Եվրամիություն

დეზინფორმაცია, თითქოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას ერიდება

11 Ապրիլ, 2019

2019 წლის 3 აპრილს გაზეთ რეზონანსში  პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამტკიცებს, თითქოს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვენებულ მოსაზრებებში, მიუხედავად რიგი შენიშვნებისა, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ინტერესებში შემავალი განცხადებებია გაკეთებული, მათ შორის, ახალი კონსტიტუციის პროექტზე.  

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: "ჯერ კიდევ სააკაშვილის მეფობის დროს იყო ასეთი შემთხვევები, როცა ვენეციის კომისიის წარმომადგენელები ჩამოდიოდნენ, რომლებიც პროფესიონალები იყვენ, იყო მათგან შენიშვნებიც, თუმცა თვალსაჩინო იყო ისიც, რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, წინ აყენებდნენ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც ხელისუფლებას აწყობდა....ასე გაგრძელდა „ოცნების" მოსვლის შემდეგაც და ახლანდელი კონსტიტუციაც ისევ იმავე ორგანიზაციის მიერ მოინათლა კარგ კონსტიტუციად. ამდენად, დიდი ალბათობით, შეიძლება კულისებში ყური მოვკრათ კრიტიკულ ფრაზებს კომისიის ექსპერტებისგან იმაზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ, ეს ორგანიზაცია ერიდება არსებული ხელისუფლებების საწინააღმდეგო დასკვნებს და მწვავე კრიტიკულ შეფასებებს".

სოსო ცისკარიშვილის განცხადება, თითქოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს და ნაკლებად კრიტიკულია, დეზინფორმაციაა. 2002-2019 წლებში კომისიას  საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ არაერთი კრიტიკული და მწვავე შეფასება აქვს გაკეთებული, მათ შორის მოქმედი კონსტიტუციის პროექტზეც.

2002-2019 წლებში ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებების მიერ ინიცირებულ საკანომდებლო ცვლილებებზე მრავალი კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა. გთავაზობთ ვენეციის კომისიის მიერ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების პირობებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების რამდენიმე მაგალითს.

მაგალითი 1.

2004 წლის12-13 მარტის მოსაზრებაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადდა, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველბის მოდელი, რომელიც პრეზიდენტს აძლევდა მთავრობისა და პარლამენტის თავისი შეხედულებისამებრ დათხოვნის შესაძლებლობას, პრეზიდენტის მიერ უფრო მეტი ძალაუფლების შეძენის მიზანს ემსახურებოდა.  

კომისიამ უაღრესად პრობლემური უწოდა იმ ფაქტსაც, რომ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით პრეზიდენტი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეთაური უნდა გამხდარიყო, რაც მას მოსამართლეების დამოუკიდებლად დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილებას მიანიჭებდა.

მაგალითი 2.

2009 წლის 13-14 მარტის მოსაზრებაში კომისიამ კრიტიკულად შეაფასა პროკურატურის რეფორმის მიზნით საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი და აღნიშნა, რომ გენერალურ პროკურატურას კოსნტიტუციური აღიარება აღარ გააჩნდა და შეცვლილი დებულებები პროკურორების აღამსრულებელი ხელიფლებისაგან დამოუკიდებლობის გარანტიებს არ შეიცავდნენ.

მაგალითი 3.

2013 წლის 8-9 მარტის მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ 2012 წლის ამნისტიის კანონიც  გააკრიტიკა და მიუთითა, რომ დოკუმენტი არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ: კანონიერების, გამჭვირვალობის, თვითნებობისა და დისკმინაციის აკრძალვისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს. კომისიამ აღნიშნა, რომ ამინისტირებულთა საქმეების შერჩევა გამჭვირვალედ არ მომხდარა, რამაც კომისიას თვითნებობის შთაბეჭდილება დაუტოვა.

მაგალითი 4.

ვენეციის კომისია კრიტიკული იყო საქართველოს  კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან მიმართებითაც. 2017 წლის 16-17 ივნისის მოსაზრებაში კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის გარკვეული ასპექტები არათანაბარ პირობებში აყენებდა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს.  პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით

კომისიის მოსაზრებაში აღინიშნა, რომ შემოთავაზებული მოდელით არჩევნებში დიდი ალლბათობით საპარლამენტო უმრაველობის მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებდა, რაც ქმნიდა ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა გადანაწილების პრინციპის დარღვევის საფრთხეს.


მოამზადა დავით მჟავანაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია