Քաղաքականություն

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მანიპულაცია, თითქოს ჩეხეთმა საავიაციო ხელშეკრულება დაარღვია

4 Հուլիս, 2019

2019 წლის 2 ივლისს Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “პრაღამ ფრენების შესახებ შეთანხმება დაარღვია, - აცხადებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო”. სტატიაში საუბარია რუსეთსა და ჩეხეთს შორის დადებულ საავიაციო შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც რეისები ორ ქვეყანას შორის სრულდებოდა, თუმცა რუსეთის ავიახაზების ფრენები პრაღის მიმართულებით გაუქმდა.
"

Sputnik-abkhazia-ს სტატია, თითქოს ჩეხეთის მთავრობამ დაარღვია პრაღა-მოსკოვის შეთანხმება, მანიპულაციურია. რეალურად ორმხრივი ხელშეკრულება თავდაპირველად რუსეთის მხრიდან დაირღვა, როდესაც მათ ციმბირის გავლით პრაღა-სეულის რეისები შეზღუდეს, ჩეხეთმა კი, სააპასუხოდ, თავადაც გააუქმა რუსეთის მიმართულებით ფრენები. ამჟამად, ჩეხეთსა და რუსეთს შორის ფრენები განახლებულია 7 ივლისამდე.

  • შეთანხმება პირველად რუსეთმა დაარღვია, ჩეხეთის გადაწყვეტილება ფრენების გაუქმების შესახებ საპასუხო ნაბიჯი იყო

2019 წლის 2 ივლისს, რუსეთსა და ჩეხეთს შორის Aeroflot-ის, Pobeda-ს და Ural Airlines-ის რამდენიმე რეისი გაუქმდა. ფრენების გაუქმება გამოიწვია რუსული ავიახაზებისთვის ჩეხეთის მთავრობის მიერ საავიაციო ნებართვის შეწყვეტამ.  

პრაღის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეუთანხმებლობა ტრანს-ციმბირულ მარშუტზე. ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა ცალმხრივად შეზღუდა CSA ავიახაზების ფრენები პრაღა-სეულის რეისზე ციმბირის გავლით, რაც 2005 წლიდან მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. რუსეთის მხრიდან პრაღა-სეულის რეისების შეზღუდვა სერიოზულად აზარალებს ჩეხეთის ავიახაზების ბიზნეს-ინტერესებს. ტრანს-ციმბირული მარშრუტი არის ყველაზე მოკლე, იაფი და ხელმისაწვდომი არა მარტო ჩეხეთის, არამედ სხვა ქვეყნის ავიახაზებისთვისაც, რომლებიც ევროპიდან დაფრინავენ აზიაში. 

CSA-ის დირექტორის, Jiri Siman-ის თქმით, თავდაპირველად კომერციული დავების მიზეზი გახდა რუსული ავიკომპანიების მიერ მოთხოვნილი დამატებითი ფრენები, რაზეც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროდან და შურისძიების მიზნით დაბლოკეს რეისები ციმბირის გავლით. ეს იყო რუსეთის მხრიდან ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევა, რაზეც რეაგირება მოახდინა ჩეხეთმაც და საპასუხოდ შეუწყვიტა ნებართვა რუსულ ავიახაზებს. 

 „ჩეხეთი არ ცდილობს საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვას ორ ქვეყანას შორის, თუმცა, მისთვის მნიშვნელოვანია, დაიცვას თავისი საავიაციო კომპანიების ლეგიტიმური ინტერესები“ - განაცხადა ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ.

"მითების დეტექტორი" პრაღაში საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის ანალიტიკოსს, პაველ ჰავლიჩეკს დაუკავშირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულება თავდაპირველად რუსეთმა დაარღვია, ჩეხეთმა კი საპასუხო ქმედებებს მიმართა.

ამჟამად, ჩეხეთსა და რუსეთს შორის ფრენები 7 ივლისამდე განახლდა, მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

 


მოამზადა სალომე ელისაშვილმა,
მითების დეტექტორის ლაბორატორია