Այլք

დეზინფორმაცია, თითქოს საზღვაო ტრიბუნალს ქერჩის დავის განხილვის იურისდიქცია არ აქვს

3 Հունիս, 2019

2019 წლის 25 მაისს, Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გადმოცემულია რუსეთის მთავრობის პოზიცია საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის (ITLOS) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქერჩის დავასთან დაკავშირებით. ტრიბუნალი მოუწოდებს რუსეთს, დროულად გაათავისუფლოს გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო პირი და 3 გემი. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს არ აქვს იურისდიქცია, რომ ეს დავა განიხილოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “რუსეთი აპირებს თანმიმდევრულად დაიცვას საკუთარი პოზიცია და ასევე დაამტკიცოს, რომ ტრიბუნალს შესაბამისი უფლებები არ ჰქონდა, რომ ეს საკითხი განეხილა.“

რია ნოვოსტიმ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ მოლოხოვის კომენტარი გააშუქა. მოლოხოვი ამტკიცებს, რომ ტრიბუნალის იურისდიქცია სამხედრო გემებზე არ ვრცელდება.

ალექსანდრ მოლოხოვი: სამხედრო გემებზე მოცემული ტრიბუნალის იურისდიქცია არ ვრცელდება და საზღვაო სამართლის კონვენციაც მოცემულ შემთხვევაში არ არის ატუალური."

"

რუსეთის განცხადება იმის შესახებ, თითქოს საეთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს არ აქვს იურისდიქცია, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი განიხილოს, ტყუილია, ვინაიდან რუსეთიც და უკრაინაც გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის ხელმომწერები არიან, ხოლო საეთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი სწორედ ამ კონვენციის საფუძველზე შეიქმნა და შესაბამისი დავების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭა. ტყუილია რუსული მხარის გაცხადება იმის თაობაზეც, რომ ტრიბუნალის უფლებამოსილებები არ ვრცელდება სამხედრო გემებზე, ვინაიდან კონვენციის 298-ე მუხლი ტრიბუნალის უფლებამოსილებას არა სამხედრო გემების არამედ სამხედრო მოქმედებების მიმართ ზღუდავს.

1. საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალი ულებამოსილია, განიხილოს აქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი

გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია, რომლის რატიფიცირება  რუსეთმა 1997 წელს, ხოლო უკრაინამ 1999 წელს მოახდინა, მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებს. ამავე კონვენციის საფუძველზე 1996 წელს საზღვაო სამართლის ტრიბუნალი შეიქმნა. კონვენციის 288-ე მუხლის თანახმად, ტრიბუნალი უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი დავა, რომელიც ამ კონვენციის ინტერპრეტაციას ან მის გამოყენებას შეეხება.  

იგივე მუხლი ადგენს, რომ ტრიბუნალის იურისდიქციის ეჭქვეშ დაყენების შემთხვევაში, ეს საკითხიც ტრიბუნალმა უნდა განიხილოს. 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაში ტრიბუნალმა იმსჯელა და დაადგინა, რომ მას აქვს იურისდიქცია ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი განიხილოს, რადგან:

  • რუსეთიც და უკრაინაც გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის ხელმომწერები არიან,
  • კონვენციის ხელმომწერებს შორის არებობს დავა კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციის თაობაზე,
  • რუსეთმა და უკრაინამ  ვერ მიაღწიეს მშვიდობიან შეთანხმებას ქერჩის სრუტის საკითხზე, რითაც
  • ორივე სახელმწიფომ მსგავსი დავის განხილვის უფლებამოსილება ტრიბუნალს  თავად მიანიჭა.

2. ტრიბუნალის უფლებამოსილება ვრცელდება სამხედრო გემებზეც

გაეროს კონვენციის 298-ე მუხლის თანახმად,  სახელმწიფოს უფლება აქვს, ტრიბუნალის უფლებამოსილება არ აღიაროს იმ დავებთან მიმართებით, რომლებიც სამხედო მოქმედებებს ეხება.

თუმცა, კონვენციის ეს დათქმა ეხება სამხედრო მოქმედებებს და არა სამხედრო გემებს, როგორც ამას რუსული მხარე აცხადებს.   კონვენციის 32, 95-ე და 96-ე მუხლების თანახმად, სამხედრო გემები ღია ზღვაში, ტერიტორიულ და შიდა წყლებშიც კი სრული იმუნიტეტით სარგებლობენ. საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ უკრაინული სამხედრო გემები ყირიმიდან ოდესის პორტისაკენ ქერჩის სრუტის გავლით მშვიდობიანად მიემართებოდნენ.

"


მოამზადა გიორგი იაგანაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია