Քաղաքականություն

ავსტრიაში 2 სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდის წაშლას სოციალ-დემოკრატთა გენერალური მდივნის გადადგომა მოჰყვა

26 Դեկտեմբեր, 2019

20 დეკემბერს ფეისბუკმა საქართველოდან, ვიეტნამიდან და ამერიკიდან კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო ასობით ანგარიში დაბლოკა,  მათ შორის 386 ქართული.  ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი და ჯგუფია. საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა ეს ამბავი უარყო, ნაწილი კი ყურადღების გადატანას კვლავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე შეეცადა, თუმცა, 2 წლის წინ, მსგავსმა ფაქტმა ავსტრიაში, საპარლამენტო არჩევნების წინ დიდი სკანდალი გამოიწვია. 

2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი ავსტრიის სახალხო პარტიასა და მის ლიდერს, სებასტიან კურცს ჰქოდა. ამის გამო, ავსტრიის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, კანცლერმა კრისტიან კერნმა ისრაელელი პოლიტ-ტექნოლოგი, ტალ სილბერშტაინი დაიქირავა, რომელსაც 400 000 ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა. საინფორმაციო სააგენტო “Haaretz”-ის ინფორმაციით, სილბერშტაინის გუნდში ასევე იყო მოშე კლუგჰაფტი, სწორედ ის კლუგჰაფტი, რომელიც საქართველოში, 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის “ქართულმა ოცნებამ” დაიქირავა. სილბერშტაინი მის გუნდთან ერთად კრისტიან კერნმა მალევე დაითხოვა, რადგან ისრაელში მათ წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო.  მოგვიანებით, ისრაელის პოლიციამ სილბერშტაინი დააკავა კიდეც

ავსტრიული მედია სილბერშტაინს და მის გუნდს კრისტიან კერნის მთავარი კონკურენტის, სებასტიან კურცის მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებდა. 

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, სებასტიან კურცის საწინააღმდეგო სულ მცირე 2 ფეისბუკ-გვერდი გამოვლინდა. ერთ-ერთს “სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ” ერქვა, სადაც ფოტომონტაჟები და ყალბი ვიდეორგოლები ქვეყნდებოდა. გვერდი მომხმარებლებს არწმუნებდა, რომ კურცი ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა ახალი ტალღის მიღებას გეგმავდა. მეორე გვერდი, სახელად “ჩვენ სებასტიან კურცისთვის” გარეგნულად, თითქოს კურცის მხარდამჭერთა გვერდი იყო, თუმცა პოსტები საპირისპიროზე მეტყველებდნენ. 

"

"

"

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ავსტრიულმა ონლაინ-გამოცემა “Profil”-მა აღნიშნული ფეისბუკ-გვერდების მართვაში მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ღიად დაადანაშაულა, რის შედეგადაც, გენერალური მდივანი და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი - გეორგ ნიდერმიულბიხლერი გადადგა. სკანდალის გამოაშკარავების გამო, ფეისბუქმა აღნიშნული გვერდები წაშალა. კანცლერმა კერნმა განაცხადა, რომ ფეისბუკ-ჯგუფების შესახებ არაფერი სმენოდა და აღნიშნულ ფაქტს “ამორალური და დაუჯერებლად სულულური” უწოდა. თავად სილბერშტაინმა ფბ-გვერდებთან კავშირი არ უარყო - უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ მისი მიზანი ინფორმაციის შეგროვება და სხვადასხვა გზავნილის დატესტვა იყო.

დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი კამპანიის მიუხედავად, სებასტიან კურცის სახალხო პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა.