დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში არასრულწლოვანი ევთანაზიით მოკლეს

9 Հուլիս, 2019

2019 წლის 3 ივლისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ნიდერლანდებში ევთანაზიის დახმარებით კანონიერად მოკლეს მოზარდი”. სტატია Dailymail-ის ინფორმაციას ეყრდნობა, რის თანახმადაც, 17 წლის ჰოლანდიელმა ნოა ფოტჰოვენმა, რომელიც გაუპატიურების გამო მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა, ევთანაზიას მიმართა. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ნიდერლანდებში აღნიშნული პროცედურა ნებადართულია 12 წლის ასაკიდან და არ საჭიროებს მშობლების ნებართვას არასრულწლოვნების შემთხვევაშიც კი. 


“საქართველო და მსოფლიოს” მიერ Dailymail-ზე დაყრდნობით სტატიაში მოყვანილი ფაქტები გოგონას გარდაცვალების მიზეზსა და ნიდერლანდებში ევთანაზიის პროცედურების შესახებ დეზინფორმაციაა, ვინაიდან კლინიკამ ნოა ფოტჰოვენს ევთანაზიაზე უარი უთხრა და მოზარდის გარდაცვალების მიზეზი საკვებისა და სითხის მიუღებლობა გახდა. ნიდერლანდებში ევთანაზია დაშვებულია 12 წლის ასაკიდან მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

ფაქტი 1: ნიდერლანდელი გოგონას გარდაცვალების მიზეზი საკვებისა და სითხის მიუღებლობა გახდა  

ნოა ფოტჰოვენი სექსუალური ძალადობის მსვერპლი რამდენჯერმე გახდა, რის შედეგადაც იგი იტანჯებოდა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით, დეპრესიითა და ანორექსიით. 16 წლის ასაკში ნოამ ერთ-ერთ კლინიკას ევთანაზიის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ეს საკითხი მშობლებთან შეთანხმებული არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გოგონამ  საკვებისა და სითხის მიღება შეწყვიტა, იგი 2 ივნისს საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. 

თავდაპირველად, ინფორმაციის ნაკლებობის გამო სოციალურ ქსელებში ნოას სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. 17 წლის თინეიჯერის სიკვდილი შეცდომით გაშუქდა სხვადასხვა საერთაშორისო მედიაში, მათ შორის Euronews-მა, Dailymail-მა, Independent-მა და Dailybeast-მა დაწერეს, რომ ნოა ფოტჰოვენმა სიცოცხლე ევთანაზიის მეშვეობით დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია Politico-ს ჟურნალისტმა ნაომი ო’ ლირმა გადაამოწმა. 5 ივნისს ნიდერლანდების სამეფოს სამედიცინო ასოციაციამ, ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა და გოგონას ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს, რომ ლეგალურ ევთანაზიას ადგილი არ ჰქონია.

ფაქტი 2: ნიდერლანდებში არასრულწლოვანის  ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ მშობლების ნებართვით 

ნიდერლანდებში 12 წლის ასაკიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს კლინიკას ევთანაზიის მოთხოვნით, თუმცა საჭიროა მშობლების თანხმობა. 16-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის ნებართვა აუცილებელი არ არის, მაგრამ ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენება სავალდებულოა. რაც შეეხება ევთანაზიისთვის მიმართვიანობას, 2018 წლის მონაცემებით იყო 2600 მოთხოვნა ევთანაზიაზე, საიდანაც 727 დაკმაყოფილდა. პაციენტების უმეტეს ნაწილს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები წარმოადგენენ, ზოგიერთს აქვს მძიმე დეპრესია, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. გარდა ამისა, არსებობს ბევრი პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც უწევთ პაციენტებს მედიკოსების მხრიდან ევთანაზიაზე თანხმობის მისაღებად. კლინიკა End-of-life-ის დირექტორი Mr.Pleiter-ი New York Times-თან ინტერვიუში  აცხადებს, რომ ევთანაზიაზე თანხმობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება. 


მოამზადა ლინა დოლიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია