Պաշտպանություն/Անվտանգություն

დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ს დონბასის რეგიონში მშვიდობა არ სურს

30 Մայիս, 2019

2019 წლის 22 მაისს Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსი ანალიტიკოსი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევებისა და პროგნოზების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პაველ ფელდმანი, აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არის დაინტერესებული დონბასის რეგიონში მშვიდობის დამყარებით.

ფელდმანი ეხმაურება ემანუელ მაკრონის, ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო სატელეფონო საუბარს და გერმანიის კანცლერს მოიაზრებს როგორც პრაგმატულ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელსაც სურს გაზსადენ Nord-Stream 2-ის მშენებლობა და მშვიდობის დამყარება დონბასის რეგიონში. მისი თქმით, სასურველია, რომ „უკრაინა ჩამოშორდეს აშშ-ის ორბიტას და ევროპის მიმართულებით მაინც იმოძრაოს“.

პაველ ფელდმანი: „ევროპა, აშშ-ისგან განსხვავებით, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია იმით, რომ დონბასში მშვიდობა დამყარდეს, ვინაიდან ეს არის ევროპული ცივილიზაციური, გეოგრაფიული და პოლიტიკური სივრცე და აქ შეიარაღებული კონფლიქტი საჭირო არ არის… არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, სასურველია კიევი ჩამოშორდეს ამერიკის პოლიტიკურ ორბიტას და ევროპის მიმართულებით იმოძრაოს.“

ფელდმანის მტკიცება, თითქოს აშშ არ არის დაინტერესებული დონბასის რეგიონში მშვიდობის დამყარებით, ტყუილია. აშშ-ს 2014 წლიდან უკრაინისთვის ჯამში $1.3 მილიარდზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი. დახმარებების დიდი ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების გაზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ხელს სწორედ რუსეთის ქმედებები უშლის.

    1. აშშ-ს უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად $1.3 მილიარდზე მეტი აქვს გამოყოფილი

დონბასის რეგიონში 2014 წლის ომის შემდგომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება $1.3 მილიარდზე მეტს შეადგენს. აშშ-ის დახმარება ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას, თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას და უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ვაშინგტონს $112 მილიონზე მეტი აქვს გამოყოფილი დონბასის კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად. ეს ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს კონფლიქტით დაზარალებულთათვის თავშესაფრების მშენებლობას, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებას, მოხუცთა და ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებას და დროებითი სამუშაო ადგილების შექმნას იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის განცხადებით, უკრაინის დასავლელი პარტნიორებიდან სწორად აშშ-ის ძალისხმევა, კერძოდ კი მისი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან წარმოადგენს დასავლეთის ყველაზე აქტიურ მცდელობას დონბასში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მხრივ.

ეუთოში აშშ-ს მისიის თანახმად, ვაშინგტონი მიესალმება მინსკის ხელშეკრულებას, როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმს და მოუწოდებს მოსკოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთისთვის ძალაში რჩება, მანამ, სანამ რუსეთი ბოლომდე არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

    2. უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ხელს რუსეთის ქმედებები უშლის

დონბასის ომში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესახებ არაერთი მტკიცებულება არსებობს, რასაც bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიებაც ადასტურებს. ამ მოკვლევით დგინდება, რომ 2014-2016 წლებში დონბასში შეიარაღებული აქტივობის ზრდა ზუსტ კორელაციაშია ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ “სამხედრო სამსახურში თავის გამოჩენისთვის” გაცემული მედლების (Медаль «За отличие в воинской службе») ზრდასთან და პირიქით. ამ პერიოდში დაახლოებით 10.000 ასეთი მედალი გაიცა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ხოლო რუს ჯარისკაცთა სრული რაოდენობა, რომლებლაც იომეს დონბასში მედლების მიღების გარეშე, სავარაუდოდ, ბევრად მეტია.      

2019 წლის მარტში უკრაინამ რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა ბოლო სამი თვის განმავლობაში მინსკის მეორე შეთანხმების 561-ჯერ დარღვევაში და ეუთოს შესაბამისი 68 გვერდიანი დოკუმენტიც გადასცა დართული ფოტო-მტკიცებულებებით.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორად მოსკოვის უკანასკნელი ქმედება დონბასის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგებასთან დაკავშირებით უთხრის ძირს სამშვიდობო პროცესს, ვინაიდან ამგვარი ნაბიჯები 2002 წლიდან მოყოლებული საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაშიც გადაიდგა, რასაც 2008 წელს მოჰყვა რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 1/5-ის ოკუპაცია.


მოამზადა ნიკა აზიკურმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია