Այլք

“მეორეული ინფექცია” - DFR Lab-მა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების ახალი კამპანია გამოავლინა

11 Հուլիս, 2019

ბრალდებები პოლიტიკური მკვლელობების დაგეგმვაზე, თაღლითობა, მანიპულაცია, იდენტობის მოპარვა - ეს არასრული სია რუსეთის ინფორმაციული ოპერაციების ნაწილია, რომელსაც ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია (DFR Lab) იკვლევს. 

DFR Lab-მა რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციების კიდევ ერთი კამპანია გამოააშკარავა. მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კამპანია რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათგან ზოგიერთი კონტენტი 2014 წლითაც თარიღდება. DFR Lab-მა თავდაპირველად Facebook-ზე 16 გაუქმებული პროფილი, 4 გვერდი და ინსტაგრამის 1 პროფილი შეისწავლა. მათი შესწავლის DFR Lab-მა უფრო მსხვირი ოპერაციის გამოაშკარავება შეძლო, რომელიც ციფრული მანიპულაციის მრავალფეროვან ტაქტიკას მოიცავდა, მათ შორის ყალბი ანგარიშების შექმნას, იდენტობის მოპარვასა და ყალბი დოკუმენტების შექმნას. ამ მეთოდებით რამდენიმე ენაზე 30-ზე მეტი პლატფორმა იმართებოდა. 

DFR Lab-მა საინფორმაციო ოპერაციის 7 შემთხვევა შეისწავლა: ირლანდიაში საზოგადოების გახლეჩა, გერმანიაში ანტი-იმიგრაციული სენტიმენტების გაღვივება, უკრაინისა და ევროპის ქვეყნებში ბოლოდროინდელი არჩევნების მიზანში ამოღება, ფარული ოპერაცია ვენესუალაში მანიპულაციის მიზნით, ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მკვლელობებზე შეთხზული კონსპირაციები და კრემლისტური საგარეო პოლიტიკის ნარატივების გაძლიერება. 

suraTi
წყარო: euvsdisinfo.eu

ოპერაცია “მეორეული ინფექცია”

ოპერაცია “მეორეული ინფექცია” გამოძიებას ოპერაცია “ინფექციასთან” მისი სტრატეგიული მსგავსების გამო დაერქვა, რომელიც საბჭოთა კავშირის ცნობილ დეზინფორმაციულ კამპანიას უკავშირდება აშშ-ის მიერ შიდსის ვირუსის გავრცელების შესახებ. სქემა მოიცავდა საერთაშორისო მედიაში ყალბი ისტორიის დათესვას, რათა შენიღბულიყო მისი თაღლითური წარმოშობა და შემდეგ საბჭოთა არხების მეშვეობით მომხდარიყო დეზინფორმაციის “გათეთრება” მანამ, სანამ დასავლეთის მეინსტრიმული მედია არ აიტაცებდა და გააშუქებდა მას, როგორც ფაქტს.

ოპერაცია “მეორეული ინფექციაც” იმავე პრინციპს მიყვებოდა, თუმცა ნერგავდა დიდი რაოდენობით ცრუ ინფორმაციას ფართო თემებზე. ყალბი ისტორიები ეფუძნებოდა გაყალბებულ დოკუმენტებსა და დაფოტოშოპებულ მასალას. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში იქმნებოდა გვერდები უშუალოდ მოგონილი ამბების გავრცელების მიზნით, რომლებიც კონკრეტულ სტატიებს რამდენიმე ენაზე აზიარებდნენ.

surati 2
წყარო: euvsdisinfo.eu

მაგალითისთვის, აღსანიშნავია შემთხვევა, როდესაც აშშ-ის სენატორის, მარკო რუბიოს ტვიტერის ყალბი პოსტი ვირუსულად გავრცელდა და ამის შესახებ Russia Today-ის გერმანულმა ბიურომ დაწერა. სტატია მოიცავდა რუბიოს ყალბი პოსტის ფოტოს, სადაც საუბარი იყო ბრიტანეთის მთავრობის საკომუნიკაციო შტაბის მიერ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მხარდაჭერაზე, დონალდ ტრამპის თვალთვალზე და ამ ნაბიჯებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე. მოგვიანებით მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს პოსტი მას არ ეკუთვნოდა, რაზეც Russia Today-მ სტატიაში აღნიშნა, რომ სენატორმა პოსტი სავარაუდოდ რესპუბლიკელების გაფრთხილების შედეგად წაშალა, რათა არ შექმნილიყო დოპლომატიური უხერხულობა ლონდონსა და ვაშინგტონს შორის. 
 

surati 3
წყარო: euvsdisinfo.eu

surati 4

დოკუმენტების გაყალბება

ერთ-ერთი ქეისი ეხებოდა ყალბ წერილს, რომელსაც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯოზეფ ბორელს (ამჟამად ნომინირებული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე) მიაწერეს. წერილის თანახმად, Brexit-ის რადიკალი ოპონენტები ბორის ჯონსონის მკვლელობას გეგმავდნენ, რათა ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვერ გამხდარიყო. წერილი ჯერ ფეისბუქზე გავრცელდა, შემდეგ კი ესპანურენოვანი სტატიაც მოჰყვა, რომელიც სხვადასხვა გვერდებზე გადააზიარეს.

surati 5
წყარო: euvsdisinfo.eu

კიდევ ერთი ქეისი, რომელიც ირლანდიაში პოლიტიკურ დივიზიებს ეხებოდა, მოიცავდა ყალბ დოკუმენტებსა და პოსტებზე დაყრდნობილ 3 ტყუილს. ფეისბუქზე შექმნილი ყალბი ანგარიშები შეიქმნა როგორც პოლიტიკოსების, ასევე ირლანდიის მოქალაქეების სახელით. ყველა ისტორია გავრცელდა ზემოთხსენებული სამსაფეხურიანი მეთოდით: 1) გაყალბებული დოკუმენტის დაპოსტვა, 2) რამდენიმე ენაზე სხვადასხვა გვერდებიდან გაზიარება, 3) ფეისბუქზე კონტენტის დასპონსორება.

სამიზნეში ჰქონდათ ამოღებული ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებიც, რაზეც გავრცელდა ცნობილი ანტი-ევროპული ნარატივები, თითქოს “ლიბერალური ძალები” ომს იწყებდნენ მემარჯვენეების წინააღმდეგ. მტკიცების გასამყარებლად, კამპანიის ფარგლებში კვლავ თაღლითობას მიმართეს, კონკრეტულად კი გამოიყენეს ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მიერ დაწერილი ყალბი წერილი შვედურ ენაზე, რომელიც შეიცავდა მოწოდებას ევროპელი ლიბერალებისა და კონსერვატორების გაერთიანების შესახებ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

ძირითადი მიგნებები

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის ანგარიშში აისახა, რომ ამ ოპერაციის მიზანი იყო კრემლისტური საგარეო პოლიტიკის ნარატივების ხელშეწყობა, რომელიც 2014-2015 წლებში დაიწყო და მიმართული იყო უკრაინის შესახებ ნეგატიური მესიჯების გავრცელებისკენ. შემდგომ რუსული დეზინფორმაციის დღის წესრიგი გაფართოვდა და უფრო მიზანმიმართულ ანტიდასავლურ კამპანიასთან ერთად მოიცვა ვენესუელისა და სირიის საკითხებიც.  

EU vs. Disinfo-ს თქმით, რუსული დეზინფორმაციის კამპანიის დახვეწილობა და კოორდინაციის მაღალი ხარისხი მიუთითებს, რომ ის დაგეგმილია კარგი რესურსებით აღჭურვილი პროფესიონალი ერთეულის, დიდი ალბათობით რუსეთის დაზვერვის მიერ.