Այլք

დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში მობინადრე უცხოელების რაოდენობა შემაშფოთებელია

14 Մայիս, 2019

გაზეთ “ალიას” 6-12 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ირანელებზე, თურქებსა და ინდოელებზე, დიდი რაოდენობით გაცემული ბინადრობის ნებართვათა გამო ქართველები სულ მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „გაავსო ქვეყანა გადამთიელებით, [ბიძინა ივანიშვილმა] შაჰ-აბასს არ გაუკეთებია, რაც მაგან გაუკეთა ქართველებს. ქართველი კაცი არ გაახარა თავის ქვეყანაში. სპარსელები და თურქები შემოგვესეოდნენ, აგვაოხრებდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ საქართველოში დარჩენას, დამაგრებას... უამრავი თურქი და ირანელი შემოუშვა ქვეყანაში ლეგალურად, დარჩა ის ხალხი აქ და მრავლდებიან, არსად არ აპირებენ წასვლას, ამას სხვა უცხოტომელებიც დაამატე, ჩინელები, ინდოელები, აფრიკელები და ცოტაც და უმცირესობაში აღმოვჩნდებით ქართველები.“

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს საქართველოში შემოსული და დამკვიდრებული მიგრანტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ქართველები მალე უმცირესობაში იქნებიან, მანიპულაციურია და მოსახლეობაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაღვივებას ემსახურება. სტატიაში აღნიშნული ეროვნებების (ირანელები, თურქები, ჩინელები, ინდოელები, აფრიკელები) რიცხვი ჯამში საქართველოს მოსახლეობის 1.38%-ს არ აღემატება.

  • საქართველოს მიერ გაცემული ბინადრობის ნებართვები ქვეყნების მიხედვით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ბინადრობის ნებართვების მიღების თაობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 101 678 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

შვიდი წლის განმავლობაში საქართველომ ბინადრობის მოწმობა ჯამში 14 509 თურქეთის მოქალაქეზე გასცა. რაც შეეხება ირანს, 2010-დან 2017 წლის ჩათვლით 9 062 მოქალაქემ მიიღო ბინადრობის უფლება. ამ უკანასკნელ მაჩვენებელს კი საგრძნობლად აღემატება რუსეთის ფედერაცია, რომლის 13 780 მოქალაქემ მოითხოვა და მიიღო ბინადრობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე თავის განცხადებაში რუსეთზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.

ქვეყანა/კონტინენტი

2010-დან 2017 წლის ჩათვლით გაცემული ბინადრობის ნებართვათა ჯამი

ინდოეთი 15 121
თურქეთი 14 509
რუსეთი 13 780
ჩინეთი 11 618
აფრიკა 4 241

2015 წელს  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 4 589 შეადგინა. ეს რიცხვი კი თითქმის ოთხჯერ აღემატება ამავე წელს ინდოელებსა (1 798) და ირანელებზე (904)  ბინადრობის უფლების მინიჭების რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული 101 678 ბინადრობის ნებართვიდან ირანელებზე, თურქებსა და ინდოელებზე ჯამში მხოლოდ 38% ანუ 38 692 მოდის. აფრიკელებზე დაახლოებით 4,8% (4 241 ნებართვა), რაც შეეხება ჩინეთს 11,4% ანუ შვიდი წლის მანძილზე 11 618-მა ჩინეთის მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება.

  • უცხოელი მობინადრეების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით

განცხადებაში საუბარია საფრთხეზე, თითქოს ქართველები სულ მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 723 500 ადამიანს შეადგენს. ცხრილში წარმოდგენილია პროცენტული მიმართება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და 2010-2017 წლებში აფრიკის კონტინენტის, ინდოეთის, თურქეთის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს შორის.

ქვეყანა/კონტინენტი

პროცენტული რაოდენობა

ინდოეთი 0.4%
თურქეთი 0.38%
ჩინეთი 0.3%
ირანი 0.2%
აფრიკა 0.1%

როგორც ვხედავთ, ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა ინდოეთის მოქალაქეებზე გაიცემა. მათი უდიდესი ნაწილი კი საქართველოში განათლების მიღების მიზნით დროებით ჩამოდის და სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში ბრუნდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  2015-2016 წლებში გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვების რაოდენობით სწორედ ინდოელები ლიდერობენ. 2015-2016 წლებში ინდოელებზე საერთო ჯამში გაცემული 6 233 ნებართვიდან 2 511 სწორედ სასწავლო ნებართვა იყო.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია