს მძიმე შედეგების მოტანა არა მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის, არამედ ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც შეუძლია

ვინ გაავრცელა ზვიად ტომარაძის პოსტი ? 

ზვიად ტომარაძის პოსტი facebook-ზე ვირუსულად გავრცელდა. 15 სექტემბრის მონაცემებით, პოსტს 6100 მოწონება და 9600 გაზიარება აქვს. გარდა კონკრეტული ფეისბუქ მომხმარებლების ანგარიშებისა პოსტი გაავრცელა 8 გვერდმა: ერი , ალფა, Tvalsazrisi.ge, ალია, Fაქტები, ზვიად ტომარაძე/Zviad Tomaradze, დედაქალაქი და მცოდნე დედები - MomsEdu.ge .

ტომარაძის პოსტი 42-ჯერ გადააზიარეს სხვადასხვა თემატურ საჯარო ჯგუფში. მათ შორის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფებში კორონა მაფია და  STOP 5G GEORGIA.

 

მოამზადა მედეა სულამანიძემ