Geworld-ის მიერ გაცოცხლებული კრემლისტური მითი, თითქოს სკრიპალების მოწამვლა რუსეთს დააბრალეს

24 Ապրիլ, 2019

2019  წლის 19 აპრილს  ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გივი სომხიშვილის სტატია, სათაურით “ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში”. მასალაში ავტორი აღნიშნავს, თითქოს ბრიტანელებმა სკრიპალების მოწამვლა რუსეთს “დააბრალა” და ხაზს უსვამს, რომ სკრიპალები “საღ-სალამათები” არიან. ავტორი რუსეთის მიერ სკრიპალების მოწამვლის შედეგად გამოწვეულ სკანდალს და რუსი დიპლომატების გაძევებას რუსოფიბიას უკავშირებს.

Geworld: "ფაშისტებმა პოლონეთში შეჭრის საბაბით საკუთარი გლიაივიცის რადიოსადგური დაარბიეს და პოლონელებს დააბრალეს. ბრიტანელებმა კი სკრიპალების მოწამვლა რუსებს დააბრალეს, შედეგად დასავლეთის რამდენომე ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევეს. სასაცილო იყო ამ ალიაქოთში საქართველოს მონაწილეობა. სკრიპალები საღ-სალამათები არიან. ეტყობა, ევროპელები რუსოფობიისგან ვერ გაკურნა ვერც ნაპოლეონიზმისა და ვერც ჰიტლერიზმის საწინააღმდეგო ვაქცინამ და ახლა ამერიკელთა დირიჟორობით რუსეთის საზღვრებთან საომარ როკვას არიან აყოლილნი”.

Geworld-ის ავტორი გივი სომხიშვილი კრემლის ნარატივს იმეორებს და კონტრბრალდებების მეთოდით სკრიპალების მოწამვლის უარყოფასა და ბრიტანეთისთვის “რუსოფობიის” დაბრალებას ცდილობს. ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა მტკიცებულებები  სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების შესახებ, სადაც ფაქტოვრივი მასალით დამკტკიცებულია, რომ ისინი იყვნენ დანაშაულის ადგილზე და საწამლავიც თან ჰქონდათ.  Bellingcat-ისა და The Insider-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ კი გამოავლინა მათი კავშირი რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან. “ნოვიჩოკით” მოწამვლა კი ყოველთვის ლეტალურად არ სრულდება.

ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა  ფაქტები ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ, რაც ამტკიცებს რომ ისინი იყვნენ დანაშაულის ადგილზე და საწამლავიც თან ჰქონდათ.

  • ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები  გათვიკის აეროპორტში პარასკევს, 2 მარტს  ჩაფრინდნენ.  ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ სასტუმრო City stay hotel-ში.  როგორც გამოძიებამ დაადგინა, სასტუმროში მომწამვლელი აგენტის ”ნოვიჩოკის”  კვალი აღმოაჩინეს. იგი მოთავსებული იყო ყუთში, რომელიც ნინა რიჩის სუნამო "Premier Jour"-ს იდენტურია.
  • მკვლელობის დღეს, 4 მარტს, პეტროვი და ბოშიროვი ლონდონიდან სოლსბერიში ჩავიდნენ. სკრიპალების სახლთან ძალიან ახლოს ისინი კამერებმა დააფიქსირა. გამოძიება დარწუმენულია, რომ სწორედ ამ დროს მოწამლეს მათ სკრიპალების შესასვლელი კარის სახელური.
  • პეტროვი და ბოშიროვი იმ დღესვე დაბრუნდნენ ვატერლოოს სადგურზე, შემდეგ კი ჰითროუს აეროპორტიდან 22:30 სთ-ზე მოსკოვში გაემგზავრნენ.
  • Russia Today-სთან ინტერვიუში ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, თითქოს სოლსბერის ტურისტული მიზნით ეწვივნენ და სოლსბერის კათედრალის ნახვა სურდათ, თვითონ კი ბიზნესმენები არიან.

"
ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვი ლონდონის აეროპორტში
წყარო: metro.co.uk

"
ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვი სოლსბერიში
წყარო: www.bbc.com

Bellingcat-ისა და  The Insider-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ  კი გამოავლინა მათი კავშირი რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან.

  • Bellingcat-მა გამოაქვეყნა ალექსანდრე პეტროვის  დოკუმენტები, რომლის მიხედვით პეტროვი არის ფედერალური მიგრაციის სამსახურის (FMS) წევრი. მის დოკუმენტებს აქვთ ნიშანი " ინფორმაცია არ გაიცმა". სტანდარტული სამოქალაქო პასპორტის ფაილში კი მსგავსი ბეჭედი “ინფორმაცია არ გაიცემა” უბრალოდ არ არსებობს.

"

  •  იმ  ფაილს, რომელსაც აწერია  "ინფორმაცია არ გაიცემა", პეტროვს მინიჭებული აქვს ნომერი 195-79-66. BBC-ის წყარომ ფედერალური მიგრაციის სამსახურიდან განაცხადა, რომ ეს ბეჭედი განთავსებულია სპეციალური სამსახურების ოფიცრებისა და მაღალჩინოსნების დოკუმენტებზე, რათა მათი პირადი ინფორმაცია დაცული იყოს სხვა სამსახურებისგან. ამავდროულად, “ნოვაია გაზეტა” მიიჩნევს, რომ ეს არა კოდი, არამედ ტელეფონის ნომერია,  რომელიც უკავშირდება ATS 195- ს ხოროშევსკში, მოსკოვის რაიონში. ამავე არეალში მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს GRU- ს შტაბ-ბინა.

"

  • “ალექსანდრე პეტროვი”,  სინამდვილეში ალექსანდრე მიშკინია. ჟურნალისტიკური გამოძიების შედეგად  bellingcat-მა გამოიძია, რომ ის სამხედრო ექიმად მუშაობდა  GRU- ში.
  • 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიშკინს “რუსეთის გმირის წოდება” მიანიჭა, რაც სავარაუდოდ ყირიმში მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

"

"

წყარო: bellingcat

  • ABC News ჟურნალისტმა პატრიკ რიველმა და დამოუკიდებელი რეპორტიორმა ოლივერ კაროლმა ერთსა და იმავე  დროს დარეკეს Bellingcat-სა and The Insider-ის ანგარიშში მითითებულ ნომერზე. ორივე მათგანს  დაუდასტურეს რომ ნომერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.
  • ჟურნალისტიკური გამოძიების შედეგად  bellingcat-მა გამოავლინა, რომ მეორე ეჭვმიტანილი, რუსლან ბოშიროვი, სინამდვილეში GRU- ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა, რომელიც მიშკინის მსგავსად “რუსეთის გმირის” ჯოლდოს ფლობს.
  • ანატოლი ჩეპიგა მსახურობდა რუსეთის “მე-14 სპეცნაზში”, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის ომში და შეიმჩნეოდა 2014 წელს უკრაინის საზღვართანაც. ჩეპიგას 20-მდე სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.

"
პასპოტის ფოტო: ანატოლი ჩეპიგა და რუსლან ბოშიროვი
წყარო: www.bellingcat.com

"
ანატოლი ჩეპიგა რუსულ სამხედო ძალებში, ჩეჩნეთი
წყარო: www.bellingcat.com

სკრიპალების გადარჩენა გასაკვირი არ არის, “ნოვიჩოკით”  მოწამვლა ყოველთვის ლეტალურად არ სრულდება. არსებობს ნერვული აგენტებით მოწამვლისა და გადარჩენის სხვა მაგალითებიც

“ნოვიჩოკის” სასიკვდილო ეფექტზე მხოლოდ ლაბორატორიული ცდების საფუძველზე საუბრობენ, როდესაც ცდების სამიზნე შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ იღებს. Northumbria University-ის ექსპერტიზისა და ანალიტიკური ქიმიის უფროსი ლექტორი მიშელ კარლინი ამბობს, „მოწამვლა აუცილებად არ იწვევს სიკვდილს. თუ მკურნალობა საკმარისად სწრაფი და დაუყოვნებლივია, მაშინ შესაძლებელია გამოჯანმრთელება“.

