განმეორებითი კონსპირაციები ყარსის ხელშეკრულების შესახებ

18 Ապրիլ, 2019

“ასავალ-დასავალის” 2019 წლის 15-21 აპრილის ნომებრში გამოქვეყნდა ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუ, რომელშიც ის აჭარის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. სილვერმანი იმეორებს ყარსის ხელშეკრულების გარშემო არსებულ კონსპირაციებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების თანახმად თურქეთი აჭარას დაისაკითრებს.

ჯეფრი სილვერმანი, ვეტერანს თუდეი: „საქართველოში კონფლიქტი თუ დაიწყო, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი აჭარას დაისაკუთრებს. თურქულ სკოლებში უკვე ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, ზოგიერთ რუკაზეც ასეა დაფიქსირებული.“

ანტითურქული გზავნილები 15 აპრილს “ობიექტივის” ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი თქმით, თურქეთის ექსპანსია როგორც აჭარაში, ასევე ახალციხესა და ოზურგეთში ხდება.

დავით თარხან - მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ თვალწინ ვკარგავთ აჭარას კაცო. გათურქება ხდება ე.ი. სრული ექსპანსია აჭარაში. არავინ ხმას არ იღებს. უკვე ახალციხე, მარტო ბათუმზე კი არა ახალციხე, ოზურგეთზეა ლაპარაკი.“

ყარსის ხელშეკრულება და “ვადა”

ყარსის ხელშეკრულების შესახებ ყველაზე ცნობილი კონსპირაცია გვეუბნება, თითქოს 1921 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს ვადა 100 წლის შემდეგ, ანუ 2021 წელს გადის. ვადის გასვლას სხვადასხვა ჯგუფები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს უკავშირებენ და გვარწმუნებენ, რომ რადგანაც საქართველომ პრო-დასავლური ორიენტაცია აირჩია, 2021 წელს რუსეთი ყარსის ხელშეკრულების გარანტორობაზე უარს იტყვის და აჭარა თურქეთს დაუბრუნდება.

რეალურად, ხელშეკრულებაში არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 25 მარტის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები "დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით”.

დეზინფორმაციის წყაროები

ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაციას წლებია ღიად პრო-რუსული თუ ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებენ. ყველაზე ხშირად ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაცია “ობიექტივის”, “ასავალ-დასავალისა” და “საქინფორმიდან” ისმის, რესპონდენტების მხრიდან კი ყარსთან დაკავშირებული კონსპირაციები ბოლო წლებში “პატრიოტთა ალიანსმა” და პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ გაავრცელეს. ამ სიას ჯეფრი სილვერმანი დაემატა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის ერთ-ერთი შემოქმედი და ამ საკითხზე რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

"

რატომ არის თურქეთი რუსული პროპაგანდის სამიზნე?

დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი  სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში თითქმის ყველა მიმართულებით, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2016 წლის 19 ივლისს საქართველომ და თურქეთმა ხელი მოეწერეს " ანკარის განცხადებას ", რომელშიც ასახულია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და გაცხადებულია ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი ქართულ მხარესაც აძლევს შესალებლობას გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.

მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში  და ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის  სარკინიგზო მაგისტრალი, ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რამაც ქართულ მხარეს უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი გარანტიები შესძინა.

2014 წლის 9 სექტემბერს, თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთში არსებული ქართული დიასპორის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის შესწავლის მსურველი ათი და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში ქართული ენის შესწავლის 244 საათიან კურსს.

პროპაგანდის მეთოდი

რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მოსახლეობას ყურადღება ისტორიულ ოკუპაციაზე გადაატანინოს და გაავრცელოს ნარატივი, რომ “თურქეთიც ოკუპანტია”, რასაც ისტორიული ტრავმები გაღვივებით ცდილობს.

ისტორიული ტრავმის გაღვივებისთვის დამახასიათებელია წარსულის მოვლენების და პრობლემების თანამედროვე კონტექსტში გადმოტანა და კონკრეტული ეთნიკური თუ ეროვნული ჯგუფის, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ ემოციურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება. ამ დროს ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება და რეალური პრობლემებიდან ყურადღების წარსულზე გადატანა, ასევე ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება ხდება.
 


მოამზადა თამუნა მაჭარაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია