Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

რატომ “აცოცხლებს” “სტალინი” ლუგარზე ძველ კონსპირაციებს და რა ვიცით ბულგარელი ჟურნალისტის შესახებ?

5 Մայիս, 2020

ფეისბუქ გვერდი “სტალინი”  კორონავირუსის საფრთხის კონტექსტში ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიაზე ადრე გავრცელებული კონსპირაციებს “აცოცხლებს” და საარქივო მასალების ხელახალი გადაზიარებით ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ახალი კორონავირუსის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიასთან და აშშ-სთან არის დაკავშირებული.

1 მაისს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” კრემლისტური გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური ფილმი  გააზიარა, სათაურით “დიპლომატიური ვირუსი – ბულგარელებმა ლუგარის ლაბორატორიაზე ფილმი გადაიღეს”.  3 მაისს კი იმავე გვერდმა ისევ “საქართველო და მსოფლიოს” საარქივო მასალა გააზიარა, სათაურით “რა აკავშირებს ალექსეევკის ლაბორატორიას ღორის გრიპთან”” 

რა აკავშირებს ბულგარელ ჟურნალისტს კრემლთან?

“სტალინის” მიერ გაზიარებული ფილმი ბულგარელ ჟურნალისტს დილიანა გაიტანჯიევას ეკუთვნის. თავის სიუჟეტში გაიტანჯიევა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კონპირაციებს ავრცელებს და ამბობს, რომ იქ საშიშ ცდებს ატარებენ. 

გაიტანჯიევა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ფილმი გაიტანჯიევამ ჰეზბოლასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Mayadeen-სთვის მოამზადა. გაინტაჯიევას ფილმში წყაროდ პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძესაც ვხვდებით, რომელიც ფილმში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით არის მოხსენიებული და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ეჭვებს გამოთქვამს.

"

ამ ფილმის გარდა, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ  გაიტანჯიევამ 2018 წელს კრემლისტური გამოცემა Zero Hedge-სთვისაც მოამზადა სტატია, რომელშიც მან სიმულაციური მტკიცებულებების მეთოდის გამოყენებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტოსა და აშშ-ის საელჩოს, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრსსა და მის თანამშრომლებს შორის კორესპონდენცია გამოაქვეყნა

“მედიის განვითარების ფონდმა” 2018 წელს ოფიციალური კორრესპონდენციის სავარაუდო გაჟონვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ არ გამორიცხა, რომ წერილების გაჟონვა ჰაკერული თავდასხმის შედეგი იყო. 2 წლის შემდეგაც გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ვრცლად დილიანა გაიტანჯიევასა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მისი დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:

ვინ ავრცელებდა კონსპირაციებს ღორის გრიპის შესახებ?

ღორის გრიპის შესახებ კონსპირაციებს სხვადასხვა დროს როგორც რუსეთთან პირდაპირ დაკავშირებული მედიები, ასევე სხვა ქართული წყაროებიც ავრცელებდნენ. რუსულ წყაროებს შორის შემდეგი მედიები ფიგურირებდა:

  1. რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული  Sputnik.ru;
  2. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია  TV Zvezda,
  3. პეტერბურგის ტროლების ქარხნის ერთ-ერთი პროექტი  Риа Фан,
  4. რუსი ოლიგარქის და დონბასში სეპარატისულ საქმიანობასთან დაკავშირებული  კონსტანტინ მალოფეევის ტელევიზია Tsargrad tv და სხვები.

ღორის გრიპთან დაკავშირებული კონსპირაციები ძირითადად 3 გზავნილს შეიცავდა:

  1. ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა;
  2. ღორის გრიპი ხელოვნურად შექმნილი ეპიდემიაა და ის ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული;
  3. საქართველოში იმპორტირებულ ბანანებში ღორის გრიპის ვირუსია.