Քաղաքականություն

განცხადება, თითქოს „ღამის მგლებს" ევროპულ ქვეყნებში შესვლა არ შეეზღუდათ, სიცრუეა

18 Մայիս, 2017

ბაიკერთა კლუბ „ღამის მგლების" საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას პარტია დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა:

 

ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

ღამის მგლები" ბერლინსა და ვარშავაში შეუშვეს, ჩვენთან რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ?! საქართველო რა განსაკუთრებული ქვეყანაა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არავის გაუკეთებია.

ასავალ-დასავალი, 8-14 მაისი 

ნინო ბურჯანაძის განცხადება მცდარია, რადგან ბაიკერებს პრობლემები როგორც პოლონეთსა და გერმანიაში შეექმნათ, მათ წინააღმდეგ საქციები აღმოსავლეთ უკრაინაში კრიმინალურ აქტივობებში ჩართულობის გამო ამერიკამ და კანადამ დაუწესეს. 

რეალური ფაქტები 

პოლონეთი 

2015 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები" მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავის აღსანიშნავად მოტოგარბენის მოწყობას რამოდენიმე ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის საზღვრის გადაკვეთით გეგმავდა, რაც საბოლოოდ ბერლინში გამარჯვების დღის აღნიშვნით უნდა დასრულებულიყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიკერები ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა, თუმცა კლუბის რამოდენიმე წევრმა პოლონეთში შესვლა მაინც მოახერხა. დაანონსებულმა მოტოგარბენამ პოლონელი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში დაიწყო აქტიური კამპანია „არა რუსი ბანდიტების მოგზაურობას პოლონეთის გავლით" (No to the Russian bandits' ride through Poland) რომელსაც 10 000-მდე მხარდამჭერი შეუერთდა. 8000- ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, ბაიკერების პოლონეთში შესვლის წინააღმდეგ.

ფოტო: კამპანია „არა რუსი ბანდიტების მოგზაურობას პოლონეთის გავლით"
ფოტო: კამპანია „არა რუსი ბანდიტების მოგზაურობას პოლონეთის გავლით" 

 

საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით, პოლონეთმა 2016 წელსაც აუკრძალა ღამის მგლების წევრებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა2017 წელს, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა ბაიკერთა კლუბის მხოლოდ იმ წევრებმა შეძლეს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ. 

გერმანია 

2015 წელს, ფედერალურმა პოლიციამ „ღამის მგლების" გერმანიის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაიკერები ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვეს. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა რომ ბაიკერები საზოგადოებრივი წესრიგისა და შიდა უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. 

აშშ და კანადა 

2014 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ ღამის მგლებსა" და კლუბის მეთაურ ალექსანდრ ზალდოსტანოვს უკრაინელ სეპარატისტებთან, რუსეთის ცალკეულ მოქალაქეებთან და რუსულ ორგანიზაციებთან ერთად ეკონომიკური სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „ღამის მგლების" წევრები ჩართულნი იყვნენ უკრაინის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ კრიმინალურ აქტივობებში. მონაწილეობას იღებდნენ სტრიკოლკოვეს გაზის გამანაწილებელ სადგურსა და სევასტოპოლში უკრაინის საზღვაო ძალების შტაბზე თავდასხმაში. დეპარტამენტის განმარტებით, „ღამის მგლებს" მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და მათ დონეცკისა და ლუგანსკში სეპარატისტი მებრძოლების რეკრუტირებაში ეხმარებოდნენ. 

2015 წელს კანადამ ღამის მგლები იმ რუსული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებსაც ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით ეკონომიკური სანქციები დაუწესდათ

ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლების" შესახებ 

„ღამის მგლები" 1989 წელს შეიქმნა და დღესდღეობით რუსეთში ბაიკერთა ყველაზე დიდი დაჯგუფებაა. კლუბი ულტრანაციონალისტური იდეოლოგიით გამოირჩევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა დაახლოებული, რომელმაც 2011 წელს ქალაქ ნოვოროსისკში ღამის მგლების მოტოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს ვლადიმირ პუტინმა „ღამის მგლების" ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის მხრივ გაწეული აქტიური მუშაობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, კლუბის წევრები აქტიურად უჭერდნენ მხარს პრორუს სეპარატისტებს, ახდენდნენ გზების ბლოკირებას და მათთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას

ფოტო: ვლადიმირ პუტინი და „ღამის მგლები". REUTERS/Ivan Sekretarev
ფოტო: ვლადიმირ პუტინი და „ღამის მგლები". REUTERS/Ivan Sekretarev

 

2015 წელს ბაიკერთა კლუბმა 190 000$ ოდენობის საპრეზიდენტო გრანტი მიიღო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში პატრიოტული ახალგაზრდული კლუბის დაფუძნების მიზნით

2017 წლის აპრილში, „ღამის მგლებმა" 9 მაისის აღნიშვნის მიზნით საქართველოში პერფორმანსის მოწყობა დააანონსეს, თუმცა ბაიკერები საზღვარზე არ შემოუშვეს. მათი მოწვევა რუსულ ქართული ახალგაზრდული კავშირის ინიციატივა იყო. „ღამის მგლების" დაანონსებულმა პერფომანსმა სოციალურ ქსელში მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია. Manifest-ge-ზე განთავსებულ ონლაინ პეტიციას „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში" 3800-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, აპრილში გაემიჯნა. პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" 2008 წლის 19 მარტს დაფუძნდა. ბურჯანაძის ბლოკი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კვალიფიციური სუბიექტი გახდა, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ნინო ბურჯანაძე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2010 წელს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2016 წლის არჩევნებზე ის უბლოკო სტატუსის ინიციატივით გამოვიდა, რაც კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა. MDF-ის 2016 წლის მონიტორინგის შედეგად, პარტია ძირითადად ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდა. MDF- ის კვლევის "ანტიდასავლური პროპაგანდა” თანახმად, ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" ნატოში ინტეგრაციის საპირწონედ უბლოკო სტატუსისა და ნეიტრალიტეტის იდეას ამკვიდრებდა. 


მოამზადა დალი ქურდაძემ
სოფო კირთაძის კარიკატურა