გასათვალისწინებელია, რომ სკრიპალების მოწამვლა კანიდან მოხდა, რის გამოც მომწამვლელმა ნივთიერებამ შედარებით ნელა იმოქმედა. ლონდონში დაფუძნებული უსაფრთხოებისა და ქიმიური დაცვის სფეროს ექსპერტი დენ კასზეტა აღნიშნავს, რომ ნერვული აგენტები სწრაფად მაშინ მოქმედებენ, როდესაც ისინი ორგანიზმში ინჰალაციის გზით ხვდებიან.

ასევე,  არსებობს ნერვული აგენტებით მოწამვლისა და გადარჩენის სხვა მაგალითებიც. 1987 წელს „ნოვიჩოკ“-ზე ექსპერიმენტების ჩატარების დროს ლაბორატორიაში ნივთიერების მცირე დოზასთან შეხების გამო ქიმიკოსი ანდრეი ჟელეზნიაკოვი მოიწამლა, თუმცა მოწამვლის გამო ის ადგილზე არ გარდაცვლილა. მისი გონზე მოსაყვანად ათი დღე გახდა საჭირო. სხვა ყველა ძირითადი ნერვული აგენტების ინციდენტის დროს (ტოკიო, ჰალაბჯა, ღუტა, ხან შეხუნი და სხვ.) უფრო მეტი ადამიანი დაშავდა, ვიდრე დაიღუპა. მაგალითად, ტოკიოში 1995 წელს მეტროში ზარინის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 70-მდე ადამიანმა მნიშვნელოვანი, ხოლო 1000-მდე მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ბიოქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუსი დიპლომატების გაძევების რუსოფობიად შეფასება კრემლის ნარატივია

Policy Institute at King’s College London-ის მიერ გამოყვეყნებული კვლევის თანახმად, სკრიპალების მოწამვლიდან 4 კვირის მანძილზე რუსულმა სახელმწიფო მედიებმა RT-მა  და Sputnik-მა ამ თემას 723 სტატია მიუძღვნეს სადაც 135 სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივები გამოაქვეყნეს, მათ შორის 32 სკრიპალების მოწამვლის საპასუხოდ რუსი დიპლომატების გამოძევების რუსოფობიასთან დაკავშირებას  ცდილობდა.

სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გარშემო რუსული მედიისა და პოლიტიკოსების კონსპირაციული გზავნილები ქართულ მედიაშიც აისახა. ამ კუთხით ქართული კრემლისტური მედიიდან “საქართველო და მსოფლიო” და “საქინფორმი” ლიდერობენ. შეთქმულების თეორიები მოჰყვა როგორც უშუალოდ სკრიპალის მოწამვლის ფაქტს, ასევე მისი მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

უმეტეს შემთხვევაში, ქართული აქტორები პირდაპირ იმეორებენ რუსი პოლიტიკოსებისა და რუსული მედიის მიერ გავრცელებულ გზავნილებს, საქართველოდან კი რუსი დიპლომატის გაძევებას დასავლეთის მხრიდან იძულებად და რუსეთის მორიგ გაღიზიანებად წარმოაჩენენ.


სკრიპალების მოწამვლის შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული დეზინფომრაციების შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მიერ ადრე მომზადებულუ მასალები:
ქართული მედიის 10 კონსპირაცია სკრიპალის მოწამვლის შესახებ
კრემლის ვერსია სკრიპალებზე ქართულენოვან მედიაში
ობიექტივი: რატომ “დადიან მშვენივრად სკრიპალები საკუთარ ორ ფეხზე?!”